დები ჰევილენდები – ომი, რომელიც ხელოვნებაში გადაიზარდა
ისტორიაში ბევრი მაგალითი არსებობს იმისა, თუ როგორ ომობდნენ და-ძმები ერთმანეთთან. ვიღაც ნაკლებად უყვარდათ ბავშვობაში, ზოგი გაცილებით წარმატებული, ნიჭიერი აღმოჩნდა, ზოგს კი, უბრალოდ, გაცილებით მეტად გაუმართლა. ჰევილენდების შემთხვევა მართლაც განსაკუთრებულია. თითოეულს სურდა დაემტკიცებინა, რომ მეორეზე უკეთესი იყო და ეს 80 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მათი შეჯიბრის მთავარი მიზეზი წითელი ხალიჩა გახდა.
2020 წლის 26 ივნისს გაზეთების გარე ყდებზე გამოჩნდა სათაური: „კინოს ლეგენდა ოლივია დე ჰევილენდი 104 წლის ასაკში, თავის სახლში, პარიზში დაიღუპა“. ამ მოულოდნელმა ახალმა ამბავმა ბევრს გული დაწყვიტა – გარდაიცვალა ჰოლივუდის ოქროს საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი.
როგორი იყო ცხოვრებაში მსახიობი, რომელმაც მელანი ჰამილტონ უილკსის როლი შეასრულა მარგარეტ მიტჩელის საკულტო რომანში „ქარწაღებულები“? ოლივია დაიბადა 1916 წლის წლის 1-ელ ივლისს ტოკიოში. მისი მამა ადვოკატი იყო და საიმპერატორო უნივერსიტეტის პროფესორი, დედა – თეატრის მსახიობი.
გოგონა დედის სიამაყე იყო, ნამდვილი პრინცესა – უკვე ბავშვობიდან ოლივიაზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, რისი თქმაც არ შეიძლება მის უმცროს დაზე – არანაკლებ მიმზიდველ, მაგრამ, დედის აზრით, მოუხერხებელ ჯოანზე. ლილიან ფონტეინმა მოასწრო კინოში გადაღება, მაგრამ შემდეგ ბავშვების აღზრდით დაკავდა, რომელთა გამო დროებით მიატოვა კარიერა და კალიფორნიაში გადავიდა საცხოვრებლად. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, დედის სიყვარული მასში მხოლოდ ერთი ქალიშვილისთვის იყო საკმარისი.
საყვარელი ქალიშვილისთვის ლილიანს არ ენანებოდა ძვირიანი ტანისამოსი და კარგი განათლება, ხოლო ჯოანს მხოლოდ მცირედი ხვდებოდა წილად. საქმე მხოლოდ ტანსაცმელს არ ეხებოდა, არამედ ურთიერთობასაც, რომელსაც კარგს ვერ უწოდებდით. მუდმივი დამცირებისგან დაღლილი ჯოანი მამასთან გაიქცა იაპონიაში. უკან ორი წლის შემდეგ დაბრუნდა, როდესაც აფიშაზე დის სახე დაინახა ეროლ ფლინტთან – 1930-იანი და 1940-იან წლების სექსსიმბოლოსთან. ის, რასაც მსახიობები მრავალი წლის განმავლობაში ნატრულობენ, ოლივიამ ერთბაშად მიიღო. სინჯები, კონტაქტები, მთავარი როლი ლეგენდარულ ფილმში – „ქარწაღებულები“.
მისი ქარიზმა და ქალურობა ჰოლივუდისთვის კარგი გამოდგა. შემდეგ იყო „რობინ ჰუდის თავგადასავალი“, „მემკვიდრე“, „ჩუმად … ჩუმად, ძვირფასო შარლოტა“.. გოგონას ცხოვრებაში ყველაფერი მართლაც ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ეძლეოდა – მას მხოლოდ უნდა მოენდომებინა. ჯოანს არ შეეძლო განზე გამდგარიყო, მას სურდა ერთხელ მაინც მიექცია ყურადღება საკუთარი თავისთვის, ამიტომ თვითონაც კინოში წავიდა და სამსახურიც იშოვა. თუმცა, დედა არ იყო ქალიშვილის ინიციატივით ბედნიერი. ლილიანმა მას უბრძანა, მიეტოვებინა ეს წამოწყება და ხელი არ შეეშალა დისთვის. ჯოანმა, ცხადია, არ დაუჯერა დედას და გვარი შეიცვალა. ეკრანზე მხოლოდ ერთი ჰევილენდი იქნებოდა, ხოლო ჯოანი – ფონტეინი გახდა. 4-წლიანი ხეტიალის და ცუდი როლების შემდეგ დამწყებმა მსახიობმა, როგორც იქნა, მთავარი როლი მიიღო ჰიჩკოკის ფილმში – „რებეკა“. როლში შეჭრა ჯოანს არ გაუჭირდა.. როდესაც ჰიჩკოკმა გოგონას თავგამეტება დაინახა, მაშინვე შესთავაზა მას კიდევ ერთი როლი.
და, აი, პირველი „ოსკარი“ 1942 წელს. ორივე და წარდგენილია ერთსა და იმავე კატეგორიაში, მაგრამ იმარჯვებს ჯოანი და არა ოლივია. მან დისგან მილოცვა არ მიიღო. ასეთივე ვითარება გაგრძელდა რამდენიმე წლის შემდეგ. ამჯერად „ოსკარი“ ოლივიამ აიღო.
როგორც შემდეგ აღმოჩნდა, მათი პაექრობის მიზეზი მხოლოდ მსახიობობა არ იყო. ჯოანი ეფლირტავებოდა ოლივიას მეუღლეს – მწერალს მარკუს გორდიჩს. როგორც ამბობენ, მათ ფარული რომანიც კი ჰქონდათ. თავის ქორწინებაში ფონტეინი ბედნიერი არ ყოფილა. 1975 წელს ოლივიას თვალწინ დაეღუპა დედა.
მას შემდეგ დებს ურთიერთობა არ ჰქონიათ. 90-იანი წლები ოლივიასთვის „შავ ხაზად“ იქცა – თავიდან მან ვაჟი დაკრძალა, შემდეგ – ყოფილი მეუღლე, რომელთანაც მრავალი წლის მანძილზე კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ამ რთულ მომენტში მსახიობთან მხოლოდ მისი ქალიშვილი ჟიზელი არ ყოფილა, არამედ მისი დის შვილიც. გოგონები შერიგდნენ და კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ხოლო ჯოანი მარტო დარჩა. ის ბოლომდე ეომებოდა საკუთარ დას.
„მე პირველი გავთხოვდი, პირველმა მივიღე „ოსკარი“, ხოლო თუ პირველიც გარდავიცვლები, ოლივია ძალიან განრისხდება – მე მას ამაშიც დავამარცხებ“.
ჯოანი ასეთ საკითხშიც ხედავდა შეჯიბრს. ის 2013 წლის 16 დეკემბერს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც უნდოდა – პირველი წავიდა.
როგორც არ უნდა იყოს, ზუსტად მათმა პაექრობამ აჩუქა სამყაროს უამრავი არაჩვეულებრივი როლი კინოში. ლამაზები, ნიჭიერები, ძალიან სხვადასხვანაირები – მათ სამუდამოდ დატოვეს ისტორიაში თავიანთი კვალი.