ალბერტ პირპოინტი – იმპერიის უკანასკნელი ჯალათი

ამბობენ, რომ ალბერტ პირპოინტმა 433 კაცი და 17 ქალი დასაჯა სიკვდილით, მათ შორის, 200 ნაცისტი. დადიოდა ხმები, რომ მან თავისი საუკეთესო მეგობარი ჩამოახრჩო და ერთხელ უარი თქვა სიკვდილით დასჯაზე, რადგან ადგილზე არ იყო კუბო.

ბრიტანული იმპერიის უკანასკნელ ჯალათს ძალიან ბევრი ისტორია უკავშირდება. დღეს რთული სათქმელია, რა არის სიმართლე და რა გამოგონილი – სავარაუდოდ, ჩვენ ვერასდროს გავიგებთ ამ მაღალი, მოღიმარი, მსგავსი პროფესიის მქონე ადამიანის ყველა საიდუმლოს.

ალბერტ პირპოინტი 1905 წელს, სამხრეთ იორკშირში დაიბადა სამეფო ჯალათის, ჰენრი პირპოინტის ოჯახში. ბიჭუნას ბიძაც ჯალათი იყო, ამიტომ სავსებთ ბუნებრივია, რომ სკოლის ესეებში, თემაზე – „ვინ გამოვალ, როცა გავიზრდები“ – ყმაწვილი პირპოინტი გულახდილად საუბრობდა თავისი სურვილების შესახებ. ჰენრი პირპოინტმა ძალიან მალე დატოვა საკუთარი პროფესია, მაგრამ მისი ძმა, ტომი აგრძელებდა მუშაობა და დიდ დროს უთმობდა აღნიშნული საკითხის თეორიულ ნაწილს.

ეშაფოტის მომავალი „ვირტუოზი“ ბიძის სამუშაო დღიურებს კითხულობდა, სადაც ის დეტალურად აღწერდა სიკვდილით დასჯას და აანალიზებდა მათ პროცესში დაშვებულ შეცდომებს. მიუხედავად თავისი ინტერესებისა, ალბერტი თავიდანვე ჯალათი არ გამხდარა. ახალგაზრდამ ფაბრიკაში მუშაობა მოასწრო, დაეუფლა სხვადასხვა პროფესიას და გამოცადა საკუთარი თავი კომერციაში. მხოლოდ 25 წლის ასაკში ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელმაც საკუთარი თავი სხვაგან ვერსად იპოვა, მოთხოვნა დაწერა ციხის კომისიაში და ჯალათის დამხმარედ დასაქმდა ლონდონის ციხეში. პირველად ალბერტი, ჯალათის ასისტენტის სახით, 1932 წლის 29 დეკემბერს წარდგა, ხოლო ერთი წლის შემდეგ დაწინაურდა და თავად გახდა ჯალათი. იმ დროს ჯალათები თავისუფალი გრაფიკით მუშაობდნენ, სამსახურში მაშინ გამოჩნდებოდნენ, როცა საჭირონი ხდებოდნენ და კარგ ანაზღაურებასაც იღებდნენ. ამან პირპოინტს საშუალება მისცა, რომ მომავალ მეუღლეზე, ენიზე ექორწინა.

ალბერტის მეუღლემ მისი სამსახურის შესახებ იცოდა, მაგრამ იშვიათად ინტერესდებოდა დეტალებით. თავად პირპოინტი კი საყვარელ საქმეს სრული სერიოზულობით უდგებოდა. სიკვდილით დასჯამდე ერთი დღით ადრე ის თავად ეწვეოდა სიკვდილმისჯილს და მის ზუსტ სიმაღლესა და წონას არკვევდა. ეს ინფორმაცია ალბერტს იმისთვის სჭირდებოდა, რომ ზუსტად გაეთვალა თოკის სიგრძე.  ასეთ მნიშვნელოვან ნიუანსს შეიძლება გავლენა მოეხდინა მუშაობის ხარისხზე. ზედმეტად მოკლე თოკის გამო, სიკვდილმისჯილი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ტანჯვით იღუპება, ხოლო ზედმეტად გრძელი თოკი ძალიან მალე კლავდა სიკვდილმისჯილს. თუმცა, ეს უკანასკნელი კიდევ უფრო მეტად არაესთეტიკური სანახვი იყო, რადგან ხშირ შემთხვევაში, გრძელი თოკი ადამიანს თავს აგლეჯდა.

ალბერტი ძალიან მაღალკვალიფიციური ჯალათი იყო, ზუსტად ამიტომ მას დიდი ნდობა ჰქონდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ალბერტს „პატივი ერგო“, ნაცისტი დამნაშავეები ჩამოეხრჩო, რომელთაც ნიურნბერგში სიკვდილი მიუსაჯეს. მას ხშირად იწვევდნენ გერმანიაში. საერთო ჯამში, ჯალათი 25-ჯერ გაემგზავრა სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად. მისი ოჯახის შემოსავალი იზრდებოდა.  პირპოინტებმა პაბიც კი იყიდეს მანჩესტერ-როუდზე.

ალბერტი საკუთარ პაბში ლუდს ასხამს

ჯალათის პროფესიას თავისი ნიუანსები ჰქონდა – ალბერტის და მისი მეუღლის პაბში მომხმარებლები მხოლოდ ალბერტის სანახავად შედიოდნენ, მაგრამ ბიზნესი ამის გამო არ ყვაოდა. ადგილის და დასახელების შეცვლის შემდეგ მათ წარმატებას მაინც ვერ მიაღწიეს და საბოლოოდ, მიატოვეს ეს საქმე.  ბრიტანეთის უკანასკნელი ჯალათი პენსიაზე 1956 წელს გავიდა.

ამბობენ, რომ ალბერტი ერთადერთი ჯალათი იყო დიდი ბრიტანეთის ისტორიაში, რომელსაც სამსახურში დაბრუნებას სთხოვდნენ.

უკანასკნელი წლები მეუღლეებმა საუთპორტში გაატარეს, სადაც ჯერ ენი გარდაიცვალა, ხოლო 1992 წელს თავად ალბერტიც. ცხოვრების ბოლო 4 წელი ჯალათმა ადგილობრივ მოხუცთა თავშესაფარში გაატარა, ვინაიდან მას ახლობლები არ ჰყავდა.

ალბერტ პირპოინტზე გადაიღეს ბიოგრაფიული ფილმი „უკანასკნელი ჯალათი“(«The last hangman»), რომელიც 2006 წელს გამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები