„მე სიკვდილი არ მინდა“ – 15 წლის ებრაელი გოგონას დღიური ნაცისტური გეტოდან

ამ გულისამაჩუყებელი ისტორიის გმირი რენია შპიგელი გახდა, 15 წლის ებრაელი გოგონა, რომელიც წარმოშობით პოლონეთიდან იყო. გოგონა 1942 წელს მოკლეს, ხოლო მისი ისტორია ძალიან დიდხანს უცნობი რჩებოდა. თუმცა, წლების შემდეგ რენიას ახლობლებმა გადაწყვიტეს, მისი დღიური გამოექვეყნებინათ.

რენია შპიგელმა დღიურის წარმოება 1939 წელს დაიწყო, როდესაც 15 წელი შეუსრულდა. სამი წლის განმავლობაში, სიკვდილამდე, რენია დაწვრილებით აღწერდა საკუთარ ცხოვრებას, მეგობრებს და ახლობლებს, ასევე აღწერდა ნაცისტური გეტოს საშინელებებს, სადაც გოგონა თავის ოჯახთან ერთად გაგზავნეს.

ფოტოზე რენის უმცროსი და არიანაა და მისი ქალიშვილი ალექსანდრა ბელაკი.

დიდი ხნის განმავლობაში, გეტოში მოკლული გოგონას დღიური მის ნათესავებს ჰქონდათ. არიანა და დედამისი ვერ ბედავდნენ რენიას ჩანაწერების წაკითხვას, ამიტომ წიგნაკი ოჯახურ არქივში ხელშეუხებლად ინახებოდა. რენიას დღიურში სულ 700 გვერდია დაწერილი. 2018 წელს დაღუპული გოგონას ოჯახმა მისი ჩანაწერები ინგლისურ ენაზე თარგმნა და წიგნის სახით გამოაქვეყნა, რომელიც ჰოლოკოსტის საშინელებებს ნათელს ხდიდა.

დღიურმა ნამდვილი ფურორი მოახდინა მკითხველთა შორის. მისი წყალობით, შეგვიძლია ომი მოზარდის თვალებით დავინახოთ, რომელიც ამ საშინელების ცენტრში აღმოჩნდა. რენიას ისტორია უკვე შეადარეს ანა ფრანკის დღიურს. არიანა და რენია შპიგელები მშობლებთან ერთად ქალაქ სკოლში ცხოვრობდნენ პოლონეთში, რომელიც შემდგომ უკრაინის ქალაქი გახდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ის პშემიშლში წავიდა ბებიასთან და ბაბუასთან. მისი დედა და არიანა ვარშავაში დარჩნნენ. მალე ნაცისტებმა ლვოვის და პშემიშლის ოკუპაცია მოახდინეს.

ებრაელებს სპეციალური სახვევების ტარება აიძულეს. გავარდა ხმა, რომ შეიქმნებოდა გეტო. დაიწყო ნგრევა. რენია, მისი დედა და ასევე, 20 ათასი ებრაელი გეტოში გადაასახლეს, მათ გარე სამყაროსთან ნებისმიერი კონტაქტი ჰქონდათ აკრძალული.

თავის დღიურში რენია გეტოში გატარებულ მრავალ კოშმარულ თვეს აღწერს, მაგრამ მას სასიხარულო მომენტებიც ჰქონდა, მაგალითად, საღამოები საყვარელ ზიგმუნდთან.

1942 წელს მძიმე, მაგრამ მდგრადი ცხოვრება დასრულდა. ნაცისტებმა ულტიმატუმი გამოუცხადეს გეტოს მოსახლეობას, მათ საფასურის გადახდა მოითხოვეს „დაცვის უზრუნველყოფისთვის“.

ვინც გადახდაზე უარს ამბობდა, საკონცენტრაციო ბანაკში აგზავნიდნენ. თავის ჩანაწერებში რენია ჰყვება იმის შესახებ, თუ როგორც ოცნებობდა გამხდარიყო მსახიობი, როგორ ეშინოდა ბანაკში მოხვედრის, ოკუპაციისა და სიკვდილის. დღიურში არსებობს ჩანაწერი იმის შესახებ, რომ გოგონა შეხვდა ბიჭს, ზიგმუნდ ს-ს, რომელიც მისი პირველი და ერთადერთი სიყვარული იყო. ზუსტად მისი წყალობით გადარჩა გოგონას დღიური.

