ქორწინება იმპერატორის სამხედრო ატაშესთან და ერთი მილიონი ფრანკი ნაპოლეონისგან – ვინ იყო სალომე დადიანი

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, რუსულ სასაფლაოზე, ქართველი თავადაზნაურების უამრავი საფლავია. მათ შორის არის სამეგრელოს მთავრის, დავით დადიანისა და ეკატერინე დადიანის ქალიშვილის – სალომე დადიანი-მიურატის საფლავიც.

სალომე დადიანი დაიბადა 1848 წლის 13 ოქტომბერს ზუგდიდში (სამეგრელოს სამთავრო) და გარდაიცვალა 1913 წლის 23 ივლისს, პარიზში.

1857 წელს, როცა სალომე ჯერ კიდევ ბავშვი იყო, სამეგრელოს მართვის სადავეები რუსეთის იმპერიამ აიღო ხელში, რასაც ათიოდე წლის შემდეგ სამთავროს ოფიციალური გაუქმება მოჰყვა. სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძე, რომელმაც უფროსი ვაჟის, ნიკოს, მეურვის სტატუსით ეს პროვინცია ოთხი წლის მანძილზე მართა, ოჯახთან ერთად სამეგრელოდან გაემგზავრა და ჯერ სანკტ-პეტერბურგში დასახლდა, შემდეგ კი საცხოვრებლად გერმანია აირჩია.

XIX ს-ის 60-იანი წლების ბოლოს, როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ III-ის ოჯახის მიწვევით, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა შვილებითურთ საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. სალომე, ნიკო და ანდრია დადიანები ფრანგი არისტოკრატების წრეში ტრიალებდნენ. მათ მალე გაიცნეს საიმპერატორო ოჯახის წევრები და ნათესავები. მათ შორის, აშილ მიურატი (1847-1895). აშილი ამ დროს ნაპოლეონ III-ის სამხედრო ატაშე გახლდათ. 

1868 წელს, 20 წლის ასაკში სალომე დადიანი ცოლად გაჰყვა პრინც აშილ შარლ ნაპოლეონ მიურატს.

მათი ქორწინება პარიზში წლის მოვლენად აღიარეს. კათოლიკურ საქორწინო ცერემონიალს ტიუილრის სასახლის კარის ეკლესიაში საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ III და დედოფალი ეჟენი დე მონტიჟო (ევგენია მონტიხი) ესწრებოდნენ. ახალშეუღლებულ წყვილს საფრანგეთის იმპერატორმა პარიზში მონსოს ბაღის მახლობლად მდებარე პერეირასის სასახლე უყიდა და ერთი მილიონი ფრანკი აჩუქა. ახალდაქორწინებულებმა მდიდრული საჩუქრები რუსეთის ხელმწიფისგანაც მიიღეს.

1873 წელს, ნაპოლეონ III–ის გარდაცვალების შემდეგ, დადიან–მიურატის ოჯახი სამეგრელოში წამოვიდა და ზუგდიდში, დადიანების საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთ ლამაზ ხის სასახლეში დასახლდნენ.

სალომე „პრინცესა სალომე მიურატად“ იწოდებოდა.

აშილმა სოფელ სალხინოსა და ჭკადუაშში დასავლეთ საქართველოს ერთ–ერთი პირველი მსხვილი რაციონალურ–კაპიტალური ტიპის სანიმუშო მეურნეობა მოაწყო. მან სამეგრელოში ვაზის რამდენიმე ფრანგული ჯიში შემოიტანა და, ამავდროულად, სამეგრელოს ადგილობრივი სახელგანთქმული ჯიშის, ოჯალეშის სისტემატური კულტივირებაც დაიწყო, რომელიც იმ დროს კომერციული მიზნით აღარ იწარმოებოდა და გადაშენების გზაზე იდგა. აშილი შესანიშნავ ღვინოებს ამზადებდა და ევროპაშიც წარმატებით გაჰქონდა. წლების განმავლობაში მისი მეურნეობა თანდათან ფართოვდებოდა და სამეგრელოს სხვადასხვა სოფლებში რამისა და დაფნის ვრცელ პლანტაციებსაც მოიცავდა.

მიურატი ქართველობას ხიბლავდა თავისი თავმდაბლობითა და უბრალოებით. იგი გლეხებთან ერთად დღედაღამ ბარავდა, თოხნიდა და მოსავალს უვლიდა, მათთან ერთად ნადირობდა, ყველანაირად ცდილობდა დაბალი ფენის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, აარსებდა სკოლებსა და აფთიაქებს, გაჰყავდა გზები, უხვად აჯილდოებდა ღარიბ ოჯახებს.

სალომე დადიანის და აშილ მიურატის დამსახურებაა, რომ ზუგდიდის მაზრის სამღვდელოებას მიეცა უფლება გაეხსნა ქალთა ორკლასიანი სასწავლო დაწესებულება, რომელსაც მათ სამი წლის ვადით დაუთმეს ერთ-ერთი თავისი სახლი.

1895 წელს აშილ მიურატი გარდაიცვალა. დაკრძალეს სოფელ ჭკადუაშის კათოლიკური ეკლესიის ბაღში.

ქმრის გარდაცვალების შემდეგ სალომე ღირსეულად განაგრძობდა ოჯახის მოვლა-პატრონობას. 1902 წლისთვის მის მამულში ვენახებს 60 დესეტინა, ხოლო ახლად კულტივირებულ რამის პლანტაციას 20 დესეტინა ეკავა.

XX საუკუნის 10-იან წლებში სალხინოს მეურნეობას სათავეში უკვე სალომეს ვაჟი ედგა, რომელმაც მეურნეობა კიდევ უფრო გააფართოვა.

სალომე დადიანის ძმებს, ნიკოს და ანდრიას, მემკვიდრეები არ დარჩენიათ, ამიტომ, დადიანების მემკვიდრეობა სალომეს შთამომავლობას გადაეცა.

აშილს და სალომეს სამი შვილი ჰყავდათ:  ლუსიენ შარლ დავითი (1870-1933), ნაპოლეონ ლუი აშილი (1872-1943) და ანტუანეტა (ბებე) კატერინა (1879-1954).

1913 წელს სალომე დადიანმა თავისი ქონება დაუმტკიცა უმცროს ქალიშვილს, ანტუანეტა კატერინას (ბებე) და თვითონ საფრანგეთში სამკურნალოდ გაემგზავრა.

გარდაიცვალა 1913 წლის 10 ივლისს.

საქართველოში ამ ამბავმა უხმაუროდ ჩაიარა… არც ნეკროლოგი, არც სამძიმარი, ქართულ პრესას არც ერთი სიტყვით არ გამოუხატავს წუხილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები