მანეკენები, ღორები და ცხედრები – როგორ დაიწყო ავარიის ტესტების ისტორია

როგორც ცნობილია, ავტომობილი გაზრდილი საფრთხის წყაროა. საავტომობილო ავარიის პირველ მსხვერპლად ითვლება ირლანდიელი მეცნიერი მერი უორდი. 1869 წელს მან გადაწყვიტა, გაესეირნა დის შვილებთან ერთად ხელნაკეთი მანქანით. მკვეთრ მოსახვევში ქალი გადმოვარდა მანქანიდან, პირდაპირ ბორბლების ქვეშ აღმოჩნდა და მომენტალურად დაიღუპა.
ხალხი ავტოკატასტროფის შედეგად ყოველდღე იღუპება, ხოლო მწარმოებლები ცდილობენ, შეამცირონ ეს რიცხვი. ტექნიკის ყველა მოდელი, სანამ ბაზარზე გამოვა, გადის „ქრაშ-ტესტს“. დღესღეობით, ხალხს ამ დადგმულ ავარიებში ცვლიან მანეკენები, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იყო.
როგორ გაჩნდა „ქრაშ-ტესტი“

როდესაც ავტომობილი გამოჩნდა, განსაკუთრებულად არავის უფიქრია მათ უსაფრთხოებაზე. ტექნიკასთან დაკავშირებული უბედური შემთხვევები იშვიათობა იყო, ხოლო მათ მსხვერპლთა რიცხვს საწარმოში დაღუპულთა რაოდენობასთან ერთად ითვლიდნენ. ამაში არაფერია გასაკვირი, ვინაიდან ასეთი ტექნიკის სიმცირის გამო, მისგან მხოლოდ თავად გამომგონებლები იღუპებოდნენ. მე-19 საუკუნის დასასრულს ადამიას უფრო მეტი შანსი ჰქონდა დაღუპულიყო ეტლიდან ან ცხენიდან გადმოვარდნის შედეგად, ვიდრე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს.

თუმცა, შემდეგ, 1890 წელს ყველაფერი შეიცვალა. მანქანები სულ უფრო მეტი იყო და პრესაშიც უფრო მეტი ნეკროლოგი ჩნდებოდა. მომდევნო საუკუნეში, როდესაც რამდენიმე კომპანია ავტომობილს სერიულად უშვებდა, უსაფრთხოების შესახებ სერიოზულად დაფიქრდნენ. 30-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა სტატისტიკა: 15,6 დაღუპული ადამიანი 100 მილიონის მილის მანძილზე. ზუსტად 1930-იან წლებში დაიწყეს ავტომწარმოებლებმა თავიანთი პროდუქციის უსაფრთხოებაზე ფიქრი. იმ დროის მანქანები მაქსიმალური საფრთხის შემცველი იყო მძღოლისა და მგზავრებისთვის შეჯახების ან გადაბრუნების დროს. მათ მეტალის ბორტ-კომპიუტერი ჰქონდათ, საჭის ხისტი ღერძი და ბევრი ამოწეული ელემენტი სალონში: სახელურები, გადამრთველები, ბერკეტები და სხვა. რომ გამოეკვლიათ, როგორც რეაგირებდა ავტომობილი ავარიაზე, კომპანია General Motors-მა 1934 წელს პირველი „ქრაშ-ტესტი“ ჩაატარა. ამერიკული ბრენდის მანქანებში მაშინ ჯერ არ სმავდნენ მანეკენებს სალონში, მანქანას უბრალოდ ბეტონის კედელს აჯახებდნენ. ექსპერიმენტის შემდეგ კონსტრუქტორები დაკვირვებით სწავლობდნენ იმას, თუ რა მოუვიდა მანქანას და იღებდნენ დასკვნებს უსაფრთხოების შესახებ. ასეთი მიდგომით, შედეგი ზუსტი და სანდო არ იყო. მაშინ ითვლებოდა, რომ რაც უფრო ძლიერი იყო ავტომობილი, მით უფრო უსაფრთხო გახლდათ ის. ზოგიერთ შემთხვევაში, არაკრიტიკული ავარიის ტესტისთვის მოხალისეებს იწვევდნენ, მაგრამ ეს მეთოდი დიდხანს არ შემორჩენილა.

შეცდომები მათ ზუსტად მაშინ გაიაზრეს, როდესაც ცდისთვის პირველი მანეკენი გამოიყენეს. ცხადი გახდა, რომ ავტომობილის ძარას კი არ უნდა აეტანა დარტყმა, არამედ უნდა ჩაეხშო ის. დამატებით, GM-მა აღმოაჩინა, რომ საჭე, ბერკეტები და სატერფულები ისე უნდა ყოფილიყო მოწყობილი, რომ ხალხისთვის ტრავმა არ მიეყენებინა.

მიცვალებული საჭესთან ან უბრალოდ ღორი

პირველი მანეკენები პლასტმასის იყო. ისინი ძალიან ბუნდოვან სურათს იძლეოდნენ შეჯახებისას, ვინაიდან ძალიან განსხვავდებოდნენ ადამიანის სხეულისგან. თითქოს, დაღუპულთა სხეულები უფრო მეტად უხდებოდა ასეთ ექსპერიმენტს. მათ შეეძლოთ, მიეღოთ ისეთი ტრავმები, როგორიცაა: ხელის ან ფეხის ამოვარდნა, მოტეხილობა და შინაგანი ორგანოების დაზიანება. 40-იანი წლების ბოლომდე ყველას ყველაფერი მოსწონდა, ხოლო გარდაცვლილებმა „ჩუმად“ გადაიტანეს გაუგონარი წამება.

50-იანების წლების დასაწყისში საავტომობილო ინდუსტრიამ მორიგი ნაბიჯი გადადგა წინ. უფრო მეტი ავტომობილის წარმოება დაიწყო, კონკურენცია გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფრთხოების მოთხოვნაც გაიზარდა. მაშინ ცხადი გახდა, რომ მიცვალებული არ იყო კარგი ვარიანტი „ქრაშ-ტესტისთვის“. პირველ რიგში, ცდებში იყენებდნენ მათ, ვინ ბუნებრივ სიკვდილით დაიღუპა და თავიანთი სხეულები მეცნიერებას მიანდეს. ძირითად შემთხვევაში, ისინი გარდაცვლილი მოხუცები იყვნენ. თუმცა, ზუსტი კვლევისთვის საჭირო იყო, სცოდნოდათ, რა დაემართებოდათ ავარიის დროს ბავშვებს, მოზარდებსა და სხვადასხვა „კომპლექტაციის“ ადამიანებს. ცხადია, ცხედრების რაოდენობა საკმარისი არ იყო, ამიტომ 50-იანი წლების ბოლოს დაიწყეს ღორების გამოყენება. მათ ნარკოზს უკეთებდნენ და სვამდნენ სავარძელში. ამ ცხოველების შინაგანი აგებულება ძალიან ჰგავს ადამიანებისას, ამიტომ ტრავმებიც ძალიან მსგავსი იყო. ამ ცდამ სერიოზული ნაბიჯები გადადგა წინ მძღოლებისა და მგზავრების დაცვის საქმეში.

 

ზუსტად ღორების მონაწილეობის „ეპოქაში“ იქნა შემუშავებული კეცვადი საჭის ღერძები, უსაფრთხო წინა პანელები, უკანა ხედვის შიდა სარკეები, რომლებიც არ იწვევდნენ ტრავმებს ავარიის დროს. მწარმოებლები და ავტომობილისტები ყველაფრით კმაყოფილები იყვნენ, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვისაც არ მოსწონდათ ამ საქმეში ცხოველების მონაწილეობა. ძალიან მალე ღორების „ეპოქა“  ამ ექსპერიმენტში დასრულდა, მაგრამ ეს ცხოველების დამცველების პროტესტის გამო კი არ მოხდა, არამედ იმიტომ, რომ ეს ექსპერიმენტი კიდევ არასაკმარის ინფორმაციას იძლეოდა. ღორები ინჟინრების მოთხოვნებს აღარ აკმაყოფილებდნენ.

მანეკენების გამოჩენა

70-იანების დასაწყისში აშშ-ში ერთდროულად რამდენიმე ფირმამ დაიწყო სპეციალური მანეკენების შემუშავება „ქრაშ-ტესტებისთვის“. ეს იყო ნაკეთობა, რომელიც სრული სიზუსტით იმეორებდა ადამიანის ანატომიას და მის წონას. პირველ პროდუქტს, რომელიც ბაზარზე გამოჩნდა, Hybrid-ს უწოდებდნენ. როგორც ეს ხშირად ხდება, პირველი გამოშვება სრულყოფილი არ იყო, ამიტომ პირველი მოდელის კვალდაკვალ შეიქმნა მეორეა – Hybrid II. 1972 წელს ეს ნამდვილად სასწაული აღმოჩნდა. მანეკენს ჰქონდა დრეკადი ხერხემალი და მოძრავი ხრტილები. მანეკენების ამ თაობას კარგად შეხვდნენ და „ქრაშ-ტესტზეც“ დაუშვეს.

მიუხედავად ამისა, ზოგი კომპანია მაინც იყენებდა ადამიანების ცხედრებს. ასევე, ინჟინრები ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მიდიოდნენ და დაღუპულთა ტრავმებს სწავლობდნენ. თუმცა, 1973 წელს ყველაფერ ამას წერტილი დაუსვეს. 

ძვირადღირებული სიამოვნება

აშშ-ის საგზაო უსაფრთხოების ნაციონალურმა ასოციაციამ (NHTSA) ყველასათვის საერთო „ქრაშ-ტესტის“ წესები მიიღო, რომელშიც Hybrid II დაუშვა. მხოლოდ ამის შემდეგ მიატოვეს სხვებმა დაღუპულთა ცხედრები და ღორების წამება. ისევ არსებობდა გამონაკლისები. დაზუსტებით არის ცნობილი, რომ უკანასკნელი ღორი Chevrolet-ის საჭესთან დაიღუპა 1993 წელს. აშშ-ის მიღმა, მაგალითად ჩინეთში, „ქრაშ-ტესტებს“ ცხოველების მონაწილეობით დღემდე ატარებენ.

1976 წლამდე ცდებში სწავლობდნენ მხოლოდ ზრდასრულთა ტრავმებს, მაგრამ მალე გამოჩნდა Hybrid III. ეს ერთი კი არა, უკვე მანეკენების ოჯახი იყო. თავიდან გამოუშვეს სამი ტიპის ფიგურა: 175 სმ სიმაღლის – 77 კილოგრამი, 188 სმ სიმაღლის – 100-კილოგრამიანი და ასევე, 152 სმ სიმაღლის 50-კილოგრამიანი. მოგვიანებით, მანეკენების ოჯახში მატებაც იყო. შეიმუშავეს 21-კილოგრამიანი მანეკენი, რომელიც დაახლოებით 7 წლის ბავშვის ანალოგი გახლდათ, და 15 კილოგრამიანი, რომელი 3 წლის ბავშვის აგებულებას იმეორებდა. 90-იანი წლების ბოლოს დაიწყეს პატარა სახლის ცხოველების მანეკენების შემუშავება.

მათ შეკვეთით ამზადებდნენ. ამასთანავე, ერთის ფასი იწყებოდა 100 ათასი დოლარიდან. იყო კიდევ უფრო ძვირიანებიც. მაგალითად, ყველაზე ძვირი მანეკენი ერთ-ერთ კომპანიას 400 ათასი დოლარი დაუჯდა. ვინაიდან უსულო საგნები ძალიან ძვირი ღირდა, მათ არ აგდებდნენ და „ქრაშ-ტესტების“ შემდეგ არემონტებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები