ვინ იყო გიორგი გედევანიშვილი (სევერსკი), რომელსაც უმაღლესი პილოტაჟის საუკეთესო მცოდნედ და ბრწყინვალე მფრინავ-გამანადგურებლად იცნობდნენ

გიორგი ნიკოლოზის ძე სევერსკი (გედევანიშვილი), რუსეთში ცნობილი, როგორც პროკოფიევ-სევერსკი, დაიბადა თბილისში, 1895 წლის 4 დეკემბერს. მისი წინაპრები თავადები იყვნენ და სამხედრო საქმეს ემსახურებოდნენ. ბაბუა, გიორგი პროკოფიევი პოლკოვნიკი იყო და საინჟინრო ჯარებში მსახურობდა. ტრადიციის გაგრძელებას აპირებდა მისი ვაჟიც, მაგრამ ნიკოლოზ პროკოფიევი იმდენად გატაცებული იყო მუსიკით, რომ ცდუნებას ვერ გაუძლო და გახდა ცნობილი მომღერალი, რეჟისორი და თეატრის მფლობელი პეტერბურგში (მისი სასცენო სახელია სევერსკი). თუმცა, წლების შემდეგ ავიაციამ გაიტაცა, ეს საქმე შეისწავლა და პირველი მსოფლიო ომის დროს პორუჩიკის ჩინით მსახურობდა ინსტრუქტორად გატჩინის საფრენოსნო ოფიცერთა სკოლაში.

ნიკოლოზ სევერსკიმ 1893 წელს, თბილისში გასტროლების დროს გაიცნო მომავალი მეუღლე, მსახიობი ვერა პრესმანი. თბილისში დაიბადა მათი ორივე ვაჟიც, ალექსანდრე და გიორგი.

გიორგიმ დაამთავრა კადეტთა პირველი კორპუსი (1912) და პავლეს სამხედრო სასწავლებელი (1914).

პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე სწავლობდა თვითმფრინავის მართვას გატჩინის სამხედრო აეროდრომზე. ომის დასაწყისში ბრძოლაში ჩაერთო 72-ე ქვეითთა ტულის პოლკის შემადგენლობაში, პოდპორუჩიკის წოდებით. მაგრამ მალე კვლავ ავიაციაში დაბრუნდა.

1915 წლის ივლისში გიორგის თვითმფრინავმა ავარია განიცადა. თავად მან ორივე ფეხის რთული მოტეხილობა მიიღო. გამოჯანმრთელების შემდეგ ზურგში დატოვეს ავიაინსტრუქტორად.

1916 წლის ივლისში, პორუჩიკის წოდებით, დაამთავრა სევასტოპოლის (კაჩინის) ავიაციის სკოლა და კვლავ მოქმედ არმიაში გაემგზავრა. ბრძოლებში თავი ისახელა, როგორც უმაღლესი პილოტაჟის საუკეთესო მცოდნემ და ბრწყინვალე მფრინავ-გამანადგურებელმა. კაპიტნის რანგში მეთაურობდა გამანადგურებელთა მე-6 საავიაციო რაზმს.

1917 წლის რევოლუცია არ მიიღო. წითლების წინააღმდეგ იბრძოდა გენერალ დენიკინის არმიის რიგებში. როცა თეთრების არმიის მდგომარეობა უიმედო გახდა გიორგიმ და პილოტების ერთმა ჯგუფმა თვითმფრინავები საქართველოს სამხედრო აეროდრომზე გადაიყვანეს, რათა ბოლშევიკებს არ ჩავარდნოდათ ხელში.

ემიგრაციაში მამასთან ერთად წავიდა, ჯერ თურქეთში, კონსტანტინოპოლში იყო, სადაც ავტომექანიკოსად მუშაობდა. 1923 წელს პარიზში გადავიდნენ. გიორგიმ ჯერ ტაქსის მძღოლის ადგილი იშოვა, ხოლო შემდეგ მამას მიჰბაძა და დაიწყო გამოსვლები, როგორც შანსონიემ, რესტორნებში.

მამისგან მემკვიდრეობით ერგო სასიამოვნო ტემბრის ხმა. ისიც მშვენივრად ასრულებდა ძველ რუსულ რომანსებს. ზოგჯერ მამა-შვილი ერთადაც გამოდიოდა.

