მუშევანში RMG Gold-ის სამუშაოების მოწინააღმდეგეები და მომხრეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
დილიდან ხმაური და დაპირისპირებაა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში. ერთმანეთს ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა.
საქმე ეხება RMG Gold-ის სამუშაოებს. სოფლის ერთი ნაწილი მომხრეა, რომ კომპანია „არემჯი გოლდმა“ სოფლის სიახლოვეს სამუშაოები აწარმოოს, ნაწილი კი წინააღმდეგია და საპროტესტო პეტიციის გავრცელებას გეგმავს.
მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ „არემჯი“ სოფლიდან ოთხ კილომეტრში აპირებს სამუშაოების წარმოებას, რაც მათთვის საფრთხის შემცველი არ იქნება. სანაცვლოდ კი, მათ კომპანია წყალს, ბუნებრივ აირსა და გზას ჰპირდება. მოსახლეობის მეორე ნაწილის თქმით კი, სოფელთან ახლოს, 800 მეტრში იგეგმება RMG Gold-ის მიერ სასარგებლო წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვება, რაც საფრთხეს შეუქმნის ეკოლოგიას. მათი თქმით, ამ სამუშაოების წარმოებას არ დაუშვებენ.
სოფლის ცენტრში აქციაზე მობილიზებულია პოლიცია.