„მატილდას ეფექტი“ – როგორ ისაკუთრებდნენ მამაკაცები ქალების მიღწევებს

ალბათ, გსმენიათ ასეთი აზრი, რომ მეცნიერება – ეს კაცების საქმეა, ვინაიდან თითქმის ყველა მნიშვნელოვანი აღმოჩენა მამაკაცებს ეკუთვნით, მაგრამ ისტორია ყველაფერს თავის ადგილზე აყენებს: ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ რაიმე გამოგონების ავტორობა საერთოდ არ ეკუთვნის იმ ადამიანს, რომელსაც მას მიაწერდნენ. ამას „მატილდას ეფექტი“ ეწოდება. 

როგორ დაიწყო ყველაფერი?

ამ საკითხის ისტორია შორეული წარსულიდან, 1870 წელს იწყება, როდესაც ამერიკელმა სუფრაჟისტმა, მატილდა გეიჯმა დაწერა ესეი – „ქალი, როგორც გამომგონებელი“. თავის ნამუშევარში გოგონამ ასახა რაოდენ უსამართლოა ქალი ინტელექტუალების მიმართ დამოკიდებულება. მატილდამ მოიხსენია ბამბის გასასუფთავებელი მანქანის შემუშავების ისტორია.

ითვლება, რომ ის გამოიგონა ამერიკელმა, ილაი უიტნიმ, მაგრამ გეიჯი ამტკიცებდა, რომ ამ დანადგარის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალის – ბამბის მარცვლებისგან გასასუფთავებელი ჯაგრისის შექმნაში მას დაეხმარა გამომგონებელი კატარინ ლიტლფილდ გრინი. თუმცა, მანქანაზე პატენტი მაინც უიტნიმ მიიღო, ვინაიდან ქალს მაშინ რეგისტრაციას ახალ გამოგონებაზე არავინ მისცემდა.

მატილდა გეიჯის აზრით, ამერიკის სოფლის მეურნეობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური გამოგონება მხოლოდ მამაკაცს მიაწერეს. უნდა აღინიშნოს, რომ გეიჯი საკმარის ფაქტს და მონაცემს არ იშველიებს, რომელთაც შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ უიტნიმ თავისი პატენტი უსამართლოდ მიიღო. მან მართლაც წლების მუშაობა მიუძღვნა ამ აღმოჩენას. მატილდა მხოლოდ განხილვის საგნად აყენებს იმ საკითხს, რომ ქალის მონაწილეობა ასეთ მნიშვნელოვან ვითარებებში ყოველთვის მეორეხარისხოვანია.

ქალი, რომელმაც მოიგონა ტერმინი

თითქმის, 100 წლის შემდეგ, 1969 წელს უესლის უნივერსიტეტის ასპირანტურაზე ჩააბარა მარგარეტ როსიტერმა. ის მთელი ძალით ცდილობდა უნივერსიტეტის სამეცნიერო წრეში შესულიყო, რომელიც განურჩევლად მამაკაცებისგან შედგებოდა. როდესაც შეკრებაზე საუბარი იწყებოდა ქალ მეცნიერებზე, მარგარეტის კოლეგები ბევრს იცინოდნენ. ქალებს მეცნიერებაში არაფერი ესაქმებათ – ასეთი დასკვნა უნდა გამოეტანა მათი საუბრიდან ახალგაზრდა მკვლევარს, მაგრამ მას ეს არ აკმაყოფილებდა.

მარგარეტ როსიტერი მეცნიერების ისტორიის დარგში გახდა მკვლევარი. ის ეძებდა და საზოგადოებისთვის აცოცხლებდა ქალი მეცნიერების სახელებს სხვადასხვა დარგებიდან, ვისი მიღწევებიც უსამართლოდ იქნა დავიწყებული და ისტორიაში დაკარგული. ერთ-ერთი ასეთი ქალი იყო მარია სკლოდოვსკაია-კიური.

როსიტერმა პირველად მატილდა გეიჯის შესახებ 90-იან წლებში გაიგო, როდესაც კითხულობდა ნაკლებად ცნობილ წიგნს შეუმჩნეველი ქალი ინტელექტუალების შესახებ. მას შემდეგ, 1993 წელს, მარგარეტმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში, რომელზეც მკვლევრები წარმოადგენდნენ რამდენიმე ქალი მეცნიერის ნაშრომს, რომელთა შექმნაც შეცდომით მამაკაცებს მიაწერეს. მაშინ ქალმა მოიგონა ტერმინი „მატილდას ეფექტი“, რათა აღეწერა სისტემატური მიკერძოება, რომლის მიხედვითაც, ქალებს აიგნორებენ ან, საერთოდ, უკუაგდებენ თვალთახედვიდან იმ მამაკაცის სასარგებლოდ, რომლებიც, საბოლოო ჯამში, საკუთარ თავზე იღებენ მთელ პასუხისმგებლობას სხვის მიერ შექმნის ნოვატორულ ნამუშევარზე.

მუშაობს თუ არა „მატილდას ეფექტი“ დღეს?

ცხადია, შეუძლებელია საუბარი მანამ, სანამ ამ საკითხზე სანდო კვლევები არ იქნება ჩატარებული. 2011 წელს ეს კვლევები დაიწყო. მეცნიერებმა ოჰაიოდან გადაწყვიტეს, შეემოწმებინათ  მატილდა გეიჯის თეორია. მათ აარჩიეს ათასობით სამეცნიერო სტატია, რომლებიც გამოქვეყნებული იქნა 1991-2005 წლებში ჟურნალებში:  «Communication Research» და «Journal of Communication». როგორც აღმოჩნდა, მამაკაცი მეცნიერები გაცილებით გულმოდგინედ ციტირებენ თავისი კოლეგა მამაკაცების ნამუშევრებს, ვიდრე – ქალებისას.

„მატილდას ეფექტის“ ცოცხალი დასტური არის ნეირობიოლოგი ბენ ბარესი, რომელიც მამაკაცი მხოლოდ 42 წლის ასაკში გახდა. ბარესი – ტრანსგენდერია, რომელიც აქამდე იყო ქალი, სახელად – ბარბარა. თავად მეცნიერმა ერთხელ განაცხადა, რომ სქესის შეცვლის შემდეგ მას მეტად გაუადვილდა სამეცნიერო წრეში თავის დამკვიდრება. ბევრმა კოლეგამ უეცრად აღნიშნა, რომ ბენის ნამუშევრები გაცილებით უკეთესია, ვიდრე მისი „დის“, ბარბარასი. ისინი არც კი ეჭვობდნენ, რომ ეს ერთი და იგივე ადამიანი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები