„შეშლილობის ეპიდემია“ – პური, რომელმაც ფრანგები ჭკუიდან გადაიყვანა
1951 წლის აგვისტოში პატარა ქალაქ პონ-სენტ-ესპრის შესახებ, რომელიც საფრანგეთის სამხრეთით მდებარეობს, მოულოდნელად მთელმა მსოფლიომ გაიგო. ერთდროულად, დაახლოებით, ამ ქალაქის 250-მა მცხოვრებმა ჭკუა დაკარგა. ხალხი ქუჩებში დარბოდა, ყვიროდა დემონების და გველების შესახებ; ხტებოდა ფანჯრებიდან, ცეკვავდა მოედნებზე და გამვლელებს ესხმოდა თავს. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მასობრივი შეშლის მიზეზი მოწამლული პური გახდა, მაგრამ ასევე არსებობს მომხდარის მიზეზის სხვა ვერსიებიც…
ეპიდემიის დასაწყისი
ყველაფერი 1951 წლის 16 აგვისტოს დაიწყო. მაშინ საავადმყოფოს ერთდროულად 30-მა პაციენტმა მიმართა უცნაური ჩივილებით. ერთმა განაცხადა, რომ მის მუცელს გველები ჭამდნენ, ხოლო თავად ის გარემოცული იყო ცეცხლით. მეორე თქვა, რომ ის „თვითმფრინავია“ და ფანჯრიდან გადახტა. 11 წლის ბიჭუნა, რომელიც ასევე მოხვდა საავადმყოფოში, ბებიას თავს დაესხა და მის გაგუდვას ცდილობდა…
ექიმები განცვიფრებულები იყვნენ და არ იცოდნენ, რა ექნათ, თუმცა ყველაზე უცნაური რამ მათ ჯერ კიდევ წინ ელოდათ. „დაავადებულების“ რაოდენობა იზრდებოდა. შეშლილი ხალხი ქუჩა-ქუჩა დახეტიალობდა, რაღაცას ყვიროდა, ცეკვავდა და სხვებს თავს ესხმოდა. 26 აგვისტოს ღამეს საავადმყოფოში 23 პაციენტი მოხვდა ერთდროულად. მათ ჰალუცინაციები ჰქონდათ, სუიციდური აზრები აწუხებდათ, გულისრევა, კრუნჩხვები და სხვა სიმპტომები ახასიათებდათ. ადამიანები ჭკუიდან იშლებოდნენ და არავინ იცოდა, რა იყო ამის ზუსტი მიზეზი. ხალხს მხოლოდ თეორიების შეთხზვა შეეძლო…
დაწყევლილი პური
პაციენტების დიდ ნაკადთან გამკლავების მიზნით, ადგილობრივი ექიმების დასახმარებლად სპეციალისტები ჩავიდნენ მეზობელი ქალაქებიდან. რამდენიმე ანალიზის ჩატარების შემდეგ მათ გაარკვიეს, რომ პონ-სენტ-ესპრის მოსახლეობა, როგორც ჩანს, ერგოტიზმით იტანჯებოდა.
ერგოტიზმი – მოწამვლა ჭვავის რქით. ეს საშიში სოკოა, რომელიც მარცვლეულზე ვრცელდება, მათ შორის, ჭვავსა და ხორბალზე. სპეციალისტებმა ივარაუდეს, რომ ადგილობრივმა მცხობელმა პურის გამოცხობის დროს დაავადებული მარცვლის ფქვილი იხმარა და ზუსტად ამან იმოქმედა ქალაქის მოსახლეობაზე.
მას მერე, რაც ამის შესახებ ხალხმა შეიტყო, პურის საცხობზე ჯვარი გამოსახეს, ხოლო თავად მცხობელს ლინჩის წესით გასამართლებას უპირებდნენ. ის სიკვდილს მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ პოლიციამ დააპატიმრა. არა იმიტომ, რომ მას მართლაც ადანაშაულებდნენ რამეში… უბრალოდ, შეშლილი ხალხი ამ მამაკაცს მართლაც მოკლავდა.
„ნამდვილი“ მიზეზები
ცოტა ხნის შემდეგ პოლიციელები გავიდნენ მეწისქვილეზე, რომელიც ფქვილს აწვდიდა ამ საცხობს. ზუსტად მას წარუდგინეს ბრალი პირველს, ვინაიდან, როგორც აღმოჩნდა, არაკეთილსინდისიერმა გამყიდველმა ფქვილში დაამატა რეიგრასი – ბალახი, რომელიც ხშირად შეიცავს სხვადასხვა სახის პარაზიტებს.
ერგოტიზმი, როგორს მოწამვლის ნამდვილი მიზეზი, დადასტურდა რამდენიმე ადამიანის გაკვეთის შემდეგ. თუმცა, ყველა მოსახლეს როდი სჯეროდა დაავადების მეცნიერული მიზეზის. იყვნენ ისეთებიც, ვინც თვლიდა, რომ ეს ჯადოქრების ნამოქმედარი იყო ან ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საიდუმლო ექსპერიმენტი ბაქტეოროლოგიური იარაღის შესწავლის მიზნით.
2009 წელს ჟურნალისტმა, ჰენკ აბარელიმ გამოსცა წიგნი „საშინელი შეცდომა: ფრენკ ოლსონის მკვლელობა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საიდუმლო ექსპერიმენტი ცივი ომის დროს“. თავდაპირველად მას სურდა მიეგნო სიმართლისთვის კენედის სიკვდილის საქმეში, მაგრამ წიგნზე მუშაობისას მან რამდენიმე საინტერესო ფაქტი შენიშნა…
პირველ რიგში, ბიოქიმიკოსის, ფრენკ ოლსონის უცნაური სიკვდილი, რომელიც აშშ-ის ჯარისთვის მუშაობდა და ლაბორატორიის ფანჯრიდან გადმოხტა პონ-სენტ-ესპრიში მომხდარი ინციდენტიდან 2 წლის შემდეგ. რიგით მეორე ფაქტი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომლების საუბრის ჩანაწერია, რომელშიც ისინი მომხდარ ტრაგედიას განიხილავენ და ამბობენ, რომ საქმე საერთოდ არ ეხებოდა იმ პარაზიტებს.
ასევე, ჟურნალისტმა ორი მოწმე იპოვა მაღალჩინოსნებიდან, რომლებიც ადასტურებდნენ ექსპერიმენტის ჩატარებას. აბარელის აზრით, საქმე ზუსტად პონ-სენტ-ესპრის ეხებოდა. ჟურნალისტი თვლის, რომ ქალაქის თავზე შესაძლოა LSD ან სხვა ფსიქოტროპული ნივთიერება მოაბნიეს, რათა მასობრივი ფსიქოზის ეფექტი შეესწავლათ.
ალბარელმა ვარაუდების დადასტურება მაინც ვერ შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ მას გარკვეული საბუთები გააჩნდა. ოფიციალური ვერსიით, მოსახლეობა სოკოვანი ბაქტერიით მოიწამლა, მაგრამ საუბარი იმის შესახებ, თუ რა მოხდა სინამდვილეში დღემდე გრძელდება.
შეშლილობის ეპიდემიის დასასრული
დაავადებულთა უმრავლესობას მოწამვლის სიმპტომები მალევე გაუქრა, რამდენიმე დღეში. თუმცა, მათ, ვისი ფსიქიკაც შედარებით არამყარი აღმოჩნდა, კიდევ რამდენიმე თვე გაატარეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ცნობილია, რომ, სულ მცირე, 32 მოსახლეს დასჭირდა დამატებითი დახმარება.
კიდევ ექვსმა ადამიანმა ვერ გადაიტანა „შეშლილობის ეპიდემია“. ზოგი გულის უკმარისობით დაიღუპა, ზოგმაც თვითმკვლელობა გადაწყვიტა. ადამიანებს ეჩვენებოდნენ, რომ ისინი ცოცხლად იწვოდნენ, მათ ირგვლივ დაფრინავდნენ დემონები, მათ მუცელს ჭამდნენ გველები, ხოლო ქუჩებში გიგანტური მცენარეები იზრდებოდნენ… ყველას არ შეეძლო ამ აზრებთან გამკლავება.
გამოძიების ჩატარების შედეგად ცნობილი გახდა, რომ ფქვილის მიმწოდებელი და მცხობელი შეთქმულები იყვნენ. მეწისქვილე ასაღებდა გაფუჭებულ პროდუქტს, ხოლო მცხობელი ასე იაფად იძენდა ნედლეულს. ორივე დააპატიმრეს, მაგრამ ამ ქალაქის საიდუმლოება დღემდე აწუხებს კონსპირაციების და მისტიკის მოყვარულებს. ბევრს სჯერა, რომ პონ-სენტ-ესპრიში მართლაც ატარებდნენ ექსპერიმენტს, მხოლოდ ერთეულებს სჯერათ, რომ ისინი პურით მოიწამლნენ…