ნინო ლაცაბიძე: ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც გვაქვს, მსხვერპლი არ არის, რამდენიმე ადამიანი არის მსუბუქად დაშავებული – ადგილი, რომელიც ჩამოინგრა, ყველაზე მეტად იყო დაზიანებული
რუსთავში, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე მივიდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილი, რომელიც ჩამოინგრა, ყველაზე მეტად იყო დაზიანებული.
მისი თქმით, ამ დროისთვის კორპუსი უსაფრთხოების მიზნით სრულად დაცლილია.
„ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც გვაქვს, მსხვერპლი არ არის. რამდენიმე ადამიანი არის მსუბუქად დაშავებული. ის ადგილი, რომელიც ჩამოინგრა, ყველაზე მეტად იყო დაზიანებული. იმ ადგილიდან სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე გაყვანილი იყო ოჯახი მუნიციპალიტეტის მიერ ქირით. ამ კორპუსის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა. კორპუსში რამდენიმე ათეული ადამიანი ცხოვრობს. ახლა სრულად დაცლილია კორპუსი უსაფრთხოებიდან გამომდინარე და მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს მათ სასტუმროში გადაყვანას“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.