აჰმედ ოზქანი (მელაშვილი) – კაცი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა თურქეთში მცხოვრები ქართველების ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძების საქმეში

მუჰაჯირ ქართველთა შთამომავლის აჰმედ მელაშვილის მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა თურქეთის ქართველების ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძების საქმეში.

აჰმედ მელაშვილი სოფ. ბალიქესირში დაიბადა, ენა ქართულად აიდგა, დაამთავრა ქ. იზმირის ლიცეუმი და სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი. სტამბოლში ყოფნისას ის დაუახლოვდა სტამბოლის ქართველთა სავანეს. სავანეში მოღვაწე ქართველი მღვდლის დახმარებით კარგად შეისწავლა ქართული წერა–კითხვა, საქართველოს ისტორია და კულტურა.

მთელი ცხოვრების მანძილზე აჰმედ მელაშვილი თავდაუზოგავად იღვწოდა მშობლიური ენისა და კულტურის გადასარჩენად. გასული საუკუნის 60-იან წლებში, სოფ. ჰაირიეში მან დააარსა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, ქ. ინეგოლში–”კავკასიის კულტურის საზოგადოება”. აჰმედ მელაშვილი ზრუნავდა არა მარტო ქართულ კულტურაზე, არამედ ცდილობდა შემოენახა და გადაერჩინა კავკასიური კულტურაც. ამის გამო ის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა თურქეთის აფხაზურ და ჩრდილო–კავკასიურ დიასპორებში.

1955 წელს აჰმედ მელაშვილი დაქორწინდა მაჭახელელი მუჰაჯირების შთამომავალზე, იუქსელ ერგუნზე. წყვილს 1956 წელს ვაჟი იბერია, ხოლო 1957 ქალიშვილი თამარი შეეძინათ.

აჰმედ მელაშვილის მიერ განხორციელებული ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პროექტია 1969 წელს სტამბოლში გამოცემული წიგნი “გურჯისტანი”. “გურჯისტანის” გამოცემა ეპოქალური მოვლენა იყო თურქეთის ქართველებისათვის, მათ პირველად მიეწოდათ რეალური მასალა საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის შესახებ.

1977 წელს აჰმედ მელაშვილმა მოამზადა და გამოსაცემად ევროპაში გაგზავნა ჟურნალი “ჩვენებურების” პირველი ნომერი, რომელიც შვედეთში, სტოკჰოლმში გამოიცა. ჟურნალმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თურქეთის ქართველთა კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში.

აჰემდ მელაშვილის მოღვაწეობის მრავალი ასპექტია ცნობილი: მან დიდი ღვაწლი დასდო ქართულ ფოლკლორს, შეკრიბა თურქეთის ქართველებში შემორჩენილი ლეგენდები, გადმოცემები, საგვარეულო ისტორიები, ანდაზები, გამოცანები, სიმღერათა ტექსტები და სხვა სახის მასალები, თურქულად თარგმნა და გამოსცა ქართული ლიტერატურის ნიმუშები, გამოაქვეყნა სტატიები საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ, სიცოცხლის ბოლო წლებში თარგმნიდა “ვეფხისტყაოსანს”, მაგრამ მისი გამოცემა ვეღარ მოასწრო.

აჰმედ მელაშვილის დაღუპვა (მოკლეს 1980 წლის 5 ივლისს ბურსაში. მკვლელობის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. თავდამსხმელებმა მძიმედ დაჭრეს აჰმედის ვაჟი იბერია, რომელიც სიკვდილს გადაურჩა) დიდი ტრაგედია იყო თურქეთის ქართველებისათვის.  მისი მკვლელობით, დიდი ხნით შეფერხდა ქართველთა ეთნიკური კულტურის გადარჩენის საქმე.

სოფ. ჰაირიეში მუჰაჯირ ქართველთა ღირსეული შთამომავლის საფლავის ქვას ქართულად აწერია: “მე უკვდავებისათვის კი არა, ჩემი ხალხისთვის ვიცხოვრე”.

აჰმედ მელაშვილი იყო კაცი, რომელიც უანგაროდ და თავდადებულად ემსახურა ისტორიული სამშობლოს სიყვარულს. მისი მოღვაწეობის შედეგი თურქეთის ქართველთა ეთნიკური თვითშეგნების ზრდა და შემდგომი განვითარებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები