დიანა ვაშაყმაძე – ემიგრანტი მომღერალი და მეცნიერი, რომელიც შვიდ ენაზე საუბრობდა და საოცრად მღეროდა
დიანა ვაშაყმაძე დაიბადა 1966 წლის 4 ნოემბერს, თბილისში, მათემატიკოსისა და პედაგოგის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორ თამაზ ვაშაყმაძის ოჯახში. მათი ოჯახი წარმოშობით ვანის რაიონიდან იყო. დიანას ბაბუა, სერგო ვაშაყმაძე გახლდათ პედაგოგი-ნოვატორი, რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებელი, მათემატიკაში რესპუბლიკური ოლიმპიადების ჩატარების ინიციატორი. დიანას დედა – ნონა ვასილიევა-ვაშაყმაძე, პროფესიით ბიო–ფიზიკოსია, თსუ-ის პროფესორი.
ტექნიკური საგნების ნიჭი გამოჰყვა სერგო ვაშაყმაძის შვილებსა და შვილიშვილებსაც. მათი დიდი ოჯახის ყველა წევრი გამორჩეულად წარმატებულია თავის პროფესიაში. როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, დიანამ მათემატიკური საგნებისადმი მიდრეკილება ადრეულ ასაკში გამოამჟღავნა, პარალელურად, გატაცებული იყო მუსიკით. ფორტეპიანოს განხრით, ჯერ მე-8 მუსიკალურ სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ „ნიჭიერთა ათწლედში“, სადაც პედაგოგმა სვეტლანა კორსანტიამ აღმოაჩინა მისი ვოკალური მონაცემები.
დიანა ვაშაყმაძემ 1987 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი და ასპირანტურაში ჩააბარა. პარალელურად სწავლა დაიწყო თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. მესამე კურსამდე მისი პედაგოგი იყო თენგიზ ჩაჩავა, შემდეგ – გულიკო კარიაული. კონსერვატორია 1991 წელს დაამთავრა და აქაც ასპირანტურაში ჩააბარა. ვოკალურ ხელოვნებას პროფესორ ნოდარ ანდღულაძის ხელმძღვანელობით ხვეწდა.
კონსერვატორია ახალდამთავრებული ჰქონდა, როცა ფულბრაიტის სამაგისტრო სტიპენდია მოიპოვა და ორი წელი ნიუ-იორკის კონსერვატორიაში (პროფ. მალასის კლასი) სწავლობდა, შემდეგ ოზიმოს ვოკალურ აკადემიაში. 1994-1996 წლებში პროფესიული სწავლების პროგრამა გაიარა ნიუ-იორკის მანჰეტენის სამუსიკო სკოლაში.
სტუდენტობის პერიოდში დიანა წარმატებით გამოდიოდა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე ევროპის სხვადასხვა საოპერო სცენებზე. მისი დებიუტი შედგა ნიუ–იორკში, რ. ვ. უილიამზის ოპერაში „ზღვის მხედრები“.
1996–1997 წლებში მომღერალმა ტოსკანინის ასოციაციის მიერ გამართულ კონკურსში გაიმარჯვა, რამაც შესაძლებლობა მისცა, პროფესიული სრულყოფის მიზნით, მაესტრო კარლო ბერგონცის ჯუზეპე ვერდის აკადემიაში გაეგრძელებინა სწავლა. ამავე წელს გამართა კონცერტები პარმასა და ბუსეტოში. მომდევნო წლებში მომზადების კურსი გაიარა ტურინის აკადემიაში, რასაც მოჰყვა მუშაობა მილანის კონსერვატორიაში პროფესორ ანველტის ხელმძღვანელობით.
დიანა ვაშაყმაძეს ჰქონდა ძლიერი, ყველა რეგისტრში თანაბრად მჟღერი, სავსე ბგერის დრამატული სოპრანო. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ლედი მაკბეტი, აიდა, აზუჩენა (ჯუზეპე ვერდის “მაკბეტი”, “აიდა”, “ტრუბადური”); ტურანდოტი (ჯ. პუჩინის “ტურანდოტი”); იზოლდა (რ. ვაგნერის “ტრისტანი და იზოლდა”) და სხვ. ნამღერი აქვს სოლო-პარტიები ოპერებში: ვაგნერის „ზიგფრიდი“, როსინის „კონკია“, მასკანის „სოფლის პატიოსნება“; წარმატებით გამოდიოდა მსოფლიოს მრავალ ცნობილ საოპერო სცენაზე. მათ შორის იყო: მილანი, ბარსელონა, სანტიაგო, ციურიხი, ლეიპციგი, ბერლინი, პიზა, კალიარი, ვიში, ვენა, ვექსფორდი, თბილისი, ვაშინგტონი, ნიუ- იორკი…
2003 წელს მომღერალი სანტიაგოს (ჩილე) მსმენელთა წინაშე წარსდა. ამავე წელს ირლანდიაში მონაწილეობა მიიღო ენრიკეს გრანდორის ოპერის „მარია დელ კარმენის“ პირველ შესრულებასა და ჩაწერაში (მარია დელ კარმენის როლში). აქვე გამართა კონცერტებიც, რომლებზეც უმთავრესად ვაგნერის მუსიკა შეასრულა. გერმანული კამერული მუსიკა და განსაკუთრებით ვაგნერი გამორჩეულად უყვარდა.
სამშობლოში დიანას შემოქმედებას ნაკლებად იცნობენ. იგი ერთადერთხელ, 2005 წელს წარდგა ქართველი მაყურებლის წინაშე აიდას პარტიით ჯუზეპე ვერდისოპერაში “აიდა”.
დიანა ვაშაყმაძე განათლებული, ნიჭიერი, მაღალი კულტურისა და ინტელექტის პიროვნება იყო. მის არსებაში განუყოფლად ერწყმოდა ერთმანეთს ფიზიკა, მათემატიკა, კოსმოლოგია, მუსიკა, სიმღერა, პოეზია თუ მხატვრობა… იგი შვიდ ენაზე საუბრობდა და წერდა, თარგმნიდა იტალიური ოპერების ტექსტებს და თავადაც წერდა ლექსებს (რამდენიმე ენაზე).
აღსანიშნავია მისი სამეცნიერო მოღვაწეობა. იგი ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა მათემატიკასა და თეორიულ ფიზიკაში. ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო კვანძთა თეორიის გამოყენება ელემენტარული ნაწილაკების აღსაწერად. მიღებული აქვს 3 პატენტი. 2000 წელს თბილისში გამოიცა მისი ნაშრომი: „Same Problems of Particle Physics According to the Topological Models of Three-dimensional Manifolds“ (Tb., 2000).
2009 წელს დიანა დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
ნიჭიერი მომღერალი და მეცნიერი, სამწუხაროდ, განუკურნებელი სენით დაავადდა და 2011 წლის 14 მაისს, თბილისში, 44 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დიანა ვაშაყმაძე 1997 წ. გათხოვდა იტალიელ ვიოლონჩელისტსა და დირიჟორზე ავგუსტო ვერონეზეზე. ძირითადად მილანში ცხოვრობდნენ. მათ ჰყავთ ვაჟი –ლეონარდო. ის ქართულადაც საუბრობს. ავგუსტოს ზაფხულობით ბავშვი საქართველოში, კასპის რაიონის, სოფ. ახალქალაქში ჩამოჰყავს და ის დროს ნათესავებთან ატარებს.