ბათუმის ქალაქისთავი, რომელმაც ოსმალთა არმიის მიერ ბათუმის ოკუპირებისას ქალაქი არ მიატოვა

კონსტანტინე (კოწია) ბეჟანის ძე საბახტარაშვილი დაიბადა 1884 წლის თებერვლის თვეში ქუთაისის გუბერნიის ქალაქ ფოთში, შეძლებული მოქალაქის ოჯახში.

ჯერ კიდევ გიმნაზიის მოწაფე იყო, როცა რევოლუციურ მოძრაობას შეუერთდა. გიმნაზიის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. მუშაობდა „მენშევიკების“ ფრაქციაში.

1905 წელს, მოსკოვის შეიარაღებულ აჯანყებაში მონაწილეობის გამო, იძულებული გახდა სწავლა მიეტოვებინა და ფოთში დაბრუნებულიყო. აქ განაგრძობდა სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციებში მუშაობას. პოლიციამ მის კვალს მიაგნო, თუმცა მიმალვა მოასწრო და საზღვარგარეთ, შვეიცარიაში გაემგზავრა.

დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სადაც მიიღო მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი;

როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, ჟენევაში იგი ემიგრანტების სოციალ-დემოკრატიულ ჯგუფს შეუერთდა. მონაწილეობდა რუსეთის იმპერიიდან დევნილი სოციალისტი ემიგრანტების ორგანიზაციის მუშაობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. ამავე წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად.

თავდაპირველად მუშაობდა ფოთში, ადგილობრივ პარტიულ ორგანიზაციაში, საიდანაც მალევე მიიწვიეს ქალაქ ბათუმის განახლებული თვითმმართველობის ხელმძღვანელად – არჩეული იყო ბათუმის პირველ ქალაქისთავად. ამ პოსტზე დიდი ღირსებით გამოირჩეოდა და ადგილობრივ მცხოვრებთა სათანადო პატივისცემაც დაიმსახურა.

როდესაც ფრონტიდან გამოქცეული, გაბოლშევიკებული რუსის ჯარი ქალაქს არბევდა, კ. საბახტარაშვილს თავი ღირსეულად ეჭირა და თავგამოდებით ზრუნავდა ბათუმის მცხოვრებთა ფიზიკური გადარჩენისთვის.

იგი ქალაქში დარჩა და მოსახლეობა არ მიატოვა არც 1918 წელს, ოსმალთა არმიის მიერ ბათუმის ოკუპირებისას.

1918 წელს კ. საბახტარაშვილი, მცირე ხნით, იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. მუშაობდა შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგად, შემდგომ დაინიშნა გარეშე საქმეთა მინისტრის ამხანაგად.

1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით.

ხელმძღვანელობდა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების მიზნით იტალიაში წარგზავნილ დიპლომატიურ მისიას.

1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ უცხოეთში გაიხიზნა და იქ განაგრძო პოლიტიკური მოღვაწეობა.

აქტიურად მონაწილეობდა ევროპის ქვეყნების პოლიტიკურ წრეებთან არაოფიციალურ დიპლომატიურ მოლაპარაკებებში საქართველოს ოკუპაციის საკითხის შესახებ.

შედიოდა ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით პარიზში შექმნილ ცენტრალური საპროპაგანდო-სააგიტაციო კომისიის შემადგენლობაში, რომლის მიზანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასავლეთის სახელმწიფოების დაინტერესება.

1921 წლის 6-9 ივნისს, ს. მდივანთან ერთად, მონაწილეობდა ერთა ლიგის საზოგადოების მე-5 კონგრესის მუშაობაში. კონგრესმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ერთა ლიგის საბჭოსა და საერთო ყრილობისგან მოითხოვდა, მიეღოთ საჭირო ზომები, რათა პრინციპი ხალხთა თვითგამორკვევის უფლებისა საქართველოზეც გავრცელებულიყო.

1932 წელს ქრონიკული მენინგიტით დაავადდა და რამდენიმე წლის განმავლობაში ხან პარიზის საავადმყოფოებში იწვა, ხან სოფელ ლევილში, თავის ბინაზე.

გარდაიცვალა პარიზში, 1938 წლის 21 ივლისს. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები