ერთ–ერთი პირველი ქართველი პეიზაჟისტი და პორტრეტისტი ივანე გუგუნავა
ქართული მხატვრობის კლასიკოსი, ერთ–ერთი პირველი ქართველი პეიზაჟისტი და პორტრეტისტი, ივანე (ჩითან) გუგუნავა დაიბადა 1860 წლის 24 მარტს სოფელ ლიტვინოვოში (რუსეთი, ტულის ოლქის ბელიოვის რაიონი). მამამისი, თავადი გიორგი გუგუნავა საიმპერატორო არმიის ოფიცერი იყო, გრენადერების პოლკის პრაპორშჩიკი. მას ცოლად შეურთავს ლიტვინოვოში მცხოვრები მღვდლის, ნიკოლოზ ანდრეევსკის ასული, სოფიო. ივანე მათი უფროსი ვაჟია. როცა იგი ხუთი წლის იყო, გიორგი თავისუფალი აზრებისთვის სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს და ისიც, ოჯახთან ერთად, საქართველოსკენ გამოეშურა.
ბავშვობა ივანე გუგუნავამ (1865-1872) გურიის სოფელ ძიმითში, მამაპაპეულ სახლ–კარში გაატარა. ამ პერიოდში ქართული ენაც სრულყოფილად ისწავლა და ქართული ზნე–ჩვეულებებიც ზედმიწევნით აითვისა. 12 წლის იყო, როცა მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. განქორწინების პირობების მიხედვით ივანე დედამ წაიყვანა, მისი მომდევნო ძმა, ნიკო კი მამასთან დარჩა.
ივანე რუსეთში დასახლების შემდეგაც ყოველწლიურად სტუმრობდა საქართველოს. ზაფხულს ძიმითში ატარებდა და უმცროს და–ძმებთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა. სწავლობდა მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში (1875-1880), სადაც მისი პედაგოგები იყვნენ პროფესორები: ვ. პეროვი და ა. სავრასოვი. როგორც საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზეზ ვკითხულობთ, 1876 და 1877 წლებში სასწავლებელში მოწყობილ გამოფენებზე ივანე გუგუნავამ წარადგინა საქართველოს ბუნების ამსახველი პეიზაჟები და ეტიუდები. 1881–1886 წლებში სწავლა განაგრძო პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. სტუდენტობის პირველივე წელს ნატურიდან შესრულებული ერთ–ერთი ეტიუდისთვის ვერცხლის მცირე მედალი დაიმსახურა. 1888 წელს მან მიიღო „კლასგარეშე (თავისუფალი) მხატვრის“ წოდება. 1886–1887 წლებში, როგორც მხატვარი თანამშრომლობდა ჟურნალთან „მსოფლიო ილუსტრაცია“.
1891 წლამდე ივანე გუგუნავა ცხოვრობდა პეტერბურგში. 1892 წელს გადავიდა მოსკოვში. აქ იგი ჩაერთო მხატვართა წრეებისა და საზოგადოებების საქმიანობაში. იყო სამხრეთ რუსეთის მხატვართა ძმობის, მოსკოვის მხატვართა ამხანაგობისა და საზოგადოება „სრედას“ წევრი და ერთ–ერთი დამფუძნებელი. შედიოდა გამოფენების საორგანიზაციო ჯგუფში და თავადაც ხშირად იღებდა მონაწილეობას გამოფენებში. გარკვეული წლების მანძილზე ასწავლიდა მოსკოვის მე–5 ვაჟთა გიმნაზიაში.
1897–1901 წლებში, მამის გარდაცვალების გამო, დაბრუნდა საქართველოში. ცოლ–შვილიც ჩამოიყვანა და რამდენიმე წლის მანძილზე ცდილობდა ოჯახის საქმეების გამოსწორებას. 1902 წელს კვლავ გაემგზავრა და სიკვდილამდე ცხოვრობდა მოსკოვში. მონაწილეობდა მოსკოვის მხატვართა ამხანაგობის (1901–1913, 1916–1918), მხატვართა ახალი საზოგადოების (1910), მხატვრული დაჯგუფება „სრედას“ (1918) და სხვა გამოფენებში. 1911 წელს მონაწილეობა მიიღო მსოფლიო გამოფენაში რომში. მხატვრის სიცოცხლეში მისი ნაწარმოებები არასოდეს გამოფენილა სამშობლოში.
საქართველოში გატარებულმა ბავშვობის წლებმა გადამწყვეტი ზეგავლენა იქონიეს ივანე გუგუნავას შემოქმედებით ცხოვრებაზე, სამუდამოდ დააკავშირეს მშობლიურ ხალხთან და მის ბუნებასთან. მისი პირველი პეიზაჟები 1876-1877 წლებით თარიღდება. დახატული აქვს საქართველოს ბუნების ამსახველი 100–ზე მეტი სურათი. სამწუხაროდ უმეტესი ნაწილი დაკარგულია, რადგან გამოფენებზე სწრაფად იყიდებოდა და მათი შემდგომი ბედი უცნობია. მის მიერ შექმნილი სურათების უმრავლესობის მხოლოდ სახელწოდებები ვიცით საგამოფენო კატალოგებიდან და სხვა საარქივო მასალებიდან.
ივანე გუგუნავას ძირითად ნამუშევრებად ითვლება: „კარ-მიდამო“; „ნაადრევი თოვლი“ (1877); „შემოდგომის დილა“ (1880); „ოკაზე”(1880); „წმინდა ეგორის დღეობა” (1890); „მოსკოვური ეზოები“; „ქართველი გლეხი“; „სუფსაზე“; „ტყემ ჩათვლიმა“; „ზამთრის თბილი დღე“; „ღამე“; „მზეზე“; „სპექტაკლის დასრულების შემდეგ“; „გაზაფხულის ღრუბლები“; „ზაფხულის დასაწყისში“; „გარეუბანი“; „რთველი“ და სხვა. მათი ნაწილი დაცულია ნიჟეგოროდის სახელმწიფო სამხატვრო მუზეუმში.
მხატვრის რამდენიმე ნამუშევარი საქართველოს ხელოვნების მუზეუმის საკუთრებაა: „გურული ოდა” (1893); “შემოღამება ბახვისწყალზე”; დების პორტრეტები: „ჩონგურზე დამკვრელი ქართველი ქალი”(1893) და „სალომეს პორტრეტი”(1893); ამ პორტრეტებში მან ქართველი ქალების განუმეორებელ სახეები გააცოცხლა, მით უფრო ეს ითქმის „სალომეს პორტრეტზე“, რომელსაც დამსახურებულად დაერქვა „ქართველი მადონას“ სახელი. ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ხელოვნების განყოფილებაში დაცულია: „პატარა სიმონ ჯახუტაშვილის”, „პატარა მაკას“ და მხატვრის ნახევარძმის „ვარდენის” პორტრეტები (1892-1893); ივანე გუგუნავას სახე შემოგვინახა თ. რემბერგის მიერ შესრულებულმა მისმა პორტრეტმა.
ივანე გუგუნავას მეუღლე იყო ანა კიპრიანის ასული კაბანოვა. ჰყავდათ სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. მხატვარი გარდაიცვალა 1919 წლის 8 თებერვალს მოსკოვში და იქვე დაკრძალეს. მისი ნეშტი იპოვეს მოლბერტის წინ, რომელზეც გურიის პეიზაჟი იყო გამოსახული.