18 დეკემბერს საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ ნომინანტების დაჯილდოება გაიმართება
18 დეკემბერს, 18:00 საათზე, „ექსპო ჯორჯიას“ მე-6 პავილიონში, საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ ნომინანტების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართება.
კონკურსი ჩატარდა თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით მიმდინარე წიგნის საახალწლო ფესტივალის ფარგლებში.
კონკურსის პირველ ეტაპზე წარმოდგენილი იყო 55 წიგნი. 12 მათგანი ოთხ ნომინაციაში გადანაწილდა.
საუკეთესო პროზაული წიგნი
- „სახლი მწიფე გარგარის ქუჩაზე“ – ავტორი თეა თოფურია (სეზანი);
- „რაკრაკ-რუკრუკა ამბები“ – ავტორი ლელა ცუცქირიძე (ელფის გამომცემლობა);
- „ხვლიკი კოსტას ამბები“ – ავტორი აკაკი დაუშვილი (მერიდიანი).
საუკეთესო პოეტური წიგნი
- „დინოზავრებიდან კომპიუტერამდე“ – ავტორი ვასო გულეური (სეზანი);
- „ბეღურების ბაღი“ – ავტორი რობერტ მესხი (სამშობლო).
საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი
- „ქართული მითიური გმირები და მათი სამყარო“ – ავტორი ვარლამ ჯმუხაძე (არტანუჯი);
- „სიზმარა“ – ავტორი ვარლამ ჯმუხაძე (არტანუჯი);
- „ციყვი, ნანუნა და კეთილი ბიჭუნა“ – ავტორი ხატია ჩიტორელიძე (ინტელექტი);
- „მართიკოს ვაშლის ხე“ – ავტორი ლიზა ფირცხალავა (პალიტრა L).
საუკეთესო საგანმანათლებლო-შემეცნებითი წიგნი
- „ქართული მითიური გმირები და მათი სამყარო“ – ავტორი ინგა ანთიძე (არტანუჯი);
- „ზუზუნები და ღუტუნები“ – ავტორი ირმა მალაციძე (არტანუჯი);
- „ჩემი სხეული“ – ავტორი მაკა სესკურია (სულაკაურის გამომცემლობა).
ნომინაციების გამარჯვებულებს პროექტის ფარგლებში შერჩეული ხუთწევრიანი ჟიური გამოავლენს. გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზი და 2500 ლარიანი პრემია.
პრემიის მიზანია, ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოების ინტერესის გაზრდა. ასევე, საბავშვო წიგნებზე მომუშავე ავტორების წახალისება და მათი შემოქმედების პოპულარიზება.
პრემიის სახელი ერთ-ერთ პირველ, ლეგენდარულ ქართულ საბავშვო ჟურნალ „ნაკადულს“ უკავშირდება, რომელიც 1904-1927 წლებში გამოიცემოდა და მასთან თანამშრომლობდნენ აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, შიო მღვიმელი, ლეო ქიაჩელი, ეკატერინე გაბაშვილი და სხვები.