როგორ ცხოვრობს კაიროს „მენაგვეთა იმპერია“, რომელიც ეგვიპტის ხელისუფლებას თავის წესებს კარნახობს

კაიროსა და მის შემოგარენში, დაახლოებით, 25 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქი-გიგანტი წარმოუდგენლად ბევრ ნარჩენს წარმოქმნის, რომელმაც შეიძლება მთელი ქალაქი წამებში დაფაროს, მაგრამ ეს არ ხდება, ვინაიდან სისუფთავის სადარაჯოზე მთელი „იმპერია“ დგას. „მენაგვეთა უბანი“ (მანშიატ-ნასირი) არასასიამოვნო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე საქმიანი ცენტრი.
1969 წელს კაიროს მერმა საზოგადოებას შესთავაზა  ყველა მენაგვის ერთ კვარტალში დასახლება. მანშიატ-ნასირი ათასობით კაიროელის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი გახდა – მათი, ვინც თავის ცხოვრებას ნაგავსა და მის უტილიზაციას უკავშირებდა. ქალაქის ეს ნაწილი ვითარდებოდა და იზრდებოდა. ახლა კვარტალში 260 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
„მენაგვეთა კვარტლის“ თითქმის ყველა მოსახლე ეგვიპტელი მართლმადიდებელი ქრისტიანია.
ყველას,  ვინც ამ უბანში პირველად ამოყოფს თავს, საშინელი, ენით აღუწერელი სიმყრალე ხვდება ცხვირში. ეს დამპალი ხილის, გაფუჭებული პროდუქტებისა და გახრწნილი ცხოველების ლეშის სუნია. ადგილობრივები დასცინიან ახალ სტუმრებს და არწმუნებენ, რომ რამდენიმე საათში ადამიანი ვერაფერს იგრძნობს. მანშიატ-ნასირის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ერთსა და იმავე პროფესიას ფლობს – დამხარისხებელი, ან არაბულად „ზაბალინ“. ეს სიტყვა ითარგმნება როგორც „ნაგვის ხალხი“.
დამხარისხებლების მთელი ცხოვრება, დაბადებიდან გარდაცვალებამე, დიდი ქალაქის ნარჩენების გარემოცვაში გადის, რომელსაც ისინი ახარისხებენ და ნაგავს შორის ფასეულ ნივთებს ეძებენ.
დამლაგებლების თქმით, ჯერ არცერთი მათგანი არ გამხდარა მილიონერი, მაგრამ არც შიმშილით მომკვდარა ვინმე. ერთი სიტყვით, ნაგავსაყრელი აძლევს ამ ხალხს სტაბილურ სამუშაოს, რომელიც ყოველთვის იქნება. ახლაც, როდესაც კაიროში ბევრი რესტორანი, კაფე და მაღაზია დაიხურა კორონავირუსის ეპიდემიის გამო და უმუშევრობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, დამხარისხებლები არ გრძნობენ კრიზისს, რადგან ხალხი კვლავ აწარმოებს ნარჩენებს. დამლაგებლები, მცირე საფასურად, ნაგავს პირდაპირ მეტროპოლიის მაცხოვრებლების სახლებიდან იღებენ და თავიანთ„სურნელოვან“ კვარტალში მიაქვთ. ნაგვის აღრიცხვას არავინ აწარმოებას, მაგრამ ექსპერტების უმეტესობა ფიქრობს, რომ ეს თვეში, მინიმუმ, 200 000 ტონაა. ნაგვის მთები მათ ურმებით, ეტლებით და სატვირთო მანქანებით მოაქვთ, მაგრამ ყველაზე ხშირად – ზურგზე მოკიდებული ჩანთებით.

 

 

მოტანილი ნაგავი საგულდაგულოდ არის დახარისხებული, გამოყოფილია საკვების ნარჩენები, რომლებიც შინაური ცხოველების გამოსაკვებად გამოიყენება. შერჩეულია და გადამუშავდება მინა, რეზინი, ქაღალდი, ლითონები და ელექტრონული კომპონენტები. რაც რჩება – იწვება ან იყრება სწორედ იქ, მანშიატ-ნასირში. კვარტალის გზები და ტროტუარები იმალება ნაგვის სქელი ფენის ქვეშ. სუნის გარდა, ჰაერში სქელი, ტოქსიკური მტვერია.
ადგილობრივები ამბობენ, რომ კვარტალში ისეთი სუნია, ბუზებიც კი კვდებიან. შეიძლება, ეს სულაც არ არის ხუმრობა. საქმე იმაშია, რომ მიუხედავად უბნის სპეციფიკისა, იქ ბუზები მართლაც იშვიათობაა. ამასთანავე, დამხარისხებლები ამბობდნენ, რომ მათ უბნამდე covid-19 დღემდე არ მისულა, ვინაიდან ვირუსები ასეთ პირობებში, უბრალოდ, ნადგურდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები