ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც კინაღამ ცოცხლად დამარხეს – ბეტი რობინსონის ისტორია
1931 წლის ბოლოს ტრაგედია მოხდა, რომლის შედეგადაც ათლეტი გოგონა კინაღამ სიცოცხლეს გამოესალმა. იმ წლის 28 ივნისი ძალიან ცხელი დღე იყო. ბეტი შეჯიბრებისთვის ემზადებოდა და ამიტომ მისმა მწვრთნელმა ძალიან მკაცრად აუკრძალა ზღვაში ბანაობა, თითქოს, ცურვის დროს სხვა კუნთები მუშაობს და ამას შეეძლო შეჯიბრებაში ხელი შეეშალა. ამჟამად ეს ჰიპოთეზა ვერცერთ კრიტიკას ვერ უძლებს, მაგრამ მაშინ მორბენალი თავის მწვრთნელს ძალიან უჯერებდა.
ბეტიმ თავის ბიძაშვილს სთხოვა, მისი პატარა თვითმფრინავით გაესეირნებინა, რათა ფრენის დროს ცოტა გაგრილებულიყო. ნათესავი დიდი მონდომებით დათანხმდა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, თვითმფრინავი აფრინდა ყოველგვარი პრობლემის გარეშე, მაგრამ ჰაერში აწევისას ძრავმა უცნაური ხმების გამოცემა დაიწყო. ძალიან მალე თვითმფრინავი ჩამოვარდა და მცირე ზომის ჭაობში მოხვდა. მომხდარს ათობით თვითმხილველი ჰყავდა.
კატასტროფის ადგილას თვითმხილველები და ადგილობრივები ძალიან მალე მივიდნენ. მფრინავი და მგზავრი გოგონა უგონოდ იყვნენ. რობინსონს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა და ამიტომ ის შეცდომით, გარდაცვლილად ჩათვალეს და, საავადმყოფოს მაგივრად, პირდაპირ მორგში გადაიყვანეს. თუმცა, იქ, საბედნიეროდ, მალევე შეამჩნიეს შეცდომა და გაარკვიეს, რომ გოგონა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ათლეტს თავის მძიმე ტრავმა ჰქონდა, მოტეხილი კიდურები და მრავლობითი დაზიანება შიდა ორგანოებზე.
ბეტი რამდენიმე დღე კომაში იმყოფებოდა. თანდათანობით მისი მდგომარეობა დასტაბილურდა, გოგონა გონზე მოვიდა. მისი ბიძაშვილიც, რომელიც თვითმფრინავის პილოტი იყო, გადარჩა, მაგრამ მას გაცილებით ნაკლებად გაუმართლა – მამაკაცმა კატასტროფის შედეგად ფეხი დაკარგა.
ახალგაზრდა მორბენალმა გოგონამ, მიუხედავად ექიმების ცუდი პროგნოზებისა, ძალიან მალე დაიწყპ გამოკეთება. მიუხედავად ამისა, ასეთი სერიოზული ტრავმები უშედეგო არ დარჩებოდა. მას რამდენიმე რთული ოპერაცია ჩაუტარდა, მოტეხილ ფეხში ჩაუყენეს სპეციალური ვერცხლის მილი და დაახლოებით, ოთხი თვის მანძილზე ბეტი მხოლოდ შშმ პირის სავარძლით გადაადგილდებოდა, შემდეგ კი, ხელჯოხებით. დაზიანებული ფეხი, დაახლოებით, 1,25 სმ-ით მოკლე იყო. ბევრს უკვე არ სჯეროდა, რომ გოგონა ფეხზე დადგებოდა და მით უმეტეს, დიდ სპორტში დაბრუნდებოდა.
რობინსონი ფეხის ტრავმის გამო ვეღარ იღებდა მორბენალის სასტარტო პოზას. ამ მიზეზის გამო, 100-მეტრიანი დისტანციით სირბილის შეჯიბრში მონაწილეობა მან ვერ შეძლო, მაგრამ რობინსონი მაინც აგრძელებდა დიდებული შედეგების ჩვენებას. ცხადია, იმაზე ნაკლებს, ვიდრე კატასტროფამდე, მაგრამ მაინც სწრაფად დარბოდა. ამიტომაც ის ესტაფეტაში აიყვანეს, სადა სასტარტო პოზიციაში მხოლოდ პირველი მორბენალები დგებოდნენ, ხოლო ბეტი ბოლო მორბოდა. მაშინ ესტაფეტაში წინ მორბენალ გუნდის წევრს ესტაფეტის ჯოხი ძირს დაუვარდა, ხოლო ბეტიმ თავის მონაკვეთზე გარბენა იდეალურად შეასრულა და მისმა გუნდმა ოლიმპიური მედალი მოიპოვა.