პირველი ჩანაწერი დღიურში თარიღდება 1939 წლის იანვრით, როდესაც რენიას 15 წელი შეუსრულდა, ხოლო უკანასკნელი – 1942 წლის 30 ივლისით. ამ დღეს გოგონა მოკლეს.

„სადაც არ უნდა გაიხედო – ყველგან სისხლია, საშინელი ნგრევაა. მუდმივი მკვლელობები. ღმერთო, დიდებულო, მე კვლავაც გთხოვ: გვიშველე, გადაგვარჩინე! ღმერთო, მოგვეცი სიცოცხლის უფლება, გევედრები, მე ძალიან მინდა სიცოცხლე!  მე ძალიან ცოტა რამ მაქვს ნანახი ამ ცხოვრებაში. მე არ მინდა სიკვდილი, სიკვდილი მაშინებს. ეს ყველაფერი იმდენად სულელურია, ისეთი წვრილმანია და უმნიშვნელო… დღეს მე ვღელავ იმის შესახებ, რომ მახინჯი ვარ, მაგრამ შეიძლება ხვალ სულაც არ მომიწიოს რამეზე ნერვიულობა“, – წერს გოგონა.

ჩანაწერებში რენია დიდ ყურადღებას უთმობს ზიგმუნდთან რომანს. მათი გრძნობები თანდათან ვითარდება და ისინი ახლოვდებიან, მიუხედავად საშინელი საომარი პირობებისა. 1941 წლის 20 ივნისს გოგონამ მათი პირველი კოცნა აღწერა.

მოგვიანებით, დღიურში გაჩნდა ასეთი ჩანაწერი:

„მე მიყვარს მისი მწვანე თვალები. დღეს ჩვენ მეორედ ვაკოცეთ ერთმანეთს. ეს იმდენად აღსაფრთოვანებელი იყო, მაგრამ იცით, ამაში არაფერი იყო ველური ან დაუმორჩილებელი. სინაზით სავსე, ფრთხილი, თითქოს, შიშით სავსე – თითქოს, გვეშინოდა მოგვეკლა ის გრძნობები ჩვენს შორის“.

უკანასკნელი ჩანაწერი რენის დღიურში ზიგმუნდის ხელით არის გაკეთებული. ის ცდილობდა თავისი მშობლები და საყვარელი ადამიანი ქალაქიდან გაეყვანა, მაგრამ ისინი დაიჭირეს. 1942 წლის 30 ივლისს ის წერს შემდეგს:

„სამი გასროლა. სამი დაღუპული. ეს გუშინ მოხდა, 11-ის ნახევარზე. ბედმა ყველაზე საყვარელი ადამიანები წამართვა, ჩემს სიცოცხლეს აზრი აღარ აქვს. ყურებში მხოლოდ გასროლის ხმა ისმის, მხოლოდ გასროლის. ჩემო საყვარელო რენია, შენი დღიური დასრულებულია“.

ზიგმუნდი გადარჩა. მან აუშვიცის კოშმარი გაიარა და მოხვდა პროგრამაში ექიმ მენგელთან. ომის შემდეგ ის ნიუ-იორკში გაემგზავრა, სადაც ახალი ცხოვრება დაიწყო. რენიას დედა როზა და მისი და არიანაც გადარჩნენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი კათოლიკეები გახდნენ და გამოგონილი სახელების ქვეშ ცხოვრობდნენ, ზიგმუნდმა ისინი მაინც იპოვა 50-იან წლებში. მან მათ რენიას დღიური გადასცა, მაგრამ ქალებმა საკუთარ თავში ვერ იპოვეს ძალა, რომ ის წაეკითხათ. 2012 წლამდე ის ხელუხლებლად იდო ბანკის სეიფში. ეს მანამდე გრძელდებოდა, სანამ არიანას ქალიშვილმა ალექსანდრამ არ გადაწყვიტა ჩანაწერების გამოქვეყნება. მან დღიური სათარგმნად პოლონელ სტუდენტს მისცა. 2014 წელს მან მუშაობა დაასრულა, ხოლო 2016-ში ჩანაწერები გამოქვეყნდა. მაშინ გოგონას ჩანაწერების საფუძველზე ფილმი გადაიღეს და დაიწერა სიუჟეტი თეატრალური წარმოდგენისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები