“ტვ პირველმა” გელათთან დაკავშირებით მორიგი ყალბი ინფორმაცია გაავრცელა”
“ტვ პირველის” ერთ-ერთი გადაცემის ფარგლებში, 2022 წლის 9 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს, წვიმის წყლის ტაძარში ჩადინების და ლპობის პროცესის დაწყების გამო, გელათის სამონასტრო კომპლექსში დაზიანდა დავით აღმაშენებლის დროს გაწყობილი ღვთისმშობლის მოზაიკა და დაიწყო მისი ზედაპირის ცვენა, კერძოდ, ღვთისმშობლის სახეზე ღაწვის ადგილი. “ტვ პირველის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ასევე, ლაქები გაჩნდა მოზაიკის სხვა ადგილებზეც. ზემოაღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. უფრო მეტიც – მედიასაშუალების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი განზრახ სიცრუის ჩადენის დასანანი მაგალითია და, რასაკვირველია, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ეს კი პირდაპირ ეწინააღმდეგება მედიის ძირითად ფუნქციასა და დანიშნულებას”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
“სიუჟეტში საზოგადოებისათვის მიწოდებული ინფორმაცია, რომ თითქოს გელათში, ღვთისმშობლის მოზაიკის ღვთისმშობლის სახის ფრაგმენტი ახლა დაზიანდა/დღეს ზიანდება ელემენტარული სიცრუეა. მეცნიერული კვლევებით და პუბლიკაციებით დადასტურებული სინამდვილე კი ის არის, რომ მოზაიკის მთელი ქვედა ნაწილი და ღვთისმშობლის სახის ნაწილი დაზიანდა მე-16 საუკუნემდე. მე-16 საუკუნეში კი, ზუსტად ის ფრაგმენტი, რომელზეც ტვ პირველის სიუჟეტში იყო საუბარი, აღადგინეს ფრესკული ტექნიკით.
უფრო ზოგადად, ძირითადი ტაძრის საკურთხეველში, სადაც მოზაიკაა განთავსებული, მონასტერში 2020 წლამდე შექმნილი მძიმე ვითარების პერიოდშიც კი, წყალი არ ჩასულა. ამასთან, 2021 წელს, საკურთხეველში კედლის მხატვრობისა და მოზაიკის მონიტორინგმა დაზიანებები არ გამოავლინა, რის შემდეგაც, რელიგიური მსახურებისათვის ხელშეშლის თავიდან აცილების მიზნით, ხარაჩოები საკურთხევლიდან დროებით იქნა მოხსნილი.
ზუსტი შეფასება კი ხარაჩოსა და პროფესიული დაკვირვების გარეშე აბსოლუტურად შეუძლებელია, რის გამოც, საქმე გვაქვს, მედიასაშუალების მხრიდან, დეზინფორმაციის გავრცელების მორიგ შემთხვევასთან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.