ელენე ჩიკვაიძე – უნიჭიერესი და ულამაზესი ბალერინა
ელენა გიორგის ასული ჩიკვაიძე დაიბადა თბილისში, 1910 წლის 17 ნოემბერს. სწავლობდა მ. პერინის კერძო ქორეოგრაფიულ სტუდიაში. 1924–1925 წლებში იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი. 1929 წელს დაამთავრა ლენინგრადის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. პედაგოგები: ა. ვაგანოვა და მ. რომანოვა. 1929–1941 წლებში იგი მოღვაწეობდა კიროვის სახელობის ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრში. ამ სცენაზე შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია ხასინტას პარტია კრეინის ბალეტ „ლაურენსიაში“ (1939) და მანიჟე (1938) ა. ბალანჩივაძის ბალეტიდან „მთების გული“ (ბალეტმაისტერი: ვახტანგ ჭაბუკიანი). ელენა ჩიკვაიძე იყო ამ როლების პირველი შემსრულებელი. სხვა პარტიები: ფეია ვიოლანტი, პრინცესა ფლორინა, ოდეტა–ოდილია, ჯულიეტა (ჩაიკოვსკი „მძინარე მზეთუნახავი, „გედების ტბა“, „რომეო და ჯულიეტა“) და სხვა.
1938 წელს ელენა ჩიკვაიძე პარალელურად მოღვაწეობდა ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის მცირე თეატრში, სადაც განასახიერა ჩერქეზი ქალი ასაფიევის ბალეტში „კავკასიელი ტყვე“ (ბალეტმაისტერი: ლ. ლავროვსკი); 1941–1943 წლებში ცეკვავდა ა. სპენდიაროვის სახელობის ერევნის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში; 1951 წელს, ბალეტის სხვა ცნობილ მოცეკვავეებთან ერთად, გადაიღეს ფილმში „დიდი კონცერტი“; 1943–1957 წლებში იყო მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი; 1956–1982 წლებში აქვე განაგრძო მუშაობა ბალეტმაისტერ–რეპეტიტორად. თითქმის 20 წლის მანძილზე ამავე თეატრის მთავარი ბალეტმაისტერი იყო მისი მეუღლე ლეონიდ ლავროვსკი.
1948 წელს ელენა ჩიკვაიძეს მიენიჭა რსფსრ დამსახურებული არტისტის წოდება; 1954–1956 წლებში ასწავლიდა მოსკოვის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში; 1976 წლიდან იგი გახდა რსფსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
მშობლების გზას გაჰყვა მათი ვაჟი მიხეილ ლავროვსკიც. იგი დაიბადა თბილისში, 1941 წლის 29 ოქტომბერს. 1983–1985 წლებში ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო.
ღვაწლმოსილი ბალერინა გარდაიცვალა 1996 წლის მაისში, მოსკოვში.