საუკუნის აფერა – სად გაქრა საბჭოთა „პარტიის ოქრო“?

ოფიციალური მონაცემების თანახმად, 1991 წელს სახელმწიფო ბანკის საცავებში დათვლისას 11 მილიარდი აშშ დოლარი მიაკლდათ . უკეთესი მდგომარეობა არც ოქროს მარაგში გახლდათ, საიდანაც 2400 ტონა ძვირფასი ლითონი „აორთქლდა“. ამ რიცხვმა რევიზორები შოკში ჩააგდო, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი კიდევ უფრო უარესად იყო. 
1985 წლის მდგომარეობით, სსრკ-ს ფონდში 2400 ტონა ოქრო ინახებოდა. მხოლოდ 6 წელი დასჭირდა იმას, რომ ის უკვალოდ გამქრალიყო ქვეყანაში ყველაზე დაცული ობიექტიდან. დაკარგულის მოძებნა ვერ შეძლო ვერც სახელმწიფო სპეცსამსახურებმა, ვერც ყველაზე ავტორიტეტულმა დეტექტივებმა.
ოქროს გაუჩინარებას თან ახლდა უცნაური სიკვდილიანობაც. პირველი მსხვერპლი იყო ნიკოლაი კრუჩინი, ცკ-ს სკკპ-ს საქმეთა მმართველი, რომელიც მისივე სახლის ფანჯრების ქვეშ იპოვეს. ეს ადამიანი უშუალო პასუხისმგებელი იყო სკკს-ს შენატანებზე უცხოურ ბანკებში. შემდეგ სიცოცხლეს გამოესალმა გეორგი პავლოვი, რომელიც კრუჩინამდე იკავებდა ამ თანამდებობას. ისიც ფანჯრიდან გადმოვარდა, რაც ძალიან უცნაური დამთხვევა იყო.
არანაირი ეჭვი არ დარჩა მას შემდეგ, რაც იმავე წელს დაიღუპა დმიტრი ლისოვოლიკი – ცკ-ს სკკპ-ს აშშ-ის სექტორის ხელმძღვანელი და პირი, რომელსაც ინფორმაცია ჰქონდა „პარტიის ოქროს“ შესახებ. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ისიც ფანჯრიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა. გამოძიებამ აჩვენა, რომ სიკვდილის მიზეზი სამივე შემთხვევაში თვითმკვლელობა იყო. ეს საიდუმლო აგრძელებდა იმ ადამიანების სიკვდილს, რომელთაც კავშირი ჰქონდათ ოქროსთან. მოგვიანებით ვიღაც დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ვიღაც – ქუჩაში თავდასხმის შედეგად, ხოლო ვიღაც წამების შედეგად მოკლეს.
ნებისმიერს, ვისაც სკკპ-ს ოქროს შესახებ გაეგო, საკმაოდ ლოგიკური კითხვა უჩნდებოდა – საიდან გაჩნდა 11 მილიარდი დოლარი და 2400 ტონა ოქრო? პირველ რიგში, ფულის კარგი ნაკადი პარტიულ შენატანებს მოჰქონდა, რომელთაც რეგულარულად იხდიდნენ პარტიის წევრები. 1985 წელს სსრკ-ში მათი რაოდენობა, დაახლოებით, 20 მილიონი იყო. თანხის ნაწილი მიდიოდა ხელფასების გაცემაზე, ხოლო დანარჩენი ანგარიშებზე რჩებოდა. ფულის კიდევ ერთი წყარო გახლდათ მსოფლიო ფონდი, რომელიც ნებაყოფლობით-იძულებით ივსებოდა ცალკეული პირებისგან. დამატებითი შემოსავალი მოჰქონდა თემატური პარტიული ლიტერატურის გაყიდვას, რომელსაც ყველას სთავაზობდნენ, თანაც არამხოლოდ სსრკ-ში. აღსანიშნავია, რომ ამ „ქვაბში“ „იხარშებოდა“ გადასახადებიც, რომელთაც იმ დროს იხდიდა მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიები.
ძვირფასეულობის პოვნის წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა რსფსრ-ის ვიცე-პრემიერს, ეგორ გაიდარს. პოლიტიკოსმა გამოძიებისთვის დაიქირავა დეტექტიური სააგენტო Kroll – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ეფექტური კომპანია, რომელიც დაკარგული ძვირფასეულობის ძებნით იყო დაკავებული. ამერიკელებმა იმ დროისთვის სოლიდური ანაზღაურება მიიღეს – 500 ათასი რუბლი და საქმეს შეუდგნენ.
გამომძიებლებმა გლობალურ შედეგს ვერ მიაღწიეს, მათ მხოლოდ მოპარვის მცირე ეპიზოდების დამტკიცება შეძლეს. გამოძიების გასაგრძელებლად სააგენტომ კიდევ 500 ათასი რუბლი მოითხოვა, მაგრამ მათ უარი უთხრეს და გამოძიება ამით დასრულდა. დღესდღეობით, არსებობს ორი ძირითადი ვერსია, სად გაქრა საბჭოთა მილიარდები. ექსპერტთან უმრავლესობა თვლის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამდე მთელი ფული და ოქრო უცხოურ ბანკებში გადაიტანეს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში სსრკ-ს პარტნიორი ბანკები იყვნენ. ამ შემთხვევაში, ძალიან მასშტაბური ოპერაცია იქნებოდა ჩატარებული ასობით ტონა ოქროს საზღვარგარეთ გატანისთვის, რომელიც ნამდვილი პროფესიონალების ჩარევით მოხდებოდა.
მეორე ვარიანტია ის, რომ ფული არსად გადაუტანიათ და ოქროს ქვეყანა არ დაუტოვებია. ყველაფერი დარჩა ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე, მაგრამ მოხერხებული ადამიანების ჯიბეებში გაიფანტა, რომელთაც ადრე მაღალი პარტიული თანამდებობები ეკავათ. ბევრს ახსოვს მილიონერები ყოფილ პარტიულ ხელმძღვანელებს შორის, რომლებიც 90-იან წლებში სოკოებივით ჩნდებოდნენ, თანხას ბიზნესში აბანდებდნენ და ყიდულობდნენ ქარხნებს, ფაბრიკებსა თუ სხვადასხვა ნედლეულის საბადოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები