ვინკევენის ტბები, რომელიც ნიდერლანდებში, უტრეხტის პროვინციაში მდებარეობს, სხვა ტბებში არასდროს აგრევათ. ეს წყლის რეზერვუარი ფრინველის სიმაღლიდან უცნაურზოლიან საბანს ჰგავს. ასეთ იერსახეს მას მრავალი ვიწრო და გრძელი კუნძულები აძლევს, რომლებიც ერთმანეთთან თითქმის თანაბარი მანძილით არის დაშორებული. კუნძულების უმრავლესობაზე მჭიდროდ არის გაშენებული ნაგებობები, მოწყობილი სანაპიროები და ნავსადგურები. ვინკევენის ტბები როგორც ჰოლანდიელებისთვის, ისე ტურისტების საყვარელ დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს. ეს ინფორმაცია ტბებისა და კუნძულების შესახებ ბევრმა იცის, მაგრამ საინტერესოა, როგორ დაიწყო მათი ისტორია…
1850 წელს ვინკევენის ტბების იდილია პროგრესმა დაარღვია. აქ ტორფის საბადოები აღმოაჩინეს – ორგანული საწვავი, რომელიც ევროპაში ძალიან მოთხოვნადი იყო. აქ ტორფს ძალიან დიდი მოცულობით იღებდნენ – ის მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის არ იყო განკუთვნილი და სხვა ქვეყნებში ექსპორტზეც გადიოდა.
ტორფს მარტიდან ივნისამდე მოიპოვებდნენ, სექტემბრამდე საწვავს აშრობდნენ და შემდეგ გაჰქონდათ. ტორფი ჭაობში მთელ ფართობზე მასიურად იდო, მაგრამ მას ზოლებად მოიპოვებდნენ. საწვავის ბრიკეტების დასაწყობებისთვის, პატარა კუნძულებს ტოვებდნენ, რომელთა სიგრძეც 100 მეტრს შეადგენდა. მათ ქვიშას აყრიდნენ, რომ ტორფის გამოსაშრობად სიმშრალე შეენარჩუნებინათ.
თანდათან კუნძულებს შორის ნამდვილი ღრმულები ჩამოყალიბდა, რომლებიც გრუნტის წყლებით ივსებოდა. მოგვიანებით, წყალი ისე აიწია, რომ ჭაობის დაბლობი გადაკეთდა ტბად, პატარა კუნძულებით. ხელოვნური ტბის სიღრმე ზოგიერთ ადგილას 50 მეტრს აღწევდა.
ტორფის უკონტროლო მოპოვებამ შეუქცევადი მოვლენები გამოიწვია – ტბები იზრდებოდნენ, გადადიოდნენ ახალ ტერიტორიებზე, კუნძულები კი, წყლის ქვეშ ექცეოდა. მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ტორფზე მოთხვონა შემცირდა და მისი მოპოვება შეწყვიტეს. ახლა ვინკევენის ტბებში ქვიშის დამუშავება დაიწყეს. მშენებლობა ბევრი ქვიშის მოპოვებას გულისხმობდა და ხალხმა ამჯერადაც გადაამეტა…
კუნძულებმა გაქრობა დაიწყეს. ძვირადღირებული ტექნიკა მათთან ერთად იძირებოდა წყალში. ირგვლივ დამბების მშენებლობა წამოიწყეს, მაგრამ ისინი მხოლოდ დროებით აგვარებდნენ პრობლემას. ამიტომ, მიიღეს გადაწყვეტილება, ამ რაიონში ნებისმიერი სამუშაო შეწყვეტილიყო. კუნძულები, რომლებიც მეწარმეებმა მიატოვეს, თანდათან ბალახით და ბუჩქებით დაიფარა. მათ დაეუფლნენ მონადირეები, მეთევზეები და უბრალოდ, ბუნებაში დასვენების მოყვარულები.
დღეს ვინკევენის ტბების 80% კერძო პირებს ეკუთვნის. ზოგმა სახლი აიშენა, ზოგმა ქოხი, სხვებმა კი, სასტუმრო აპარტამენტები. კუნძულებზე მხოლოდ თევზაობა კი არ არის შესაძლებელი, არამედ ნავებით და წყლის მოტოციკლებით გასეირნება, ბანაობა და უბრალოდ, დასვენება.
სამწუხაროდ, კუნძულები ძალიან არასტაბილურია და მუდმივ გამგარებას საჭიროებს. ეს ძვირადღირებული საქმეა, ამიტომ ცარიელი კუნძულების და „ზოლების“ რაოდენობა უფრო და უფრო იმატებს. იმისთვის, რომ ტურისტებისთვის პოპულარული ადგილი შეენარჩუნებინათ, პროვინციის ხელისუფლებამ ზოგიერთი კუნძული გასაყიდად გამოიტანა. ამასთანავე, გაირკვა, რომ მიწის ზოგიერთი ნაკვეთი უკანონოდ არის მითვისებული. თუკი ტბაზე მიწის ნაკვეთი გაიყიდა, რომელზეც უკანონო ნაგებობაა, ახალი მფლობელი ვალდებულია, დაანგრიოს ის და სამშენებლო ნაგავი საკუთარი ხარჯებით გაიტანოს.
კომენტარები
კომენტარი