მდიდარი ამერიკელი ქალების ყურადღების ცენტრში მყოფი ქართველი ბიზნესმენი, რომელსაც შთაბეჭდილების მოხდენის საოცარი ნიჭი ჰქონდა

და–ძმა მდივნების – სერგის (სერჟ), დავითის, ნინოს, ალექსის, რუსუდანის (რუსი) წინაპარი ერეკლე II–ის თანამებრძოლი, მაგრამ კავკასიაში რუსების შემოსვლის მოწინააღმდეგე სოლომონ მდივანი გახლდათ. მამა – ზაქარია მდივანი რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ II-ის ამალის გენერალ–მაიორი და დემოკრატიული საქართველოს სამხედრო მინისტრის მოადგილე, დედა კი – პოლონეთის აჯანყების დროს საქართველოში გადმოსახლებული პოლონელების შთამომავალი, ნახევრად ქართველი ელისაბედ სობოლევსკა იყო.

ზაქარია მდივანსა და ელისაბედს 1903 წ. შეეძინათ უფროსი შვილი სერგი. ზაქარიამ მას კარგი განათლება მისცა პეტერბურგის, შემდეგ კი ვარშავისა და პარიზის უნივერსიტეტებში. ვარშავის უნივერსიტეტში სწავლისას მიაგნო სერგიმ წარმატების მიღწევის ფორმულას – უბრალოდ საჭიროა მოსწონდე იმათ, ვინც უკვე წარმატებულია და ფორტუნაც შენს ირგვლივ იტრიალებს.

1921 წ. ზაქარია მდივნის ოჯახი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში მიდის. ოჯახმა თურქეთის გავლით პარიზს შეაფარა თავი. სერგი საფრანგეთში დიდხანს არ დარჩენილა. ბედის საძებნელად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და მოღვაწეობის ასპარეზად ჰოლივუდი აირჩია. მას სოციალურ კიბეზე ასასვლელად მსახიობობა არ აურჩევია, მისი სტრატეგია უკვე წარმატებული ვარსკვლავების მოხიბვლას ითვალისწინებდა. სერგი მდივანს ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენის ხელოვნება თანდათან ჩვევად ექცა. განათლებასთან, დახვეწილ მანერებთან და გარეგნობასთან ერთად მას გამახვილებული ჰქონდა იუმორის გრძნობა. იუმორს კი, თავისი პრაგმატული ხასიათის წყალობით, წარმატებით იყენებდა საკუთარი მიზნების მისაღწევად. სერგი მდივანი სულ მალე ამერიკული ელიტის განუყრელ ნაწილად იქცა. წარმატებაში კი პიროვნული თვისებების გარდა ერთმა კურიოზულმა ფაქტმა ძალიან შეუწყო ხელი. საქმე იმაშია, რომ მდივნები აზნაურები იყვნენ, მათ პასპორტებში ამ არცთუ მაღალი წოდების აღმნიშვნელად “პრინცი” ეწერათ. რაც ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ზოგადად არისტოკრატიულ  წარმოშობას აღნიშნავს, მაგრამ ინგლისურენოვან ამერიკაში ეს წოდება სამეფო გვარის შთამომავალს გაუტოლდა.

1925 წ. სერგიმ ძმის – დავითისა და კინოვარსკვლავ მეი მიურეის ქორწილში მუნჯი კინოს ვარსკვლავი პოლა ნეგრი გაიცნო. პოლა ნეგრი ძირითადად საბედისწერო ქალის როლებს თამაშობდა. მის ხიბლს ვერც ჩარლი ჩაპლინმა გაუძლო. თუმცა, ჩარლისა და პოლას ქორწინებამ მხოლოდ მანამდე გასტანა, სანამ პოლა ჰოლივუდის არანაკლებ ცნობილ ვარსკვლავთან, რუდოლფო ვალენტინოსთან გააბამდა რომანს. ვალენტინო 1926 წ. გარდაიცვალა, პოლამ განსვენებულ მეუღლეს 5000 ვარდი მიართვა, კუბოსთან გონება დაკარგა… და სულ მალე სერგი მდივანს გაჰყვა ცოლად.

პოლა ნეგრი იმ დროისთვის ყველაზე მდიდარ კინოვარსკვლავად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხმოვანი ფილმების გადაღება დაიწყეს, თავისი პოლონური აქცენტის გამო, პოლა როლებს ვეღარ იღებდა. ამას 1929 წლის საბირჟო კრიზისი დაემატა და კინოვარსკვლავმა მთელი ქონება დაკარგა. სერგი მდივანს დიდხანს არ უფიქრია, ისე მიატოვა გაკოტრებული პოლა ნეგრი და რომანი ასევე ცნობილ კინომსახიობთან, გლორია სვინსონთან გააბა.

1931 წ. 27 აპრილს სერგიმ ცოლად ოპერის მომღერალი მერი მაკკორმაკი შეირთო, თუმცა ეს ქორწინება 1933 წ. ხმაურიანი განქორწინებით დასრულდა. შემდგომში მერი მაკკორმაკი აცხადებდა, რომ თანაცხოვრების პერიოდში სერგი მას ხშირად აყენებდა შეურაცხყოფას.

სერგი მდივანმა ძმასთან – დავითთან ერთად ბიზნესი წამოიწყო და ნავთობის კომპანია “Pacific Shore Oil go” დააარსა.

1936 წ. სერგი მდივანმა ცოლად ყოფილი რძალი (გარდაცვლილი ძმის ალექსის მეუღლე) უმდიდრესი ლუიზა ასტორ ვან ალენი შეირთო. სერგის გარდაცვალების შესახებ სხვადასხვა ვერსიაა. ერთი ვერსიით,  ქორწინებიდან ერთი თვის თავზე პოლოს თამაშისას, ხოლო ხოლო მეორე ვერსიით, ფლორიდაში ფილმის გადაღებისას ცხენიდან ჩამოვარდა და გარდაიცვალა.

XX ს–ის 20-30-იანი წლების ევროპული და ამერიკული პრესა ძალიან ბევრს წერდა “მექორწილე მდივნების” შესახებ. მათ ხან აქებდნენ, ხან აძაგებდნენ. ფაქტი კი ერთია, “ძმები მდივნების ჯადოს” წინაშე უძლურნი იყვნენ ამერიკის ყველაზე მდიდარი და ყველაზე წარმატებული ქალები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები