ამ ავიაკატასტროფის შესახებ, რომელიც 1972 წლის მაისში მოხდა, სამი ათეული წლის განმავლობაში დუმდნენ. მაშინ დღისით საკურორტო ქალაქ სვეტლოგორსკში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ტრაგედიამ, რომელიც მაშინვე გაასაიდუმლოეს, ერთბაშად 35 სიცოცხლე იმსხვერპლა. ადგილი – სადაც საბავშვო ბაღი იდგა, მიწასთან გასწორდა.
1972 წლის 16 მაისი ჩვეულებრივი დღე იყო სვეტლოგორსკში. სამთავრობო საბავშვო ბაღის აღმზრდელები დილის გასეირნებიდან დაბრუნდნენ და სადილისთვის ემზადებოდნენ.
საბავშვო ბაღი წარმოადგენდა ორსართულიან მყუდრო შენობას, სადაც მხოლოდ 25 ბავშვი იყო. ქალაქის მოსახლეობის დიდ ნაწილს სურდა ამ ბაღში თავისი ბავშვის მოწყობა, მაგრამ ეს მხოლოდ პრივილეგირებული საზოგადოებისთვის იყო შესაძლებელი. მშობლების თანამდებობა სრულად ამართლებდა ბაღის სტატუსს: მილიციის უფროსი, „გაის“ უფროსი, კომსომოლის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი, სვეტლოგორსკის სასამართლოს თანამშრომელი, მთავარი ექიმი და სხვა.
შუადღეს სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი „ან-42ტ“ კალინინგრადის აეროპორტიდან გამოფრინდა, რათა შეემოწმებინა და გაემართა რადიოტექნიკის დანადგარები. იმ წლებში ხშირი იყო უცხო თვითმფრინავების შემოსვლა სსკრ-ს საჰაერო სივრცეში. ასეთი შემთხვევები კალინინგრადშიც იყო, ამიტომ, ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა სანაპირო თავდაცვის სისტემების გამართულობის შემოწმება.
დაახლოებით, 12:30-ზე თვითმფრინავი საშინელ ნისლში გაეხვია სვეტლოგორსკის თავზე. ის დაუშვებლად დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა, ამიტომ, სანაპიროსთან მან ცალი ფრთა ერთ-ერთ მაღალ ხეს გაკრა. დარტყმის შემდეგ თვითმფრინავმა, რომლის წონაც 21 ტონა იყო, კიდევ 200 მეტრის მანძილზე იფრინა და საბავშვო ბაღის შენობას დაეცა. მან მთლიანად დაანგრია მეორე სართული. პირველად დაშავდა ორი გოგონა – ისინი საბავშვო ბაღთან სეირნობდნენ. ჯერ კიდევ შეჯახებამდე თვითმფრინავმა მათზე საავიაციო საწვავის ორთქლი გადაატარა.
გოგონებს ადგილზე ცეცხლი წაეკიდათ, მაგრამ მათი გადარჩენა მაინც მოხერხდა. ჩამოვარდნილი თვითმფრინავიდან საწვავი გადმოიქცა, საბავშვო ბაღი ცეცხლის ალში გაეხვა. მათგან, ვინც შენობაში იმყოფებოდა, მხოლოდ ორი ადამიანი გადარჩა. ავიაკატასტროფამ 35 სიცოცხლე იმსხვერპლა. დაიღუპა თვითმფრინავის ეკიპაჟის 6 წევრი, 2 მგზავრი, 24 ბავშვი და საბავშვო ბაღის სამი თანამშრომელი.
სვეტლოგორსკში 24 საათით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მოსახლეობას სახლიდან გამოსვლა აუკრძალეს, გამორთეს ელექტროენერგია და ტელეფონები. როდესაც რამდენიმე საათში ნანგრევების გასუფთავების და დაღუპულთა ცხედრების ძებნის სამუშაოები დასრულდა, ადგილი, სადაც მანამდე საბავშვო ბაღი იდგა, მიწასთან გაასწორეს და მის მაგივრად პატარა სკვერი მოაწყვეს. დაღუპული ბავშვები და ბაღის მასწავლებლები ძმათა საფლავში დაკრძალეს. იმისთვის, რომ ეს ამბავი ნაკლებად გავრცელებულიყო, დაკრძალვის დღეს გააჩერეს საქალაქო ტრანსპორტი და შეზღუდეს გზებზე მოძრაობა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, იმ დღეს სასაფლაოზე 10 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. აკრძალული იყო ფოტოს გადაღება, მაგრამ რამდენიმე ფოტოს გადაღება ვიღაცამ მაინც მოასწრო.
ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. საქმე კვალიფიცირდებოდა, როგორც გრიფით „საიდუმლო“ და მისი მასალები არ იყო გამოქვეყნებული. ხმები დადიოდა, რომ მომხდარში სვეტლოგორსკის მოსახლეობა ადანაშაულებდა პილოტებს – ისინი ამტკიცებდნენ, რომ ექსპერტიზამ მათ სისხლში ალკოჰოლი აღმოაჩინა.
სიმართლესთან ყველაზე მიახლოებული ვერსია არის ის, რომ თვითმფრინავს გაუმართავი ჰქონდა სიმაღლის გამზომი მოწყობილობა. როგორც ცნობილია, ბორტზე გაფრენამდე დამონტაჟდა სიმაღლის გამზომი ახალი მოწყობილობა, მაგრამ არავის შეუმოწმებია მისი მუშაობა აღნიშნულ ბორტზე.
ახლა ტრაგედიის ადგილზე დგას 1994 წელს აღმართული სამლოცველო, რომელზეც გამოკრულია აბრა წარწერით: „1972 წლის 16 მაისს საბავშვო ბაღის ადგილზე ტრაგიკულად დაღუპულთა პატივის მისაგებად აშენდა ღვთისმშობლის ხატის ტაძარი – ძეგლი “სიხარული ყოველთა მწუხარეთა”.“
კომენტარები
კომენტარი