მალე პოპულარული დასავლური სიმღერების შესრულებაც დაიწყო და ძალიან პოპულარული გახდა.

„ჟორჟ სევერსკის“ პარიზის საუკეთესო კლუბები და რესტორნები ეპატიჟებოდნენ. განსაკუთრებით მოსწონდათ სიმღერა „ქარავანი“. რამდენიმე მუსიკალური ნომერი გრამფირფიტაზეც ჩაწერა ფირმა „Victor“-ში.

საფრანგეთში რამდენიმე წლის ცხოვრების შემდეგ გიორგის კვლავ მიეცა ფრენის საშუალება. მან პატარა, საკუთარი თვითმფრინავით რამდენჯერმე ლა-მანშიც გადალახა, ინგლისში ჩავიდა და კონცერტიც ჩაატარა კაზინო-რესტორან „ხუნგარიაში“.

როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, ერთ-ერთი ფრენის დროს მისმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. მას სპორტულ ჟურნალთან კონტრაქტი ჰქონდა დადებული, რათა ფოტოგრაფს ახლო ხედით გადაეღო თვითმფრინავიდან ველორბოლის ამსახველი ფოტოები. ერთ-ერთი გაფრენის დროს პირინეებში, თვითმფრინავი ძალიან დაბლა მიფრინავდა და მთას შეეჯახა. გიორგიმ მრავლობითი მოტეხილობა მიიღო, მაგრამ გადარჩა.

ნიკოლოზ პროკოფიევ-სევერსკის უფროსი ვაჟი, ალექსანდრე სევერსკი (1894 – 1974) ემიგრაციაში ამერიკაში წავიდა. იგი ცნობილი გამომგონებელი, ავიაკონსტრუქტორი გახდა. მისი დაარსებულია კორპორაცია “Seversky Aircraft Corporation”, სადაც ის იყო პრეზიდენტი, მთავარი ინჟინერი, დიზაინერი და გამომცდელი პილოტი.

1950 წელს გიორგი სევერსკი, მეუღლესთან, რენე სევერსკაიასთან ერთად, საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. მუშაობა დაიწყო ექსპერტად ძმის ფირმაში- „რიპაბლიკ ავიეიშენში“, მონაწილეობდა ახალი სამხედრო თვითმფრინავების შექმნაში.

პარალელურად საკონცერტო მოღვაწეობასაც აგრძელებდა და მალე აქაც პოპულარული გახდა. 1951 წელს დადგა მამის, ნიკოლოზ სევერსკის ოპერეტა „ ბოშური სიმღერები სახეებში“, სადაც მთავარი როლი თავად განასახიერა. გარდა ამისა,  „ჟორჟ სევერსკის“ სახელით ჩაწერა ალბომი გრამფირფიტების ფირმებში  „ Barclay“, „Tanagra Rekording Company“ და სხვა.

ცხოვრების ბოლო წლებში გული აწუხებდა, ელექტროკარდიოსტიმულატორით ცოცხლობდა. გარდაიცვალა გულის შეტევით, 1972 წლის 27 მარტს, ბოსტონის ჰოსპიტალში.

ემიგრაციაში გიორგი სევერსკი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საზოგადოებრივ, საქველმოქმედო საქმიანობებშიც: იყო „Auto-Journal“-ის სპორტული ჟურნალისტი; კადეტთა პირველი კორპუსის ყოფილ აღსაზრდელთა გაერთიანების თავმჯდომარე; საფრანგეთში მყოფ რუს სამხედრო მფრინავთა კავშირის გამგეობის, პავლეს სამხედრო სასწავლებლის ყოფილ აღსაზრდელთა გაერთიანების კადეტთა საყოველთაო გაერთიანებისა და  ჟურნალ „Военная быль“-ის მეგობართა საზოგადოების წევრი; საზღვარგარეთ მცხოვრებ რუს ბავშვთა დახმარების საზოგადოების, ნიუ-იორკის რუს სამხედრო ინვალიდთა კავშირისა და ამერიკის ყოფილ რუს მფრინავთა კავშირის ვიცე-თავმჯდომარე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები