ღირსებისა და თავისუფლებისთვის – 9 წელი მაიდნის მოვლენებიდან
9 წლის ბიჭი დაიღუპა ხარკოვში, მძიმე საარტილერიო დარტყმის შედეგად. 9 წლის ბიჭი რუსული თავდასხმის შედეგად დაიღუპა. 9 წლის ბიჭი დაიღუპა, როდესაც ოკუპანტებმა ზელენოდოლსკს დაარტყეს.
„რატომღაც, მაიდანს თქვენთან არავინ ახსენებს“, – წელიწად-ნახევრის წინ გაკვირვებული კითხულობდა კიევში ჩასული ლონდონელი ჟურნალისტი.
მაშინ მართლაც ისე ჩანდა, რომ ღირსების რევოლუცია დღის წესრიგიდან მოიხსნა და საკუთარი თავის შემდეგ მხოლოდ ყოველწლიური სახელმწიფო დღესასწაული დატოვა – თავისუფლების და ღირსების დღე – 21 ნოემბერი, მემორიალური დაფები, საზეიმოდ მიძღვნილი ყვავილები და პოლიტიკოსების რიტუალური ფრაზები გმირებისადმი, რომლებიც არასდროს კვდებიან.
ნებისმიერი ხელისუფლებისთვის მაიდნის სულისკვეთება უხერხული შეხსენებაა იმისა, რომ ისინი დროებითი არიან.
9 წლის განმავლობაში მაიდანი ნეორელიგიის მსგავსი რამ გახდა. ყველა მისი ატრიბუტით – ევანგელისტებით, აპოკრიფებით და კულტის მსახურებით.
მონაწილეებს სჯერათ, აგნოსტიკები მტკიცებულებას ითხოვენ, ათეისტები უარყოფენ. უკანასკნელთა მრწამსი ასეთია: „რომ არა 2013 წლის მაიდანი, ახლა ვიცხოვრებდით მშვიდობით, ყირიმი და დონბასი არ იქნებოდა ოკუპირებული და დოლარი 8 გრივნა იქნებოდა“.
ის, რომ მაიდნის გარეშე რუსეთი არა ნაწილს, არამედ მთელ უკრაინას დაიპყრობდა ერთი გასროლის გარეშე, მათთვის არგუმენტი არ არის.
ღირსების რევოლუციის მსხვერპლთა ხსენება არა დაღუპულთა კულტი, არამედ მადლიერებაა. დრო თითქოს ამ ტკივილს ცხოვრებასთან აერთიანებს.
კითხვა, რომელიც 9 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც დაუსვია ყველა უკრაინელს საკუთარი თავისთვის: გამოხვიდოდი თუ არა მაიდანზე 2013 წლის შემოდგომას, რომ გცოდნოდა, რა გელოდება დროთა განმავლობაში?
ბევრისთვის ამ კითხვაზე პასუხი 2022 წლის 24 თებერვალს პირველ რუსულ რაკეტასთან ერთად მოფრინდა, როდესაც რუსეთის ომის ჰიბრიდული ფორმებიდან დაუფარავ აგრესიაზე გადავიდა. სარაკეტო თავდასხმის დროს ადვილად გახსენდება, რის გამო მოხდა ღირსების რევოლუცია.
არა ინტერესებისთვის, არამედ ღირებულებებისა და იმ ფასისთვის, რომელსაც ამ ღირებულებების ერთგულებისთვის იხდი. არა წარსულისგან გაქცევისთვის, არამედ მომავლისთვის, რომელსაც ირჩევ შენთვის და შენი შვილებისთვის. და კიდევ, ისტორიის განუწყვეტლობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ითვლება, თითქოს ნებისმიერი რევოლუცია – ეს ისტორიის დინების ხელოვნური შეწყვეტაა.
ღირსების რევოლუციის თანატოლები დღეს თავშესაფარში, ოკუპაციაში და მთელ მსოფლიოში არიან მიმოფანტულები. ისინი, ვინც „რუსულმა მშვიდობამ“ არ მოკლა. დღეს რაკეტებს ხატავენ თავიანთი სახლების თავზე. ზოგიერთმა მათგანმა დაკარგა ახლობლები. ბევრი სახლ-კარის გარეშე დარჩა. სახლის გარეშე ქვეყანაში, რომლისაც არ გრცხვენია.
გაიგებენ თუ არა ისინი, როდესაც გაიზრდებიან, ამ არჩევანს, რომელიც ამ თაობამ გააკეთა 2013 წელს საკუთარი ღირებულებებისთვის და საკუთარი ადგილისთვის ცის ქვეშ? ცისთვის, რომელიც დღეს ოკუპანტის რაკეტებითაა აჭრელებული.
სტატიის ორიგინალი ვერსია ეკუთვნის Українська правда-ს