ივანე მუხრანბატონი -„სოფლის მეურნეობის დამსახურებული მოღვაწის“ ჯილდო და დაპირისპირება ილია ჭავჭავაძესთან

ივანე მუხრანბატონი დაიბადა 1812 წლის 7 თებერვალს გენერალ, კონსტანტინე მუხრანბატონის [ბაგრატიონ-მუხრანბატონები] ოჯახში. იგი იყო ერეკლე II–ს შვილთაშვილი, ყველაზე მსხვილი მემამულე თბილისის გუბერნიაში; დედა – ხორეშან ზაალის ასული გურამიშვილი.

ახალგაზრდა ივანემ არჩევანი სამხედრო კარიერაზე შეაჩერა. სწავლა-განათლება მიიღო პეტერბურგის პაჟთა კორპუსში. 1830 წელს გახდა პრაპორშჩიკი; 1845 წელს –  პოლკოვნიკი; 1833 წელს აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში მთიელთა წინააღმდეგ, სადაც სიმამაცითა და შეუპოვრობით მიუპყრია ყურადღება. ამ დროს იგი ნიჟნი-ნოვგოროდის ლეიბ გვარდიის დრაგუნთა პოლკში ირიცხებოდა. ასევე დიდად გამოუჩენია თავი ელისუს სულთანის წინააღმდეგ ბრძოლაში 1844 წელს.

ერთი წლის შემდეგ, 1845 წელს ივანე მიამაგრეს ერევნის კორპუსის კარაბინერთა პოლკს. ამავე წელს გაემგზავრა პეტერბურგს, სადაც იმპერატორისგან ეგერმეისტრობა მიიღო.

1848 წელს ივანე მუხრანბატონი დაინიშნა ერევნის კარაბინერთა პოლკის მეთაურად. ამ დროს ის, ჯერ კიდევ პოლკოვნიკი, უკვე დაჯილდოებულია წმ. სტანისლავსკისა და წმ. ანას II ხარისხის ორდენებით და პირადად იმპერატორისგან მიიღო ხმალი წარწერით „მამაცობისთვის“.

ივანე მუხრანბატონი მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომებში. როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, 1851 წელს მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი. 1853 წლიდან იყო კავკასიის გრენადერთა სარეზერვო დივიზიის მეთაური. ყირიმის 1853–1856 წლების ომის დროს სარდლობდა ე.წ. რიონის რაზმს. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1853 წლის 19 ნოემბერს თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში სოფელ ბაშკადიკლართან. ამ წარმატებისთვის იგი დაჯილდოვდა წმ. გიორგის მესამე ხარისხის ორდენით. ეს ორდენი ივანეს სიცოცხლის ბოლომდე არ მოუშორებია, თუმცა ამაზე უფრო მეტად იგი იმ სახელით ამაყობდა, რომელიც მან ამ ბრძოლის შემდეგ მოიპოვა. მის გაბედულებაზე ჯარისკაცები სიმღერებსა და ლექსებს ქმნიდნენ.

1854 წელს ივანე მუხრანბატონი გურიაში განლაგებული სამხედრო რაზმის მეთაურად დაინიშნა; 1856 წლიდან ომის დამთავრებამდე ყირიმში მე-18 ქვეით დივიზიას ხელმძღვანელობდა; 1855 წელს „25 წლიანი სამხედრო სამსახურისთვის“ იგი წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენითაც დაუჯილდოებიათ. 1858 წელს მიენიჭა გენერალ–ლეიტენანტის ჩინი.

ბრწყინვალე სამხედრო ნიჭისა და საოცარი გაბედულების გარდა ივანე მუხრანბატონს მუდამ გამოარჩევდა ურთიერთობის განსაკუთრებული უნარი. მის მიმართ სიმპათიით იმსჭვალებოდა ყველა წრის ადამიანი. 1875 წელს მას ლივადიაში, ალექსანდრე II–ს მეფობის 25–ე წლისთავზე წარმოთქმული სიტყვით მოუხიბლავს თავად იმპერატორი და მისი მეუღლე. დიდი რეზონანსი ჰქონდა იმდროინდელ პრესასა და საზოგადოებაში მის მიერ 1888 წლის 28 სექტემბერს მთავარმართებლის სასახლეში იმპერატორის მისასალმებლად წარმოთქმულ სიტყვასაც.

ივანე მუხრანბატონს განსაკუთრებული ადგილი ეკავა საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. იგი იყო “ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” ერთ–ერთი დამფუძნებელი (1879); 1882–1885 წლებში საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე; პირველი ქართული საზოგადოებრივი ბიბლიოთეკის –  “ტფილისის კერძო ბიბლიოთეკის” წევრი; წლების მანძილზე იბრძოდა საქართველოში უწიგნურობის აღმოსაფხვრელად. მას კარგად ჰქონდა გათავისებული განათლების მნიშვნელობა და სკოლების დაარსებისთვის ძალ-ღონეს არ იშურებდა. ივანე მუხრანბატონი ქართული უნივერსიტეტისა და ოფიციალური გაზეთების დამფუძნებლადაც გვევლინება.

1836 წელს ივანემ იქორწინა სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის, დავით დადიანის დაზე, ნინო ლევან V–ის ასულ დადიანზე (1816–1886). მათ შეეძინათ ვაჟი – კონსტანტინე (კოტე) ბაგრატიონ–მუხრანსკი (1838–1903).

1881 წლიდან, სამხედრო სამსახურიდან გადადგომის შემდეგ, გენერალი არჩეულ იქნა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა მეცხრე წინამძღოლად (მარშლად).

ცნობილია მისი კონფლიქტი ილია ჭავჭავაძესთან, რომელიც ბატონყმობის გადავარდნის დროს ერთ–ერთ კრებაზე მოხდა: ილია გლეხთა მიწით გათავისუფლების მომხრე იყო, ივანე მუხრანბატონი კი უმიწოდ გათავისუფლებას უჭერდა მხარს. მისი სიტყვები “გლეხთათვის მამულის მიცემაზედ არავინ თანხმდება, გარდა ზოგიერთი კაცუნისაო”, ილიამ პირად შეურაცხყოფად მიიღო და შეუტია – “დაასახელეთ ეს კაცუნებიო”, რის შემდეგაც მუხრანბატონმა ილიას ბოდიში მოუხადა.

ივანე მუხრანბატონი ფლობდა 25 ათას დესეტინა მიწას. მას ერთ-ერთი პირველი ადგილი ეკავა რაციონალიზატორ მემამულეთა შორის და დიდ წარმატებას მიაღწია მეურნეობის კაპიტალისტურად გარდაქმნის საქმეში. სოფლის მეურნეობით იგი განსაკუთრებით 1875 წელს საფრანგეთში მოგზაურობის შემდეგ დაინტერესდა. აქ მან მოიარა ბორდოსა და შამპანის რეგიონები, სადაც ღვინის წარმოება ხელოვნების დონეზე იყო აყვანილი და სამშობლოში დაბრუნებულმა გადაწყვიტა წინაპრების დატოვებულ მუხრანის მამულში დაეყენებინა საუკეთესო ქართული ღვინო.

1876 წელს მუხრანბატონმა საფრანგეთიდან მოიწვია მეღვინეობის სპეციალისტები. მან შესანიშნავი ვენახები გააშენა, დაიხმარა ცნობილი ქართველი მეღვინე ზ. ჯორჯაძე და მუხრანში ააგო დაახლოებით 1 მლნ. 200 ათ. ლიტრი ტევადობის ქარხანა, სადაც ღვინოს ევროპული წესით აყენებდა.

1882 წელს ივანე მუხრანბატონის ღვინომ მოსკოვის გამოფენაზე მოიპოვა უმაღლესი ჯილდო – სახელმწიფო გერბი; იმავე წელს ოქროს მედალი მიიღო ოდესის სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე; მუხრანულმა ღვინოებმა დიდი მოწონება დაიმსახურეს 1884 წელს იალტაში სოფლის მეურნეობის გამოფენაზე, განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა 1884 წელს წარმოებულმა „მუხრანი №5“-მა.

მუხრანის ცქრიალა ღვინო ისეთი მაღალი ხარისხისა იყო, რომ 1889 წელს პარიზში გამართულ Exposition Universelle Internationale–ზე ოქროს მედალი დაიმსახურა. ხოლო 1892 წლის მოსკოვის გამოფენაზე სახელმწიფო ჯილდო მოიპოვა. 1898 წელი უბადლო მიღწევების წლად იქცა – მუხრანის ღვინომ უმაღლესი ჯილდო მიიღო პარიზში, თავად მუხრანბატონს კი საფრანგეთის მთავრობამ „სოფლის მეურნეობის დამსახურებული მოღვაწის“ („Officier du mérite agricole’’) უმაღლესი ჯილდო უბოძა.

ივანე მუხრანბატონი იყო პირველი, ვინც დაამტკიცა, რომ ქართულ ღვინოს მსოფლიოში აღიარებულ ღვინოებს შორის თავისი კუთვნილი ადგილი გააჩნია. ადგილობრივი და შემოტანილი ყურძნის ჯიშების შერწყმით მან დაამზადა უმაღლესი ხარისხის ღვინოები, რამაც ექსპერტთა უმკაცრესი მოთხოვნები და ნამდვილი ღვინის მოყვარულთა დახვეწილი გემოვნება დააკმაყოფილა.

მუხრანის ღვინოების შესანიშნავმა რეპუტაციამ ქართულ ვენახებს საქვეყნოდ გაუთქვა სახელი. საკმაოდ მაღალი ფასის მიუხედავად, მუხრანის ღვინოზე მოთხოვნა მუდმივად იზრდებოდა და წარმატებით იყიდებოდა სანკტ-პეტერბურგისა და მოსკოვის ბაზრებზე, ასევე ვარშავასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პარიზში, ვენასა და ისეთ შორეულ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები.

ივანე მუხრანბატონს საწარმოს შემდგომი გრანდიოზული გაფართოება ჰქონდა დაგეგმილი, როდესაც 1895 წლის 11 მარტს, 85 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა საკუთარ მამულში. იგი მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს, ბაგრატიონთა სამეფოს სახლის საგვარეულო განსასვენებელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები