კაცებისთვის შესვლა აკრძალულია – სოფელი ეგვიპტეში, სადაც მხოლოდ ქალები ცხოვრობენ
ეგვიპტის სამხრეთით, ასუანიდან, დაახლოებით, 120 კილომეტრში მდებარეობს პატარა, უცნაური სოფელი ალ-სამაჰი. მისი უცნაურობა იმაში მდგომარეობს, რომ იქ მხოლოდ ქალები და ბავშვები ცხოვრობენ. ბიჭები დედებთან მხოლოდ გარკვეულ ასაკამდე რჩებიან, შემდეგ კი, მათ უნდა დატოვონ სოფელი.
მარტოხელა ქალად ყოფნა, როდესაც არ გაქვს საკუთარი საცხოვრებელი და კარგი სამსახური, თანაც შვილები გყავს, ნებისმიერ ქვეყანაში ძალიან რთულია. ეგვიპტის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მხარი დაეჭირა ამ ადამიანებისთვის. 1998 წელს ზუსტად ასე გაჩნდა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ქმარს გაცილებული და დაქვრივებული ქალების სოფელი. ამ დასახლებულ პუნქტში, დაახლოებით, 300 ოჯახი ცხოვრობს. იქ შესვლა მამაკაცებს კატეგორიულად ეკრძალებათ.
სახელმწიფომ ამ პროექტის ფარგლებში თითო ქალს გამოუყო სახლი და 1 ჰექტარი მიწა. დახმარების სახით, ყველა ქალმა სახლის ნივთები, ავეჯი, სასოფლო-სამეურნეო ხელსაწყოები და პირუტყვი მიიღო. ამასთანავე, ქალებს შეუძლიათ მიიღონ მოკლევადიანი უპროცენტო კრედიტი 1-დან 3 წლამდე. აქედან გამომდინარე, ამ სოფლის ქალების საქმიანობა მეცხოველეობა და მიწათმოქმედებაა.
ალ-სამაჰას წესები ისეთია, რომ იქ ცხოვრება მხოლოდ ქალებს შეუძლიათ. თუკი ქალი იღებს გადაწყვეტილებას გათხოვდეს, მაშინ ის კარგავს ყველაფერს, რაც იმ სოფელში გააჩნდა. ამ ქალების ვაჟებიც კი მხოლოდ გარკვეულ ასაკამდე რჩებიან სოფელში.
მათ მძიმე მუშაობა უწევთ. იძულებულები არიან, ბევრი რამ მოიკლონ, რათა ფული შეინახონ თავიანთი შვილების განათლებისთვის, მომავალში კი, გადაუხადონ ქორწილი. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო გამუდმებით გამოყოფს სუბსიდიებს და სხვადასხვა სახის დახმარებას, სოფელში მაინც ბევრი პრობლემაა: ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის უკმარისობა, ჭირს სხვა დასახლებულ პუნქტამდე გადაადგილება. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ქალებს წყლის უკმარისობა ჰქონდათ, რომლის მიზეზიც წყალგაყვანილობის არ არსებობა იყო. წყალი სოფელში კვირაში ორჯერ მიჰქონდათ, მაგრამ მისი რაოდენობა საერთოდ არ იყო საკმარისი ყოველდღიური საჭიროებებისთვის.
სოფლის ყველაზე ხნიერი მცხოვრები 60 წლის ჰაგა აზზა გახლდათ. მისი თქმით, ქალების უმრავლესობა სოფელში იმიტომ არ რჩება, რომ იქ ადვილია ცხოვრება, არამედ იმიტომ, რომ მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ. წყლის არასაკმარისი რაოდენობის გამო, ბევრმა ქალმა დატოვა სოფელი და დღეს იქ მოსახლეობის მხოლოდ 1/3 დარჩა.
„ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი შვილების ცხოვრება სიხარულით ავავსოთ და ვლოცულობთ ალაჰისთვის. ეს ყველაფერია, რაც ჩვენ გაგვაჩნია“, – ამბობს აზზა.