ბიძინა კულუმბეგოვი: კოვიდდადებითობის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია – სასურველია, ტესტირების მაჩვენებელი გაიზარდოს
“ბოლო 2 კვირის მონაცემებით, გვაქვს 17%-იანი კოვიდდადებითობის მაჩვენებელი, რაც უპრეცედენტოდ მაღალია და შიდა გავრცელების საკმაოდ მაღალ მასშტაბებზე მიუთითებს”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ეპიდვითარებაზე საუბრისას მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა.
მისივე თქმით, სასურველია – ტესტირების მაჩვენებელი იყოს უფრო მეტი, რასაც პირდაპირი კლინიკური ღირებულებითი მნიშვნელობა აქვს.
„თუ შევხედავთ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მონაცემებს, ჩვენი ტიპის დადებითობის მაჩვენებლის, ჩატარებული ტესტირების რაოდენობითა და სხვა მონაცემებით, შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიურად 6000-დან 20 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს. სასურველია ტესტირების მაჩვენებელი იყოს უფრო მეტი, რასაც აქვს პირდაპირი კლინიკური ღირებულებითი მნიშვნელობა. ქვეყანას პიკური გავრცელება გადავლილი აქვს, ჩვენ ახლა ვართ გავრცელების იმ მასშტაბზე, სადაც არის პლატო და შეიძლება, შენარჩუნდეს სექტემბერ-ოქტომბრის პირველ ნახევრამდე. დრამატული მატება შემდგომი 4-6 კვირა არ გვექნება, მაგრამ გამოვლენა და ტესტირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.