აგენტი ნორა ბეიკერი – ინდოელი პრინცესა, რომელიც გესტაპომ ვერ გატეხა

2012 წელს გორდონ სკვერის მოედანზე, ლონდონში მოკრძალებული ბიუსტი გამოჩნდა. ბრიტანეთის დედაქალაქში საკმაოდ ხშირად ჩნდება მემორიალები, მაგრამ ამან ყურადღება მიიპყრო, ვინაიდან მის გახსნას ელიზაბეტ II-ის უფროსი და, პრინცესა ანნა დაესწრო. ყველაფერი სავსებით ლოგიკურია, ვინაიდან ეს მემორიალი ასევე პრინცესასთვის იყო მიძღვნილი… თუმცა, ინდოეთის პრინცესასთვის. ამ ქალის სახელია – ნურ ინაიათ ჰანი და მისი ისტორია ყველამ უნდა იცოდეს.

ინდოელი პრინცესა ნურ ინაიათ ჰანი 1914 წლის 1-ელ იანვარს დაიბადა ლონდონში, ამერიკელისა და ინდოელის ოჯახში. მამის ხაზით, ის ტიპუ სულთნის შვილთაშვილი იყო, რომელიც მე-18 საუკუნეში მეფობდა სახელმწიფო მაისურში. ნური სამშობლოსგან შორს – საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში იზრდებოდა, სადაც ბრწყინვალე განათლება მიიღო და სრულყოფილად დაეუფლა რამდენიმე ენას.

ნურის მამა ნიჭიერი მუსიკოსი იყო და გარდა ამისა, ყველასაგან პატივცემული სუფისტი. მის ოჯახში ბავშვები რელიგიურად იზრდებოდნენ. ყველაზე მეტად ნურს ოკუპაცია სძულდა. მისმა წინაპარმა, რომელიც დამოუკიდებელ სახელმწიფოს მართავდა, უარი თქვა ბრიტანელი კოლონიზატორებს დამორჩილებოდა, რისთვისაც ის მოკლეს კიდეც.

პარიზში სკოლის დასრულების შემდეგ, გოგონამ გადაწყვიტა თავისი ცხოვრება მედიცინისთვის მიეძღვნა და კოლეჯში ჩააბარა, სადაც მედდობა ისწავლა. ჰანი ძალიან მრავალმხრივი ადამიანი იყო და პარალელურად, მუსიკითა და ლიტერატურით იყო დაკავებული. ომამდე ცოტა ხნით ადრე გამოცემა Le Figaro-მ ინდური ხალხური ზღაპრების სერია გამოუშვა, რომელიც ნურმა დაამუშავა. 1939 წელს, როდესაც ევროპა მეორე მსოფლიო ომის ცეცხლში იყო გახვეული, გოგონა წითელი ჯვრის რიგებში იდგა საფრანგეთში და ფრონტზე წასვლას გეგმავდა. თუმცა, გერმანია ძალიან მალე დაეუფლა საფრანგეთს და ნურს მშობლებთან ერთად ლონდონში მოუწია დაბრუნება, სადაც უსაფრთხო იყო.

ლონდონშიც კი ნური არ აპირებდა გულხელდაკრეფილი ჯდომას და მაშინვე ჩაეწერა დიდი ბრიტანეთის სამხედრო საჰაერო ძალების დამხმარე ქალთა სამსახურში. იქ სამხედრო რადიოოპერატორად მუშაობდა სხვა ქალებთან ერთად, რომლებიც ოცნებობდნენ, თავისი წვლილი შეეტანათ მტერზე გამარჯვებაში. გოგონამ, რომელიც ძალიან კარგად საუბრობდა ფრანგულად, სპეციალური ოპერაციების სამმართველოს ყურადღება მიიპყრო. ნურს შეუდარებელი რეპუტაცია ჰქონდა, ამიტომ დაზვერვამ გადაწყვიტა, რომ ის იდეალური იქნებოდა მტრის ბანაკის დასაზვერად. რადიოოპერატორი ნურ ინაიათ ჰანი დაზვერვის თანამშრომელი 1942 წელს გახდა და მიიღო სახელი – ნორა ბეიკერი.

უნდა აღინიშნოს, რომ ხელმძღვანელობა თავიდანვე არ იყო კმაყოფილი მისით, როგორც სპეციალისტით. დადებით მხარეებად აღინიშნებოდა მხოლოდ საქმის კეთილსინდისიერად შესრულება და ფრანგულის ცოდნა.

1942 წელს ნური ნაცისტების მიერ ოკუპირებულ პარიზში გადასვეს. რადიოოპერატორის რანგში, მას სხვადასხვა ჯგუფის ცენტრთან დაკავშირება ევალებოდა. რამდენიმე თვე გოგონა ამ მნიშვნელოვან დავალებას ასრულებდა, მაგრამ მერე ცნობილი გახდა, რომ ჯგუფში ნაცისტმა აგენტმა შეაღწია და ჰანს სხვებთან ერთად ინგლისში ევაკუაცია შესთავაზეს. გოგონამ და მისმა გარშემომყოფებმა უარი თქვეს ოპერაციის დასრულებაზე და მუშაობა განაგრძეს თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად. ნაცისტები საიდუმლო დაჯგუფების წევრებს ერთი მეორის მიყოლებით აპატიმრებდნენ და ძალიან მალე ნურს თავად მოუწია, გასძღოლოდა დაჯგუფებას. ისინი იცვლიდნენ ბინებს, სახელებს, საბუთებს… მაგრამ, სამწუხაროდ, გესტაპომ აგენტ ნორა ბეიკერსაც მოაკითხა.

დაკითხვების და წამების შემდეგ, რომლის დროსაც გოგონამ მოძალადეების არცერთ კითხვას არ უპასუხა, რამდენიმე მეგობართან ერთად გერმანიაში გაგზავნეს, ციხეში. იქ მის გამოტეხვას ყველაზე გამოცდილები ცდილობდნენ. ნური ნესტიან კამერაში ჰყავდათ გამოკეტილი, კედელზე მიჯაჭვული და ყოველდღე აწამებდნენ. მან ორჯერ სცადა გაქცევა, რის შემდეგაც მის საქმეში გაჩნდა ნიშანი „განსაკუთრებით საშიში“. მიუხედავად იმისა, რომ გოგონას აღიარება ვერ გამოსტყუეს, მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. 1944 წლის სექტემბერში ის თავისი ჯგუფის ორ წევრ გოგონასთან ერთად სიკვდილის ბანაკში, დაჰაუში ჩაიყვანეს. 13 სექტემბერს გოგონა სასტიკად ცემა გერმანელმა ოფიცერმა, სილჰელმ რუპერტმა, შემდეგ კი, კეფაში ესროლა.

სიკვდილის წინა დილას ნურის უკანასკნელი სიტყვა იყო – „Liberté“ (თავისუფლება). გმირი გოგონას ცხედარი საკონცენტრაციო ბანაკის კრემატორიუმში დაწვეს. ნურის გმირობა დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა. პარიზში ის სიკვდილის შემდეგ სამხედრო ჯვრით დააჯილდოვეს, ხოლო ბრიტანეთში  – ჯვრის ორდენით. საფრანგეთშიც დადგეს მისი ბიუსტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები