„მოკლული ჯაშუში თუ გაქცეული ქალი?“ – როდის გაიკრვევა „ისდალის ქალის“ საიდუმლო
1970 წელს ისდალის ხეობაში, ნორვეგიაში შემთხვევით გამვლელებმა ქალის დამწვარი სხეული იპოვეს. იმან, რაც თავიდან უბედურ შემთხვევად გამოიყურებოდა, თანდათან იდუმალი დეტალების გამოჩენა დაიწყო. „ისდალის ქალის“ იდუმალებით მოცული საქმე დღემდე უამრავი ჟურნალისტის კვლევის საგანია.
დამწვარი ცხედარი
1970 წლის 29 ნოემბერს უნივერსიტეტის პროფესორი ორ ქალიშვილთან ერთად ბუნებაში ისვენებდა ულრიკენის მთასთან ახლოს. ეს „ცუდი ადგილი“ იყო, მას „სიკვდილის ხეობას“ უწოდებდნენ, ვინაიდან შუა საუკუნეებში აქ ხალხი სიცოცხლეს ესალმებოდა, ხოლო ბოლო დროს იქიდან ტურისტებიც ხშირად ვარდებოდნენ. სამწუხაროდ, ბუნებაში გასეირნება ცუდმა აღმოჩენამ გააფუჭა – პროფესორის ერთ-ერთმა ქალიშვილმა ქალის დამწვარი სხეული ნახა. ოჯახი მაშინვე პოლიციის განყოფილებაში წავიდა.
პოლიციის თანამშრომლებს ხეობაში ბობღვა მოუწიათ, რათა ადგილამდე მისულიყვნენ. ამან მაშინვე გამორიცხა ის მოსაზრება, რომ ქალი შემთხვევით გადავარდა ფერდობიდან ცეცხლში. ის ძალიან შორს იყო ბილიკიდან, იქ შემთხვევით ვერ მივიდოდა.
ცხედარი ძალიან იყო დამწვარი წინიდან და სახის ამოცნობა შეუძლებელი გახლდათ, მაგრამ ზურგი ხელშეუხებელი აღმოჩნდა. ცხედართან ახლოს პოლიციამ იპოვა ტანსაცმელი, ქოლგა, რეზინის ჩექმა, ბეჭედი, საყურეები, საათი, ნეილონის კოლჰოტი, ადგილობრივი ლიქიორის ბოთლი და ორი თითქმის გამდნარი ბოთლი. თანაც, აქსესუარები გარკვეული თადარიგით იყო გაწყობილი, თითქოს ისინი რაღაც რიტუალისთვის იყო საჭირო.
გარდაცვლილის ტანსაცმელზე მოჭრილი იყო ყველა იარლიყი. კორონერებმა დაადგინეს, რომ ის 25-დან 40 წლამდე, შავგვრემანი ქალი იყო, რომელსაც სიკვდილის დროს თმები შეკრული ჰქონდა ცისფერი ლენტით. ის არ იყო მაღალი – დაახლოებით, 164 სანტიმეტრი – მრგვალი სახითა და ყავისფერი თვალებით.
ორი ჩემოდანი
პოლიციამ ნორვეგიის ყველა განყოფილებაში გააგზავნა მოთხოვნა, თუმცა უშედეგოდ – არავის განუცხადებია დედის, დის, მეუღლის, კოლეგის ან მეგობრის დაკარგვის შესახებ, თუმცა დარეკეს ბერგენის სადგურის მოედნის შემნახველი კამერებიდან. მათ ორი ჩემოდნის შესახებ განაცხადეს, რომელიც ერთი კვირის წინ დატოვეს, მაგრამ არავის წაუღია. თითის ანაბეჭდები ჩემოდანზე დაღუპული ქალის ანაბეჭდებს დაემთხვა.
თითქოს, ეს ამოცანას ხსნიდა. ჩემოდანში იდო ტანისამოსი, რამდენიმე პარიკი, გერმანული და ნორვეგიული ფული, სავარცხელი, კოსმეტიკა, ჩაის კოვზები და კრემი ეგზემისთვის. ტანისამოსიდან ყველა იარლიყი მოჭრილი იყო, ხოლო წამლის შეფუთვიდან ექიმის სახელი წაშლილი.
ბოლოს რაღაც ხელჩასაჭიდს მაინც მიაგნეს. ეს იყო ჩექმის პარკი ოსკარ რორტვერდის მაღაზიიდან ქალაქ სტავანგერში. როდესაც პოლიცია იქ წავიდა, მეპატრონის ვაჟმა, როლფ რორტედმა უცნაური ქალი გაიხსენა. მან თქვა, რომ ქალი კარგად იყო ჩაცმული და ძალიან ელეგანტურად გამოიყურებოდა. საუბრობდა ინგლისური აქცენტით, ხოლო მისი სახე მშვიდი და გაწონასწორებული იყო.
როლფმა თქვა, რომ ქალბატონი ძალიან დიდხანს ათვალიერებდა და არჩევდა ფეხსაცმელს, გაცილებით დიდხანს, ვიდრე სხვა მყიდველები. ჩექმები, რომლებიც ამ ფეხსაცმლის მაღაზიაში იყიდებოდა, ემთხვეოდა იმას, რომელიც დაღუპულ ქალთან იყო ნაპოვნი.
ცხედრისგან ძალიან უცნაური, თითქოს და, ნივრის სუნი მოდიოდა. უცნაურია ასეთი არომატი ელეგანტური ქალისგან. პოლიციამ მიდამოები შეისწავლა და კვალზე გავიდა – სასტუმროში, რომელიც მაღაზიასთან ახლოს იყო, ქალის აღწერილობას დაემთხვა ერთ-ერთი მათი სტუმარი – ფენელა ლორკი. თუმცა, როგორც ჩანს, ეს მისი ნამდვილი სახელი არ იყო.
ქალი ექვსი სახელით
როგორც აღმოჩნდა, ფენელა მთელი ნორვეგიის სასტუმროებში ჩერდებოდა სხვადასხვა სახელით. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მას რამდენიმე პასპორტი ჰქონდა. ის მიმტანმაც გაიხსენა ერთ-ერთ სასტუმროში.
„იმით დამამახსოვრდა, რომ ძალიან ელეგანტური და თავდაჯერებული იყო. ისეთი მოდური, რომ ძალიან მინდოდა, მას დავმსგავსებოდი. მახსოვს, ერთხელ თვალი ჩამიკრა. ალბათ, ძალიან დიდხანს ვუყურებდი მას. ერთხელ მოვემსახურე, ის ორ გერმანელ მეზღვაურთან ერთად ვახშმობდა, რომელთაგან ერთ-ერთი ოფიცერი იყო, მაგრამ ის მათ არ ესაუბრებოდა“, – ამბობდა მიმტანი.
გარდა ამისა, პოლიციამ გაარკვია, რომ ქალი თითქმის სულ ნომრის გამოცვლას ითხოვდა. ერთ-ერთ სასტუმროში მან ოთახი სამჯერ შეიცვალა.
ჯაშუში
ვარაუდი, რომ ქალი ჯაშუში იყო, რომელიც მოწინააღმდეგეებმა მოიშორეს, ჰაერში იყო გამოკიდებული. ცივი ომის დროს ნორვეგიაში არ იყო ცოტა ჯაშუში, მათ შორის, რუსებიც, მაგრამ ამის დადასტურების არანაირი საშუალებაც არ არსებობდა. პოლიციამ გაშიფრა ასევე დაღუპულის წიგნაკში არსებული კოდიც. როგორც აღმოჩნდა, ის მასში თავისი გადაადგილების მარშრუტს იწერდა.
აუტოფსია და საქმის დახურვა
გაკვეთამ აჩვენა, რომ ქალის დაღუპვა ძალიან მტკივნეული უნდა ყოფილიყო. ის ჯანმრთელი გახლდათ, მაგრამ მის ფილტვებში ბევრი ნამწვის კვალი იყო. კუჭში ბევრი დასაძინებელი საშუალება აღმოჩნდა. სამედიცინო დასკვნაში ეწერა, რომ ქალი ნამწვისგან და დასაძინებელი საშუალების ზედოზირების შედეგად დაიღუპა. საქმე ჩიხში შევიდა. დადგინდა, რომ ქალმა თავი მოიკლა, მაგრამ ამის მიზეზი არავინ იცოდა.
ის 1971 წელს დაკრძალეს სხვის მიწაზე, უსახელო საფლავში. „ისდალის ქალი“ 40 წელზე მეტხანს „დუმდა“.
საქმის ახლიდან გახსნა
2016 წლის 29 ნოემბერს, 46 წლის შემდეგ NRK-ის ჟურნალისტმა „ისდალის ქალის“ პორტრეტი გამოაქვეყნა, რომელიც მოწმეების ჩვენების მიხედვით იყო შედგინილი. ბერგენის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს არქივში მისი ყბა იპოვეს, რომელიც დაკარგული ეგონათ – ამბობდნენ, რომ ის ცუდი სუნის გამო გადააგდეს. ახალი ტექნოლოგიებით შეიარაღებული ნორვეგიის დაზვერვის ოფიცრები საქმეს შეუდგნენ. გამოძიებას შეუერთდნენ მეცნიერები ნორვეგიიდან, ავსტრიიდან და ავსტრალიიდან.
2017 წლის 19 მაისს დნმ-ის კვლევის შედეგი გამოქვეყნდა – ახლა მეცნიერები დარწმუნებით ამბობენ, რა პროდუქტს მიირთმევდა და რა წყალს სვამდა ადამიანი. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ქალი წარმოშობით იყო აღმოსავლეთ ევროპიდან, მაგრამ ბავშვობაში საფრანგეთში ან გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად. ეს ცოტაა, მაგრამ იმაზე მეტია, ვიდრე ცნობილი იყო. ახლა თუკი მეცნიერების ხელში ჩავარდება ამ ქალის ნათესავის დნმ-ი, ამის შესახებაც ცნობილი გახდება.