ვატო შაქარიშვილი: ნატო უდრის ომს და ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ეს არის მკაფიო წითელი ხაზი იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები
რა უსაფრთხოების გარანტიაა დღეს NATO? პირიქით – NATO უდრის ომს და ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ეს არის მკაფიო წითელი ხაზი იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.
მისივე თქმით, იმგვარი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად, რაც უკრაინამ „ნატო-სკენ ეფემერულ მისწრაფებაში“ გაიღო, საქართველოს საგარეო პრიორიტეტები უნდა იყოს ადეკვატური ახალ მსოფლიო რეალობასთან.
„ფაქტები იაფფასიანი ლოზუნგების ნაცვლად – თქვენ ნატო ახსენეთ და აქ ისმის ძალიან მარტივი კითხვა – ვისი უსაფრთხოება უზრუნველყო ნატო-მ? რა უსაფრთხოების გარანტიაა დღეს ნატო? პირიქით – ნატო უდრის ომს და ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ეს არის მკაფიო წითელი ხაზი იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები.
უკრაინა არის ამის ნათელი მაგალითი. ნატო-ს ყველა წევრი ქვეყანა იბრძვის დღეს რუსეთის წინააღმდეგ, ნატო-სკენ ამ ეფემერულ მისწრაფებაში უკრაინამ დაკარგა მილიონზე მეტი ადამიანი, ათეულობით მილიონი ადამიანი გახდა იძულებით გადაადგილებული დევნილი, თავიდან ბოლომდე ჩამოიქცა ქვეყნის ეკონომია, სახელმწიფოებრიობას კარგავს და უბრუნდება იმ წერტილს, რა წერტილშიც შეეძლო ამხელა მსხვერპლის გარეშე ყოფილიყო 2022 წელს. ჩვენ არ გვინდა, რომ ამ მსხვერპლის ხარჯზე მივიდეთ ნეიტრალიტეტამდე, არამედ ჩვენი საგარეო პრიორიტეტები იყოს ადეკვატური ახალ მსოფლიო რეალობასთან“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.