პოლონელი პარტიზანების ქართველი მეთაური, რომელმაც საკონცენტრაციო ბანაკებიდან სხვა ქართველები გაათავისუფლა

ვალერიან თევზაძემ 1914 წელს დაამთავრა თბილისის სამხედრო სასწავლებელი. პირველი მსოფლიო ომის დროს კაპიტნის ჩინით მსახურობდა რუსეთის არმიის კავკასიის მსროლელთა მე-8 პოლკში, სადაც ქართველ ჯარისკაცთა შორის წერა–კითხვის გავრცელებას უწყობდა ხელს. 1917 წლის დეკემბერში თბილისში დაბრუნდა. 1918-1921 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს არმიის რიგებში იყო. მონაწილეობდა ოსმალეთთან, სომხეთთან, დენიკინელთა, მესხეთის აჯანყებულ მაჰმადიანთა და საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლებში. 1918 წელს მიიღო პოდპოლკოვნიკის წოდება. დანიშნული იყო საქართველოს გენერალური შტაბის საჯარისო წესდებებისა და ინსტრუქციების შემმუშავებელი კომისიის მდივნად, რომელსაც თავმჯდომარეობდა გენერალი ილია ოდიშელიძე. ასრულებდა საიდუმლო სამხედრო მისიებს ოკუპირებულ აჭარასა და სოჭის ოლქში.

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ვალერიან თევზაძე სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო – ჯერ თურქეთსა და გერმანიაში იყო, შემდეგ კი – პოლონეთში. იმედი ჰქონდა, რომ ბოლშევიკები მალე დამარცხდებოდნენ და საქართველოში დაბრუნდებოდა, სამწუხაროდ სამშობლოში დაბრუნება აღარ ეწერა.

“ჩემი იმედი, რომ ბოლშევიკთა მმართველობა რუსეთში დიდხანს არ გასტანდა, უსაფუძვლო აღმოჩნდა. რუსეთის ხალხი, მიჩვეული მონობას, ჯერ მონღოლებისას და მერე ოთხასწლოვან დესპოტურ მეფის რეჟიმს, უყოყმანოდ დაემორჩილა ბოლშევიკურ ხელისუფლებას”, – წერდა ვალერიან თევზაძე თავის მემუარებში.

ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებდა პოლონეთთან, რათა თავის უმაღლეს სამხედრო სკოლებში მიეღოთ ქართველი ოფიცრები. პოლონეთის მაშინდელმა პოლიტიკურმა და სამხედრო ხელმძღვანელმა, მარშალმა იუზეფ პილსუდსკიმ ორასამდე ქართველი სამხედრო მიიწვია, მათ შორის იყო ვალერიან თევზაძეც. სამხედრო სასწავლებლების დამთავრების შემდეგ ქართველებმა საკონტრაქტო ოფიცრებად დაიწყეს სამსახური პოლონეთის არმიაში. უნდა აღინიშნოს, რომ მათ შეინარჩუნეს საქართველოს მოქალაქეობა და ამიტომ, როგორც უცხოელები, არ იყვნენ ვალდებულნი ომის შემთხვევაში მასში მონაწილეობა მიეღოთ. მიუხედავად ამისა, ყველა ქართველმა ოფიცერმა გამოთქვა სურვილი ემსახურა პოლონეთის არმიის საფრონტო ერთეულებში.

ვალერიან თევზაძე 1923-1924 წწ. სწავლობდა პოლონეთის უმაღლეს სამხედრო სკოლაში, სადაც მოიპოვა დიპლომირებული ოფიცრის წოდება. 1928 წ. სწავლობდა სამხედრო გეოგრაფიის ინსტიტუტში. პარალელურად ასწავლიდა რემბერტოვის ქვეითთა საწვრთნელ ცენტრში. როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, მან 1920-1930-იან წლებში პოლონეთის მიერ წარმოებულ ყველა სამხედრო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა, 1939 წლის სექტემბერში ფაშისტური გერმანიის პოლონეთზე თავდასხმის დროს სარდლობდა ვარშავის დაცვის ჩრდილოეთ სექტორს და გამოჩენილი თავდადებისა და გმირობისათვის პოლონეთის უმაღლესი სამხედრო ჯილდოს – Virtuti Militari-ის ვერცხლის ჯვარი დაიმსახურა.

ერთ–ერთი ბრძოლის დროს ვალერიან თევზაძე გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს ვერმახტის ქართველი  ოფიცრების ჩარევით. პოლკოვნიკი თევზაძე “ტომაშის” (Tomasz) ფსევდონიმით შეუერთდა პოლონეთის წინააღმდეგობის მოძრაობას. 1944 წ. დაინიშნა – Armia Krajowa-ს მე-7 ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსად.

პოლონეთის დაპყრობის შემდეგ გერმანელებმა “ვოისკო პოლსკეს” ყოფილი პოლკოვნიკის თავი დიდ თანხად – 200 ათას რაიხსმარკად შეაფასეს, მაგრამ ხელში მაინც ვერ ჩაიგდეს. ვალერიან თევზაძე, რომელსაც გერმანელები მთელ პოლონეთში ეძებდნენ, გამოგონილი სახელით სრულიად ლეგალურად ცხოვრობდა იქვე, სილეზიის ერთ პატარა ქალაქში. დღისით ჩვეულებრივი მშვიდობიანი მოქალაქე ღამით მრისხანე მოწინააღმდეგედ იქცეოდა ხოლმე და ერთგული თანამებრძოლების რაზმთან ერთად მოსვენებას არ აძლევდა ფაშისტებს. პოლონელი პარტიზანების მეთაურს, რომელსაც პოლონელები “კავკასიელ არწივს” უწოდებდნენ, პოლონეთის ტერიტორიაზე არსებულ საკონცენტრაციო ბანაკებში თავისი აგენტურაც ჰყავდა, რომლის საშუალებითაც მან ტყვე ქართველებთან კონტაქტის დამყარება მოახერხა, ბანაკებიდან გაქცევაში დაეხმარა და თავის პარტიზანულ რაზმში ჩარიცხა.

1944 წლის ივლისში “არმია კრაიოვას” ხელმძღვანელობამ ურჩია ქართველ ოფიცრებს, მოსალოდნელი რეპრესიების გამო, წითელი არმიის შემოსვლისთანავე დაეტოვებინათ პოლონეთი. ვალერიან თევზაძემ პოლონეთში დარჩენა ამჯობინა და საბჭოთა რეპრესიების თავიდან ასაცილებლად შეცვლილი სახელითა და გვარით – ვალერი კრიჟიჟანოვსკი – ორმოცი წელი ცხოვრობდა და მუშაობდა პოლონეთის ქვემო სილეზიის სავოევოდოს ქალაქ ძერჟონიუვში, სადაც გარდაიცვალა კიდეც ღრმად მოხუცებული, 93 წლის ასაკში. როცა საბჭოთა არმიამ პოლონეთი დაიპყრო და იქ თავისი რეჟიმი დაამყარა, ძალოვანი სტრუქტურები ბევრს ეცადნენ, მაგრამ მის კვალს ვერ მიაგნეს. ვალერიან თევზაძემ და მისმა თანამოაზრეებმა კიდევ ერთხელ შეაფარეს თავი იატაკქვეშეთს და ანტიკომუნისტური ორგანიზაცია “მებრძოლი პოლონეთი” დააარსეს. მან არც თავისი მეუღლის ნამდვილი ვინაობა გაამხილა და სიცოცხლის ბოლომდე საკუთარ დად აცნობდა საზოგადოებას. ანდერძის თანახმად, პოლკოვნიკ თევზაძის საფლავზე მისი ნამდვილი სახელი და გვარია მითითებული და აწერია ეპიტაფია:

“როგორც ქართველი, ვისურვებდი, რომ საქართველოში ვყოფილიყავი დაკრძალული, მაგრამ ბედნიერი ვარ იმითაც, რომ დავიკრძალები გმირი და კეთილშობილი პოლონელი ერის მიწაში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები