ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სააპელაციომ განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის პროცესი მიმდინარეობს. საქმე მეორე ინსტანციის სასამართლოში უკვე დასკვნით ეტაპზეა.
მხარეები დღეს რეპლიკით, ხოლო ბრალდებულები საბოლოო სიტყვით ისარგებლებენ.
როგორც სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, კახა წერეთელმა განუცხადა, არ არის გამორიცხული, რომ დღევანდელ პროცესზე გადაწყვეტილება გამოცხადდეს.
“ჩვენი მოლოდინი არ შეცვლილა ამ სამი წლის განმავლობაში. საბოლოოდ, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს საქმე გამამართლებელი გადაწყვეტილებით დასრულდება. ეს გადაწყვეტილება იქნება დღეს, ამ დარბაზში თუ სხვა დროს სხვა დარბაზში, ამას დრო გვიჩვენებს. სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება ერთადერთი და ეს არის გამართლება”, – აღნიშნა კახა წერეთელმა.
რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, როგორც ცნობილია, ისინი აცხადებენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეს არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა, რის შეცვლასაც სააპელაციო სასამართლოში ითხოვენ.
შეგახსენებთ, საქმეზე ბრალდებულები საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ უკვე ცნო. მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში დაადანაშაულა. მათ თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით შეეფარდათ, მაგრამ ხანდაზმულობის გამო, ისინი სასჯელისგან გათავისუფლდნენ.