ვირჯინია აპგარი – პროფესორი, რომლის შექმნილმა სისტემამ მილიონობით ბავშვი გადაარჩინა

„აპგარის სკალის“  არსებობის შესახებ ყველა ქალმა იცის, რომელსაც სამშობიარო სახლში მოუვლენია ქვეყნად ახალი სიცოცხლე. მსოფლიოში ამ სკალის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვილის წონასა და სიმაღლესთან ერთად. ეს ორი ციფრი ახალშობილის მდგომარეობას აღწერს დაბადების პირველ და მეხუთე წუთზე. იმ შემთხვევაში, თუ ეს მაჩვენებელი 7-ზე მაღალია, მაშინ ყველაფერი რიგზეა, ხოლო თუ ნაკლებია, მაშინ არსებობს სერიოზული მიზეზი შფოთვისა და მედიკოსების საქმეში ჩარევისთვის. ვინ შეიმუშავა სისტემა, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ბავშვის სიცოცხლეს გადაარჩენს?

აპგარის სკალა ვირჯინია აპგარის, შესანიშნავი ქალის ქმნილებაა, რომელიც გენიალური მედიკოსი, თავგამოდებული პიროვნება და არაჩვეულებრივი მუსიკოსი იყო. ძნელი სათქმელია, თუ რა არ ეხერხებოდა ამ ადამიანს – ვირჯინია წარმატებას ყველა საქმეში აღწევდა, რომელსაც ეკიდებოდა.

ვირჯინია აპგარი 1900 წლის 7 ივლისს დაიბადა აშშ-ში, შტატ ნიუ-ჯერსის პატარა ქალაქ უესტფილდში. ის მესამე, ყველაზე უმცროსი შვილი იყო თავის ღარიბ ოჯახში. მიუხედავად ფულის მუდმივი უკმარისობისა, გოგონას მამა სერიოზულად იყო დაკავებული მეცნიერებით და შემოქმედებით – სახლის ქვეშ, სარდაფში მან სახელოსნო და ქიმიური ლაბორატორია მოაწყო, ხოლო სხვენში – ხელნაკეთი ტელესკოპი.

ამ ოჯახის რთული ფინანსური ცხოვრება კიდევ იმით მძიმდებოდა, რომ ვირჯინიას ორივე უფროსი ძმა მძიმედ იყო დაავადებული. სულ უფროსი მაშინ განუკურნებელი ტუბერკულოზისგან იტანჯებოდა და გარდაიცვალა, რაც გოგონასთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა. მაშინ ვირჯინიამ მტკიცედ გადაწყვიტა, რომ თვის ცხოვრებას ადამიანის სიცოცხლეების გადარჩენას მიუძღვნიდა.

სამედიცინო უნივერსიტეტში ფულის გარეშე მოხვედრა სულაც არ იყო ადვილი, ამიტომ სკოლის შემდეგ ვირჯინიამ კოლეჯში „ზოოლოგიის“  სპეციალობით განაგრძო სწავლა. მას ძალიან გამოადგა ვიოლინოზე დაკვრის გამოცდილება, ვინაიდან ნიჭიერ ახალგაზრდებს სტიპენდია ეკუთვნოდათ. მისი დახმარებით, აპგარმა შეძლო სწავლის საფასურის გადახდა და საკუთარი თავის უზრუნველყოფა. სწავლის დროს გოგონა იძულებული იყო, გამუდმებით დამატებითი სამსახური ეპოვა და ყველაზე არასასიამოვნო პროფესიებს ჰკიდებდა ხელს.

 

1929 წელს, დიდი დეპრესიის დაწყებამდე, ვირჯინიამ თავისი ოცნება აისრულა და კოლუმბიის საუნივერსიტეტო კოლეჯში ჩააბარა თერაპიისა და ქირურგიის განხრით. შემდეგ კრიზისმა ის სამუშაოს და სახსრების გარეშე დატოვა. თავის გასატანად აპგარმა ფული ახლობლისგან ისესხა, შემდეგ კიდევ რამდენჯერმე სხვადასხვა ადამიანისგან აიღო ვალი. კოლეჯის დასრულებისას გოგონას 4 000 დოლარის ოდენობის ვალი ჰქონდა – იმ დროისთვის ძალიან დიდი თანხა.

ვირჯინიას პირველი სამუშაო ადგილი გახდა საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილება, სადაც ის ექიმ-ინტერნად აიყვანეს. მიუხედავად არაჩვეულებრივი სამსახურისა, ამ ადგილზე კარიერის განვითარების შანსი ახალგაზრდა ქალბატონს არ ჰქონდა  – ქირურგია მაშინ მამაკაცის სპეციალობა იყო. ამიტომ, აპგარი, რომელიც იძულებული იყო, ვალები გადაეხადა, დათანხმდა მთავარი ქირურგის შემოთავაზებას და ანესთეზიოლოგიაში გადავიდა.

ვირჯინია იძულებული იყო, ანესთეზეოლოგია თითქმის ნულიდან განევითრებინა – მედიცინის ეს დარგი აშშ-ში ძალიან დაბალ დონეზე იყო და ამას მედდებს აბარებდნენ ხოლმე. ქვეყანაში არ იყვნენ ექსპერტები და ღირსეული მასწავლებლები, არც წიგნები არსებობდა ანესთეზიოლოგიის შესახებ, ამიტომ აპგარს სირთულეები არ აკლდა.

ქალი მიჩვეული იყო მხოლოდ დადებითი შედეგების  მიღებას და თავისას 1938 წელს მიაღწია. ვირჯინია აპგარი ანესთეზიოლოგიის განყოფილების უფროსი გახდა, სადაც ის ერთადერთი თანამშრომელი იყო. კიდევ 9 წელი დასჭირდა მიზანდასახულ ამერიკელს, რათა პირველი ქალი პროფესორი გამხდარიყო კოლუმბიის საუნივერსიტეტო კოლეჯში. 1940 წელს აპგარმა მშობიარეთა და ახალშობილთა მდგომარეობაზე ანესთეზიის ზეგავლენის შესწავლა დაიწყო – იმ წლებში ეს ძალიან პოპულარული საკითხი გახლდათ. როგორც მოსალოდნელი იყო, ვირჯინია აპგარი თავის ცნობისმოყვარე კოლეგებზე უფრო ღრმად ჩაეფლო საკითხში და შეიმუშავა საკუთარი სისტემა, რომელიც ბავშვზე ანესთეზიის ზეგავლენას ზომავდა. აპგარის ჩვილის მდგომარეობის შესაფასებელი სკალა პირველად 1952 წელს წარადგინეს ანესთეზიოლოგთა კონგრესზე.

სიცოცხლის პირველ წუთებში ბავშვის ჯანმრთელობის შეფასების ხუთი ძირითადი კრიტერიუმი ვირჯინიამ  მისი გვარის პირველი ასოებით დაასათაურა:

Appearance — კანის შეფერილობა;

Pulse — გულისცემის რითმის სიხშირე;

Grimace — მიმიკური რეაქციები გამღიზიანებელზე;

Activity — კუნთების ტონუსი;

Respiration — სუნთქვა.

ყველა პუნქტი მაქსიმუმ 2 ქულად ფასდებოდა. აქედან გამომდინარე, 10 – ყველაზე კარგი მაჩვენებელი იყო. ჩვილების მდგომარეობა კონტროლდება დაბადებიდან 1-ელ და მე-5 წუთზე, ამიტომ დედას ყოველთვის ორ ციფრს უსახელებენ. ნიშანი 7 – ეს მშვენიერია, ხოლო 3 კრიტიკულ მდგომარეობას შეესაბამება, რა დროსაც სასწრაფო რეანიმაციული ღონისძიებებია საჭირო.

აშშ-ში მარტივი, მაგრამ ეფექტური აპგარის სკალის შემოღების შემდეგ ჩვილთა სიკვდილიანობა მკვეთრად შემცირდა. ახლა მედიკოსებმა ზუსტად იცოდნენ, რომელ ახალშობილს სჭირდებოდა გადაუდებელი დახმარება და რომელიც იყო ძალიან კარგად. თუმცა, აპგარი არ გაჩერებულა მიღწეულზე – ის კვლავ წავიდა სასწავლებლად და დამატებითი განათლება მიიღო.

პარალელურად, აპგარი ეხებოდა წითურას საწინააღმდეგო ვაქცინაციის პრობლემებს. ეს ინფექციური დაავადება – არც თუ ისე საშიში მოზრდილებისთვის – სასიკვდილოა ბავშვებისთვის და, უფრო მეტიც, შეიძლება გამოიწვიოს პათოლოგიები ნაყოფში, თუ პაციენტი ორსულია. მილიონობით დედისა და ბავშვისთვის მნიშვნელოვანი საკითხებით დაკავებული  ვირჯინია თავად არასდროს დაქორწინებულა და შვილები არ ჰყოლია. თავისუფალ დროს თავის გატაცებებს უთმობდა, რომელთა შორის პირველ ადგილზე ვიოლინო იყო.

50 წლის ასაკში ვირჯინიამ თვითმფრინავის ტარება ისწავლა  და გაბედულად ასწია ჰაერში მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი. როდესაც პროფესორს იშვიათად, მაგრამ შვებულება ჰქონდა, ის მიდიოდა ავსტრალიის ნაპირებზე ან შოტლანდიაში სათევზაოდ. ხანაც გოლფის კლუბებში ატარებდა დროს. ეს საოცარი ქალი ასევე აგროვებდა საფოსტო მარკებს, იყო შესანიშნავი მებაღე და მძლავრი მანქანის მამაცი მძღოლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები