მელიქიშვილის გამზირზე ამოქმედდა სატრანსპორტო დერეფანი, სადაც მგზავრებს 128 ავტობუსი და მიკროავტობუსი ემსახურება
მელიქიშვილის გამზირზე ამოქმედდა სატრანსპორტო დერეფანი, სადაც 29 მარშრუტზე, მგზავრებს 128 ავტობუსი და მიკროავტობუსი ემსახურება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული დერეფნის ამოქმედება მნიშვნელოვანია ამ კვანძზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფად და შეუფერხებლად გადასაადგილებლად.
„რამდენიმე დღის წინ დავასრულეთ მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პირველ რიგში, საზოგადოებას ამ ქუჩაზე მცხოვრებ ადამიანებს მინდა მადლობა გადავუხადო. ისინი ამ ხნის განმავლობაში, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რთულ პირობებში ცხოვრობდნენ, მაგრამ მსგავსი პროექტების განხორციელებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ტრანსპორტისთვის განკუთვნილი შესაბამისი ზოლები. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს კომფორტული და ხელმისაწვდომი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, ასევე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს არსებული კონკრეტული პრობლემური კვანძების მოკლე დროში მოწესრიგება დაავალა.
„ყოველთვის ვამბობთ, რომ ამ მიმართულებით გვაქვს გამოწვევები, მაგრამ ჩვენი ქმედებები მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასთვის კომფორტული და ხელმისაწვდომი იყოს. ვიცით, რა არის გასაკეთებელი და ვდგამთ ნაბიჯებს თანმიმდევრულად. აქვე, მინდა დავავალო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელებს, რომ პრობლემური კვანძები, რაც შეიძლება სწრაფად მოვაწესრიგოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერმა კერძო ავტომობილების ზრდასთან დაკავშირებით, სტატისტიკური მონაცემები წარადგინა.