რაინერ ნილვაკი – ბიზნესმენი, რომელმაც ესტონეთი ნაგვისგან გაწმინდა
ესტონელმა მეწარმემ, ბუნების დამცველმა, სპორტსმენმა, რაინერ ნილვაკმა საკუთარი მაგალითით დაამტკიცა: ბიზნესმენებს შეუძლიათ არა მხოლოდ გამოიმუშაონ ფული, არამედ გახადონ სამყარო უკეთესი. მან დააარსა დიდი საინფორმაციო პორტალი Delfi, დააარსა კომპანია Microlink Baltics და Celecure. გარდა ამისა, ნილვაკი ბუნების ესტონური ფონდის მმართველთა გუნდშია.
საწყის ეტაპზე ის და მისი გუნდი იმ ადამიანთა სიას ადგენდა, რომელთაც ნაგავთან საბრძოლველად გვერდით დაიყენებდნენ. სიაში ნაცნობების, მეგობრების და ნათესავების სახელები მოხვდა. ყველა მათგანს რაინერი თავად ურეკავდა და ეკითხებოდა, შეებრძოლებოდნენ თუ არა ამ ეკოლოგიურ პრობლემას მასთან ერთად. ერთის გარდა, სიის ყველა წევრმა, ნილვაკთან ერთად, ბოლომდე დაიწყო ბრძოლა.
რაინერი მართალი აღმოჩნდა. მისი ენთუზიაზმის საპასუხოდ, ხალხმა რაღაც საკუთარიც დათმო. ერთმა ქალბატონმა დამსაქმებლისგან ნაჩუქარი ორკვირიანი საგზურიც კი „გაწირა“. 650 მოხალისე, მთელი ესტონეთის მასშტაბით, რაინერის ხელმძღვანელობით, ანაზღაურების გარეშე მუშაობდა. ყველაზე მეტი საკუთარ თავზე მაინც ნილვაკმა იტვირთა.
“ჩვენ მივდიოდით საუკეთესო ადვოკატებთან და ვეუბნებოდით: ვფიქრობთ, რომ თუკი თქვენ საუკეთესო თანამშრომლებს გამოგვიყოფთ, ჩვენ შევძლებთ ესტონეთი ნაგვისგან დავიხსნათ. თანხმობის მიღების შემდეგ ჩვენ მივდიოდით ჟურნალისტებთან და ვთავაზობდით, ამის შესახებ სიუჟეტი გაეკეთებინათ. ყოველ შაბათს ჩვენ ვხვდებოდით და ნაგავსაყრელების რუკებს ვადგენდით. ჩვენი საერთო ჩათი “სკაიპში” შვიდი თვის განმავლობაში შეუჩერებლად მუშაობდა. თუკი ვინმე ავად ხდებოდა, მაშინ სხვას ღამეების თენება უწევდა”,- იხსენებს ნილვაკი.
2008 წლის სამ მაისს აქციაზე, რომელსაც „Letʼs Do It!“ ეწოდა, 50 000 ადამიანი მივიდა. ეს ერთი იდეით შეპყრობილი ხალხი იყო. მათ არ ჰქონდათ პოლიტიკური ლოზუნგი და აგრესია, მათ უბრალოდ უნდოდათ, საკუთარი სამშობლო უკეთესი გაეხადათ. იმ დღეს, ესტონეთის მასშტაბით, 10 ათასი ტონა ნაგავი მოგროვდა. რაინერისთვის სრულიად მოულოდნელად, აქციის ამბავი ვირუსივით გავრცელდა. მას მთელი მსოფლიოდან ურეკავდნენ, რათა გაეგოთ, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს ის, რაც ესტონეთში სამ მაისს მოხდა.

12 წლის წინ რაინერს სურდა, პოლიეთილენის პარკებისგან ტყე და ქალაქის ქუჩები გაესუფთავებინა, შედეგად კი, მსოფლიოში ეკოლოგიური აქცია გავრცელდა. ყოველწლიურად, ესტონელები, გაზაფხულის დადგომასთან ერთად, უკვე რაინერის გარეშე, ე.წ. შაბათობას აწყობენ: ალაგებენ ნაგავს, ღებავენ საბავშვო ბაღების კედლებს და მცირედით აკეთილშობილებენ გარემოს.