ქართველი მწერალი და რეჟისორი ჰელენ ამირეჯიბი–სტავინსკა
ელენე ამირეჯიბი 1932 წ. 23 სექტემბერს დაიბადა თბილისში. ორმოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში მოსკოვის ВГИК -ის (კინემატოგრფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტი) სტუდენტი გახდა. მისი სტუდენტობისას საბჭოთა იდეოლოგებმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს და სასტიკად დაგმეს ბორის პასტერნაკის შემოქმედება. ელენე ამრეჯები კი საჯაროდ გამოესარჩლა პასტერნაკს. ამის გამო, გადაწყდა ამირეჯიბის კომკავშირის რიგებიდნ უპირობო გარიცხვა, რაც ავტომატურად ინსტიტუტიდან გარიცხვასაც ნიშნავდა.
საბედნიეროდ, ელენეს ერთმა რუსმა პედაგოგმა ურჩია, მიხეილ ჭიაურელისათვის მიემართა. იგი ასეც მოიქცა. მიხეილ ჭიაურელის მოთხოვნით, მოიწვიეს კომკავშირის კომიტეტის რიგგარეშე კრება, რომელზეც სიტყვით გამოვიდა ВГИК-ის უფროსკურსელი სტუდენტი, მომავალი რეჟისორი თამაზ მელიავა. მან დაგმო ელენეს „უპატიებელი“ საქციელი და იქვე დასძინა – რაღა კომკავშირის კომიტეტი ვიქნებით, თუ ერთი გზასაცდენილი გოგო ვერ აღვზარდეთ და სწორ გზაზე ვერ დავაყენეთო. მის გამოსვლას დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია კომკავშირის კომიტეტის ორთოდოქს წევრებზე და ერთხმად გადაუწყვეტიათ ელენე კომკავშირშიც და შესაბამისად, ინსტიტუტშიც დაეტოვებინათ.
სტუდენტობისას გაიცნო ელენემ ВГИК–ს სარეჟისორო ფაკულტეტის პოლონელი სტუდენტი ეჟი ზიარნიკი, რომელსაც ცოლად გაჰყვა და 50-იანი წლების მიწურულს საცხოვრებლად პოლონეთში გადავიდა. როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, საბუთების გაფორმებისას პოლონეთში შეცდომა მოუვიდათ და Amiredzibi-ს ნაცვლად Amiradzibi ჩაწერეს. პოლონური საკმაოდ სწრაფად და ადვილად აითვისა და 1960 წელს თავის პირველი ფილმი (დოკუმენტური) გადაიღო. აღსანიშნავია, რომ ფილმის თემა – სამხედრო თვითმფრინავები – ვარშავის დოკუმენტური ფილმების სტუდიის დირექტორმამ ეჟი ბოსაკმა შესთავაზა. ფილმმა „მფრინავი–გამომცდელები“ 1961 წ. ვენეციის კინოფესტივალის პრიზი დაიმსახურა.
„მფრინავი გამომცდელები“ შესანიშნავი დებიუტი აღმოჩნდა რეჟისორისთვის. 1968 წლამდე ჰელენა ამირეჯიბმა კიდევ შვიდი დოკუმენტური ფილმი გადაიღო.
60-იანი წლების დასაწყისში ელენე მეუღლეს გაშორდა და ცოლად გაჰყვა მწერალსა და სცენარისტს ეჟი სტეფან სტავინსკის. 1966 წელს ცოლ–ქმარმა ერთობლივად გადაიღო მხატვრული ფილმი „დღესასწაულის წინა საღამო“. ისინი ფილმზე მუშაობდნენ, როგორც სრულუფლებიანი თანასცენარისტები და თანარეჟისორები. 1970 წელს გადაიღეს კიდევ ერთი მხატვრული ფილმი „ვის სჯერა წეროების“. 1972 წელს ელენე ამირეჯიბმა, მეუღლის სცენარის მიხედვით, გადაიღო თავისი უკანასკნელი ფილმი „ფორტუნა“. ამის მერე, მეუღლის დაჟინებული თხოვნით, თორმეტწლიანი წარმატებული კარიერის შემდეგ ელენე ამირეჯიბი კინოს ჩამოშორდა.
1996 წელს ელენე ამირეჯიბმა გამოსცა თავისი პირველი წიგნი „თავადის ქალის ტკბილი ცხოვრება“. 2007 წელს პოლონეთში დაიბეჭდა მისი „ანტისამზარეულო წიგნი“, რომელიც პოლონურმა კრიტიკამ წლის საუკეთესო წიგნად დაასახელა. 2014 წელს აღნიშნული წიგნი სათაურით – „ანტიკულინარიული რეცეპტები“ – ქართულ ენაზე გამოიცა (მთარგმნელი რუსა ამირეჯიბი). ელენე ამირეჯიბს ეკუთვნის ასევე „წიგნი ხანდაზმული ბავშვებისათვის“.
2010 წელს გარდაიცვალა ეჟი სტავინსკი. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ელენე ამირეჯიბი საქართველოში დაბრუნდა.