პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 45-ე წლისთავს ულოცავს.
“დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წლისთავს აღვნიშნავთ.
მე წარმოვადგენ იმ თაობას, რომლის ასაკიც ემთხვევა უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის პატრიარქობის პერიოდს. ჩემს ცხოვრებაში, ისევე როგორც ჩემი თაობის წარმომადგენლების ცხოვრებაში, არ ყოფილა წამი, წუთი და დღე, როდესაც ჩვენი პატრიარქი არ იყო ჩვენი ცხოვრების ნაწილი.
ამავე დროს, წარმოვადგენ იმ თაობას, რომელმაც გამოიარა ეკონომიკური კეთილდღეობაც და სიდუხჭირეც, საზოგადოების ერთიანობაც და გახლეჩაც, მშვიდობაც და ომიც. და არ ყოფილა წამი, წუთი და დღე, როდესაც პატრიარქი არ იყო ჩვენი თანაზიარი ჭირსა თუ ლხინში. არ ყოფილა ეროვნული მნიშვნელობის საკითხი, რომელზეც მას ქვეყნის მომავლის წინაშე პასუხისმგებლობით გაჯერებული რჩევა არ გაეზიარებინოს. არ ყოფილა ადამიანი, რომელსაც სჭირდებოდა მისი ნუგეში და არ მიეღოს.
ისტორიულია მისი როლი ქართველი ერის სულიერებისკენ შემობრუნებაში და განმტკიცებაში. აღსაყდრებისას მან ჩაიბარა ქართული ეკლესია 15 ეპარქიაში მოქმედი 30 ტაძრით, სადაც რამდენიმე ათეული ეპისკოპოსი და ბერ-მონაზონი მსახურებას აღავლენდა და აქცია ის 46 ეპარქიად, 2000 მოქმედ ტაძრად, 3000 ბერ-მონაზვნად და ერის და ქვეყნის სულიერ საყრდენად.
თუმცა, ყველაზე გამორჩეულია უწმინდესის პირადი მაგალითი ადამიანის უპირობო სიყვარულისა, “რადგანაც ღმერთი სიყვარულია”. ამ სიყვარულის დამსახურებაა ის სითბო და განსაკუთრებული პატივისცემა, რომელიც მის მიმართ აქვს ჩვენს ერს და ყველას, ვისაც მასთან ურთიერთობის შესაძლებლობა ჰქონია.
ვულოცავ მის უწმინდესობას, კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრების 45-ე წლისთავს. ვუსურვებ მხნეობას და დღეგრძელობას კიდევ მრავალი წელი ჩვენი ეკლესიის და ერის სულიერი წინამძღოლობისთვის”,- წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
კომენტარები
კომენტარი