თბილისის მერია ვაკის პარკის შადრევნის ე.წ. ტუმბოების შესახებ „ელ ემ სის“ წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს

თბილისის მერია ეხმაურება შპს „ელ ემ სის“ წარმომადგენლის მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მათ მიერ წარდგენილ პროექტში ვაკის პარკის შადრევნის ე.წ. ტუმბოები გარეთ იყო გამოტანილი და რომ პროექტი მათთვის გაუგებარი მიზეზით არის შეცვლილი.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ შპს „ელ ემ სის“ მიერ წარმოდგენილ პროექტში გარკვევით არის აღნიშნული: „ჰორიზონტალური-ჩაძირული ტუმბო მრგვალი შადრევნისთვის“. პროექტში ასევე, მითითებულია დანადგარის ტექნიკური მონაცემები. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, თბილისის მერიის, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მჭიდროდ თანამშრომლობენ საგამოძიებო უწყებასთან და მზად არიან, პასუხი გასცენ ყველა შეკითხვას. ასევე, პასუხი აგონ იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებით დადასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა გადაცდომას. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წლის 18 მაისს, ტენდერის შესაბამისად, გააფორმა ხელშეკრულება შპს „ელ ემ სისთან“, რომლის მიზანი იყო ვაკის პარკში არსებული შადრევნისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა“, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იმავე დღეს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები