ირანელი მამაკაცი, რომელსაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში არ უბანავია, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა
ამუ ჰაჯი, რომელსაც ირანელმა ჟურნალისტებმა „მსოფლიოში ყველაზე ჭუჭყიანი კაცი“ შეარქვეს, ფარსის პროვინციაში ცხოვრობდა და ნახევარ საუკუნეზე დიდხანს კატეგორიულ უარს აცხადებდა დაბანაზე, ვინაიდან პანიკურად ეშინოდა, რომ წყლისგან სასიკვდილოდ დაავადდებოდა.
ბიძია ჰაჯი, ფაქტობრივად, ადგილობრივი ღირსშესანიშნაობა იყო. დროდადრო მასთან მიდიოდნენ ჟურნალისტები, მათ შორის, დედაქალაქიდან, – რათა თავიანთი მკითხველები გაეხალისებინათ მორიგი სასაცილო ისტორიით.
მაგალითად, 2014 წელს Tehran Times-თან ინტერვიუში მან აღიარა, რომ ყველაზე მეტად მაჩვზღარბას ხორცი უყვარდა და უპირატესობას მიწიან სოროში ცხოვრებას ანიჭებდა, მაგრამ ხანდახან ქოხშიც ათევდა ღამეს, რომელიც სპეციალურად მისთვის ააშენა ხალხმა. თავისი ცხოვრების უჩვეულო წესს ის ხსნიდა იმით, რომ ახალგაზრდობაში გარკვეული ემოციური სტრესი მიიღო.
ამუ ჰაჯის, ასევე, ძალიან უყვარდა თამბაქო და ხანდახან რამდენიმე სიგარეტს ერთად ეწეოდა. მრავალი წლის განმავლობაში, ღრუბლის და საპნის გარეშე, განდეგილის კანი გაშავდა და ნალექით დაიფარა, მაგრამ ეს მამაკაცს არ აწუხებდა. როგორც ჩანს, დამპალმა საჭმელმა, რომლითაც ის იკვებებოდა და არც ისე ახალმა წყალმა, რომელსაც ის სვამდა, მამაკაცის ჯანმრთელობაზე ზეგავლენა არ იქონია.
თუმცა, როდესაც რამდენიმე თვის წინ თანასოფლელებმა მას დაბანა დააძალეს, მოვლენები ცუდად განვითარდა. ბიძია ჰაჯი დასუსტდა და გასულ კვირას დაიღუპა. რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, ცნობილი არ არის, მაგრამ, სავარაუდოდ, ჰიგიენური წესების მოულოდნელი ცვლილება მისთვის სასარგებლო არ აღმოჩნდა.