ხაჯინბა: აფხაზეთი რუსეთის ნაწილი არ გახდება, ბევრი სახელმწიფო უღიარებლად არსებობს…
საქართველო თუ არ გვაღიარებს ეს ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, – აღნიშნული განცხადება უცხოურ მედიასთან ინტერვიუში დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა რაულ ხაჯიმბამ გააკეთა. “საქართველო თუ არ გვაღიარებს, ჩვენთვის ეს თავის ტკივილი ნამდვილად არ არის. არ გვაღიარებს და ნუ გვაღიარებს, რა ვქნათ… ბევრი სახელმწიფო უღიარებლად არსებობს, ამაში საშიშს ვერაფერს ვხედავ. ამჟამად საქართველოსთან მოლაპარაკების პროცესი მხოლოდ ჟენევის ფორმატში მიმდინარეობს, მაგრამ მისი გაფართოებისათვის აუცილებელია საქართველომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს და ხელი მოაწეროს დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის თაობაზე. აი, ამის შემდეგ ორმხრივი დიალოგი უკვე შესაძლებელი იქნება”, – აცხადებს ხაჯინბა. მისივე თქმით, აფხაზეთი რუსეთის ნაწილი არასდროს გახდება.
“აფხაზეთი რუსეთის ნაწილი არ გახდება. რუსეთი სწორედ იმითაა დაინტერესებული, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს. არავითარი სხვა მიდგომა არ არსებობს”, – აცხადებს დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი.