„უფლებები საქართველოს“ ინფორმაციით, გაჩერებაზე ქალის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული სისხლის სამართლის დევნისგან გაათავისუფლეს
დღეს სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა მამარდაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტობუსის გაჩერებაზე ქალის მკვლელობის მცდელობის გახმაურებულ საქმეზე, რომელშიც დაზარალებულის ინტერესებს იცავდა „უფლებები საქართველო“.
ორგანიზაციის განცხადებით, ექსპერტიზის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ მოძალადის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა და მამაკაცს ოთხ წლამდე ვადით იძულებით ფსიქიატრიული მკურნალობა დაუნიშნა.
„უფლებები საქართველოს“ ინფორმაციით, მკვლელობის მცდელობას მოძალადისა და მსხვერპლის 9 წლის ბავშვი შეესწრო. დაზარალებული ქალი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.
მედიასთან საუბრისას, დაზარალებული ქალის ადვოკატმა, „უფლებები საქართველოს“ იურისტმა, ელისო რუხაძემ, განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება საფრთხის შემცველია.
„კანონით შესაძლებელია, რომ ეს გადაწყვეტილება ყოველ 6 თვეში ერთხელ გადაისინჯოს. ეს ნიშნავს, რომ მაღალი რისკის მოძალადე, რომელიც ამასთანავე არის უმძიმესი დიაგნოზით (დასკვნაში წერია, რომ ძალიან საშიშია საზოგადოებისათვის) და მომეტებული ძალადობრივი ქმედებებით გამოირჩევა, შეიძლება ნებისმიერ დროს გარეთ მოგვევლინოს“, – თქვა ადვოკატმა.
„ეს საქმე არის გამორჩეული და საყურადღებო იმ კუთხით, რომ დაზარალებულს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალი და სახელმწიფომ თავის დროზე ვერ შეასრულა პოზიტიური ვალდებულება, დაეცვა ქალისა და ბავშვის უსაფრთხოება და სიცოცხლე“, – აღნიშნა ელისო რუხაძემ.