გამოსვლა პიკადილიზე – როგორ ჩატარდა ყველაზე ფერადი საახალწლო აღლუმი ლონდონში
1-ელ იანვარს ლონდონის ცენტრში უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში პირველი სრულფასოვანი საახალწლო აღლუმი გაიმართა. ეს მსვლელობა რეგულარულად იმართება 1987 წლიდან. ამჯერად მასში 8000-ზე მეტმა შემსრულებელმა მიიღო მონაწილეობა. მარშრუტის გასწვრივ 500 000-ზე მეტი მაყურებელი იდგა. 2021 წელს ტრადიციული ღონისძიება Covid-19-ის პანდემიის გამო გაუქმდა.
ლონდონის მერმა განაცხადა, რომ ახალი წლის აღსანიშნავად ლონდონზე უკეთესი ადგილი არ არსებობს. გასულ წელს აღლუმი დროებით ღია არენაზე გაიმართა, სადაც შესვლა მხოლოდ ბილეთებით იყო შესაძლებელი. მაყურებელთა საერთო რაოდენობა მხოლოდ 600 კაცი გახლდათ. ეს გამოწვეული იყო პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით.
წელს მსვლელობამ ლონდონის მთელი ცენტრი მოიცვა. მარშრუტი დაიწყო პიკადილის ქუჩაზე, რომლის გასწვრივ მონაწილეებმა მიაღწიეს პიკადილის მოედანს და რეჯენტ-სტრიტისა და სენტ ჯეიმსის გვერდის ავლით, დაასრულეს მსვლელობა ვესტმინსტერში.
ძნელი სათქმელი იყო, ვინ უფრო მხიარულობდა: მონაწილეები თუ მაყურებელი.
აღლუმის დირექტორმა, ჯო ბოუნმა თქვა, რომ წლევანდელი ზეიმი ხელს შეუწყობს ყველა იმ ადამიანის განწყობის ამაღლებას, ვინც დაზარალდა ცხოვრების ხარჯების გაზრდით.
„დღეს ჩვენ ყველა ერთად ვართ, აღლუმზე დასწრება ყველა ლონდონელს შეუძლია, ხოლო ტელევიზორში ნახვა – მთელ მსოფლიოს. ეს არის ჩვენი საჩუქარი ლონდონისთვის“, – დასძინა ბოუნმა.
“ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენთან მოდიოდნენ შემსრულებლები მთელი მსოფლიოდან. ეს არის ბრწყინვალე შესაძლებლობა, ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, როგორები ვართ, ხელი დავუქნიოთ და ვუთხრათ – ჩამოდით!”