სერგი წულაძე – ქართველი მწერალი, რომელმაც „ვეფხისტყაოსანი“ ფრანგულად თარგმნა

სერგი წულაძემ ცხოვრებისა და მოღვაწეობის საინტერესო გზა განვლო. მწერალი, მთარგმნელი და მეცნიერი ორი ათეული წლის მანძილზე ემსახურებოდა ქართულ ლიტერატურასა და ხელოვნებას.

სერგი წულაძე წარმოშობით გურიის სოფელ ჭანჭათიდან იყო. დაიბადა 1917 წლის 7 სექტემბერს, თბილისში. 1921 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ემიგრაციაში წასულ მამას თან გაჰყვა და ჯერ სტამბოლში, შემდეგ კი, პარიზში ცხოვრობდა. 1939 წელს სერგი წულაძემ დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის ფილოსოფია–ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1947 წელს – ამავე უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი.

II მსოფლიო ომის წლებში სერგი წულაძე აქტიურად მონაწილეობდა საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობაში.

1951 წელს მას მიენიჭა სორბონის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორის ხარისხი. ამავე წელს მან ცოლად შეირთო ფრანგი მადლენ ვერდო და 1958 წელს ოჯახთან ერთად თბილისში დაბრუნდა.

როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, 1958-1961 წლებში სერგი წულაძე მუშაობდა დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, ხოლო 1961 წლიდან გარდაცვალებამდე განაგებდა ფსიქოთერაპიის განყოფილებას მ. ასათიანის ფსიქიატრიის ინსტიტუტში. სერგი წულაძე გარდაიცვალა მოსკოვში 1977 წლის 2 ივლისს.

მას დიდი დამსახურება მიუძღვის მშობლიური ლიტერატურის წინაშე. ნაშრომში “საზღვარგარეთული ქართველოლოგია” სერგო თურნავა აღნიშნავს: “სერგი წულაძე იყო პირველი მთარგმნელი, რომელმაც უცხოელ მკითხველებს ფრანგულ ენაზე მიაწოდა “ვეფხისტყაოსნის” სრულყოფილი პოეტური თარგმანი”.

“ვეფხისტყაოსნის” სერგი წულაძისეული თარგმანი აღიარებული და სათანადოდ დაფასებულია როგორც საქართველოს, ასევე საფრანგეთის აკადემიურ წრეებში. თარგმანი ცალკე წიგნად გამოსცა ფრანგულმა გამომცემლობა “გალიმარმა” (Gallimard), მას მიენიჭა საფრანგეთის აკადემიის უაღრესად პრესტიჟული ლანგლუას (Charles – Victor langlois) სახელობის პრემია.

მთარგმნელს დიდი დახმარება გაუწია პროფ. შალვა ნუცუბიძემ.

“სერგი წულაძეს ყველა მონაცემი გააჩნდა მისთვის მიცემული დავალებისათვის – წერდა შალვა ნუცუბიძე – იგი ბავშვობიდანვე საფრანგეთში აღიზარდა, ფრანგული ენა მისთვის მშობლიური ენა გახდა… იგი კარგად იცნობს შუა საუკუნეების ფრანგულ მწერლობას და რენესანსში მისი გადასვლის ძეგლებს. ეს გარემოება მას უადვილებდა ქართული რენესანსის ისეთი ძეგლის წვდომას, როგორიც არის “ვეფხისტყაოსანი”…”

ქართველი რუსთველოლოგების მსგავსად “ვეფხისტყაოსნის” ფრანგულ თარგმანს მაღალი შეფასება მისცეს უცხოელმა კრიტიკოსებმა. ფრანგი მწერალი და კრიტიკოსი რენე ლაკოტი თავის სტატიაში “უკვდავი წიგნი” წერდა:

“მთარგმნელმა, რომელიც ეროვნებით ქართველია და ამავე დროს ჩინებული ფრანგი მწერალი, დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურის მცოდნე, შესანიშნავად შეუხამა დედნის რიტმი ფრანგულ რიტმს, საუცხოოდ გადმოსცა ორიგინალის ჟღერადობა  და რითმების შეხამება…”

“ვეფხისტყაოსნის” გარდა, სერგი წულაძემ ფრანგულ ენაზე თარგმნა იაკობ ცურტაველის “შუშანიკის წამება”, იოანე საბანისძის “აბო ტფილელის მარტვილობა”, ჩახრუხაძის “თამარიანის” ნაწყვეტები. მასვე ეკუთვნის ნიკოლოზ ბარათაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, ტიციან ტაბიძის, გიორგი ლეონიძის, ირაკლი აბაშიძის, გრიგოლ აბაშიძისა და სხვა ქართველ პოეტთა ლექსების თარგმანები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები