ვინ იყო გივი ზალდასტანიშვილი, ვის სახელსაც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სკოლა ატარებს

გივი ზალდასტანიშვილი 1919 წლის 1-ელ ნოემბერს დაიბადა თბილისში. სოლომონ ზალდასტანიშვილისა და მარიამ ხირსელის ოჯახში. 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ ჯერ სოლომონი – “აჯანყების სამხედრო საქმეთა მომწესრიგებელი პოლკოვნიკი” წავიდა ემიგრაციაში. სულ მალე კი მარიამიც შეუერთდა ბავშვებთან – გივისა და ოთართან ერთად.

პარიზში ზალდასტანიშვილები ბავშვებს მართლმადიდებლური წესით ზრდიდნენ და ყოველნაირად ცდილობდნენ, რომ ქართული ენა და ცნობიერება არ დაეკარგათ.

გივი მშობლებმა განათლების მისაღებად ფრანგულ სკოლაში შეიყვანეს. 1939 წელს ის საფრანგეთის საზღვაო ძალებში ჩაეწერა. II მსოფლიო ომის დაწყების დღიდან მონაწილეობდა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლებში.

1942 წ. შეიქმნა პარიზის ქართველი ახალგაზრდების ასოციაცია, რომლის პრეზიდენტიც 1942-46 წწ–ში გივი ზალდასტანიშვილია. ასოციაციის მიზანი იყო ქართული კულტურის, ენის, ისტორიის წარმოჩენა, ემიგრაციაში მყოფი ქართველების საქმიანი, შემოქმედებითი თუ პროფესიული უნარ–ჩვევების ხელშეწყობა.

1942 წელს გივი ზალდასტანიშვილი გამოდის საფრანგეთის საზღვაო–სამხედრო ძალებიდან და სწავლას პარიზში პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში იწყებს. პარალელურად 1944 წ. წარმატებით დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 1945 წ. კი ამავე უნივერსიტეტის იურისპუდენციის ასპირანტურა. დიპლომის მიღებისთანავე ადვოკატობა დაიწყო.

1946 წელს ოთარ ზალდასტანიშვილი აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად და რამდენიმე თვეში ჰარვარდის სტუდენტი გახდა. როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, მისი დაჟინებული თხოვნით, 1947 წლის დასაწყისში გივი და დედაც ამერიკაში გადავიდნენ. ინგლისურ ენასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, გივიმ შეძლო ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაბარება. 1951 წ. მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი, თუმცა ჰარვარდთან საქმიანი ურთიერთობა არ გაუწყვეტია. წლების განმავლობაში იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის მმართველობის წევრი.

თავიდან გივი ზალდასტანიშვილმა “ბიზნეს შესძლებლობები” საცალო–სავაჭრო ფირმა “Federated Department Stores”-ში სცადა, სადაც 1951 წ. დაიწყო მუშაობა ჯერ უბრალო მუშად, შემდეგ კი – შესყიდვების განყოფილების მენეჯერად. 1962-80 წწ–ში იყო ბოსტონში ავეჯით მოვაჭრე მაღაზია “The Finishing Touch” მფლობელი და პრეზიდენტი. 1980 წლიდან იყო ბოსტონში მარკეტინგული ფირმის “Zaldastani Consulting, Inc.”-ის პრეზიდენტი. 1976 წლიდან ხელმძღვანელობს საინჟინრო–საკონსულტაციო ფირმას “Zaldastani Assiociates”. დაუღალავი შრომის შედეგად გივი ზალდასტანიშვილმა დააგროვა კაპიტალი, შეიძინა სოლიდური საცხოვრებელი სახლები ამერიკასა და საფრანგეთში, პატარა კუნძული კარიბის ზღვაში, სადაც ააშენა სასტუმროები.

გივი ზალდასტანიშვილი საქართველოში 62-წლიანი განშორების შემდეგ, 1986 წელს დაბრუნდა. 1988 წელს კი მეორედ, მეუღლესთან, მიშლენ დე’ბიევასთან ერთად ესტუმრა სამშობლოს. ამის შემდეგ მისი ვიზიტები სულ უფრო ხშირი გახდა. გივი ზალდასტანიშვილის უმთავრესი ოცნება ეკონომიკის სფეროში საქართველო–ამერიკის ურთიერთობის დამყარება იყო, რაც 90-იანი წლებიდან მისი საქმიანობის უპირველეს მიზნად იქცა… თუმცა, მის წამოწყებას ბევრი, მისთვის გაურკვეველი და აუხსნელი წინააღმდეგობა მოჰყვა, რის გამოც ვერ განხორციელდა მაღალი დონის ბიზნეს პროექტები, რომლებიც ითვალისწინებდა საქართველოში მეცხოველეობის ფერმების დიდი ქსელის დაარსებას, წამლებისა და მედიკამენტების ქარხნის აშენებას და სხვა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად, ძმებმა ზალდასტანიშვილებმა, ჯონ მალხაზ და ოთარ შალიკაშვილებთან ერთად, დააარსეს საზოგადოება “Georgian coaster departament”.

გივი ზალდასტანიშვილი, დაძაბული გრაფიკის მიუხედავად, არასდროს ჩამოშორებია საზოგადოებრივ საქმიანობას. ამერიკაში ჩასვლისთანავე დაიწყო ურთიერთობა აშშ ქართველი ახალგაზრდობის ასოციაციასთან, რომლის პრეზიდენტიც 1966 თავადვე გახდა. აქტიურად მონაწილეობდა რადიოსადგურ “ამერიკის ხმის” დაარსებაში, მაგრამ იქ დიდხანს არ უმუშავია. 1951 წ. ხდება ინგლისურენოვანი პერიოდული გამოცემის, “The voice of free Georgia”-ს (“თავისუფალი საქართველოს ხმა”) რედაქტორი. 1953 წლიდან რედაქტორი ალექსანდრე ცომაიაა, გივი კი – სარედაქციო კოლეგიის წევრად აგრძელებს მუშაობას. 1955 წელს მან ალექსანდრე ცომაიასთან, დიმიტრი სინჯიკაშვილთან (სინდიკელი), ს. კაიშაურთან, და გ. ლოლუასთან ერთად ნიუ–იორკში დააარსა გაზეთი “ქართული აზრი”, სადაც გივი და ოთარი მუდმივად აქვეყნებდნენ წერილებს. 1974 წლიდან გივი გაზეთის სარედაქციო კოლეგიის წევრი ხდება. 1970 წელს აქტიურად მონაწილეობს პარიზში ქართულენოვანი ჟურნალის “ივერიის” გამოცემაში, რომლის რედაქტორი და სარედაქციო კოლეგიის წევრია 1990 წლამდე. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა გივი ზალდასტანიშვილის მოღვაწეობა ამერიკის ქართველთა სათვისტომოში, რომლის წევრიც 1957 წ. 24 ნოემბერს გახდა. 60-იან წლებში ხრუშჩოვისა და მისი მთავრობის მიერ საქართველოსთვის გამოცხადებული დაუფარავი, უაღრესად მტრული დამოკიდებულების პერიოდში ამერიკის ქართული სათვისტომო დიდი აქტიურობით იწყებს ამერიკის პოლიტიკურ წრეებთან თანამშრომლობას და აქაურ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას. ამ პერიოდიდან გივი ზალდასტანიშვილიც ერთვება ამერიკის პოლიტიკურ საქმიანობაში, მისი სიმპათიები თავიდანვე რესპუბლიკელთა მხარეს გადაიხარა. ის შედის რესპუბლიკურ პარტიაში და პრეზიდენტის კანდიდატობის დამხმარე ჯგუფის წევრიც ხდება.

No description available.გივი ზალდასტანიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის 1997 წელს საქართველოს ეროვნული არქივის სამშობლოში დაბრუნების საქმეში. საქართველოს პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ ოთარ და გივი ზალდასტანიშვილებს, საქართველოდან 1921 წელს გატანილი სახელმწიფო არქივის მოვლისა და დაცვისათვის, საქართველოში ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა 1997 წ.

2001 წელს გივი ზალდასტანიშვილმა ამერიკელ პედაგოგ დონალდ თომასთან ერთად თბილისში დააარსა ამერიკული აკადემია – ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, რომლის მიზანია XXI საუკუნის საქართველოს აღუზარდოს ახალგაზრდობა, რომელიც ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში შეძლებს სწავლის წარმატებით გაგრძელებას.

გივი ზალდასტანიშვილი 2007 წლის 15 ოქტომბერს თბილისში გარდაიცვალა.

ამერიკაში გამომავალ საცნობარო ხასიათის წიგნში “ვინ ვინ არის”, რომელშიც აშშ-ის მხოლოდ ყველაზე ცნობილი ადამიანებია დასახელებული, შეტანილია სამი ქართველი ემიგრანტი – ძმები, გივი და ოთარ ზალდასტანიშვილები და ალექსანდრე ქართველიშვილი.

გივი ზალდასტანიშვილის პირველი მეუღლე მერედეტ ფაუერი იყო, რომელთანაც სამი შვილი – თამარი, ნიკოლოზი და ნინო შეეძინა. მისი მეორე მეუღლე ფრანგული წარმოშობის ბელგიელი ქალბატონი მიშლენ დე’ბიევა გახლდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები