საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-9 როტაციის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი – რომან ჯოხაძე და გვარდიის სხვა წარმომადგენლები დახვდნენ. მათ პირად შემადგენლობას მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს.
ეროვნული გვარდიის ნაკრები, ოცეული კაპიტან ამირან ბიჭაშვილის მეთაურობით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, „მპოკოს“ ბაზაზე, მოანას კემპზე სამხედრო-საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ექვსი თვის განმავლობაში ასრულებდა. მათ მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოება, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება წარმოადგენდა. ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში უფლებამოსილება ეროვნული გვარდიის მე-10 როტაციის ნაკრებმა ოცეულმა უკვე გადაიბარა.
ქართული სამხედრო კონტინგენტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ახალ – სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) 2017 წლის 31 იანვრიდან მონაწილეობს. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს თავდაცვის ძალების კონტინგენტი პირველად 2014 წლის ივნისში ასეულის დონის ქვედანაყოფით ჩაერთო.