ფოთის თეატრმა გორში ილიას „განდეგილი“ წარმოადგინა
ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა გორის სცენაზე ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“ წარმოადგინა. სპექტაკლი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დაიდგა, პრემიერა საქართველოს რამდენსამე ქალაქში გაიმართება. პირველი თელავი იყო, ამჯერად კი – გორი.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, ამ პრემიერებით, ფაქტობრივად, დაიწყო ილია ჭავჭავაძის დაბადების 185 წლისთავის აღნიშვნა, რაც კიდევ არაერთ საიუბილეო პროექტს მოიცავს.
„გორში გამართულ პრემიერას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენდა ის ფაქტი, რომ სპექტაკლში მონაწილეობს ამ ქალაქის სახელგანთქმული ქალთა კამერული გუნდი, თეონა ცირამუას ხელმძღვანელობით.
ეს არის ლიტერატურულ – მუსიკალური კომპოზიცია, რომელიც ილიას პოემის საინტერესო სცენურ ვერსიას გვთავაზობს.
პროექტის ავტორია ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რამაზ იოსელიანი; რეჟისორი – გიორგი თავაძე, კომპოზიტორი – გოგი ჩლაიძე; მონაწილეობენ: რამაზ იოსელიანი, მარინა კახიანი, ბექა ჯუმუტია.
გორში გამართულ პრემიერას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
წინ კიდევ სამი პრემიერაა: 20 ოქტომბერს – ქუთაისში, 22 ოქტომბერს – სენაკში, 24 ოქტომბერს -ბათუმში,
26 ოქტომბერს – თბილისში, რუსთაველის ეროვნულ თეატრში.
დიდი ილიას იუბილეს აღნიშვნა კი წლის ბოლომდე გაგრძელდება“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.