დავით ჭავჭავაძის ბრძოლა შამილის რაზმებთან და დარბევისას დაღუპული ახალშობილი
პოეტ ალექსანდრე გარსევანის ძე ჭავჭავაძესა (1786–1846) და მის მეუღლეს, სალომე ივანეს ასულ ორბელიანს (1795–1846) 4 შვილი ჰყავდათ. მათი ვაჟი, დავით ჭავჭავაძე, თავის დებზე, ნინოსა და ეკატერინეზე უმცროსი, მაგრამ სოფიოზე უფროსი იყო. იგი 1818 წლის 15 აგვისტოს დაიბადა კახეთში, სოფელ წინანდალში. მამის მსგავსად, დავითმაც იმთავითვე სამხედრო კარიერა აირჩია ცხოვრების საქმედ. განათლება სანქტ-პეტერბურგის გვარდიის პოდპრაპორშჩიკთა სკოლაში მიიღო და 1834 წლიდან დაიწყო რუსეთის არმიაში სამსახური ლაიბ-გვარდიის ულანთა პოლკში უნტერ–ოფიცრად (არაუფლებამოსილი ოფიცერი); 1839 წელს 21 წლის ასაკში ოფიცრობა უბოძეს და იგი, როგორც მედროშე ოფიცერი, კავკასიელთა უშიშარ კორპუსთან ერთად მიავლინეს ჩრდილო კავკასიის მუსულმანური ტომების წინააღმდეგ საბრძოლველად.
1840 წელს დავით ჭავჭავაძე ნიჟნი-ნოვგოროდის ქვეითთა პოლკში გადაიყვანეს; იგი ამავდროულად, ფსკოვის კირასირთა პოლკშიც მსახურობდა (1839–1840); იმავე წელს კავკასიაში გააგზავნეს, სადაც გენერალ-მაიორ ნ. რაევსკის რაზმში ჩაირიცხა; 1843 წლიდან მონაწილეობდა დაღესტნელი იმამ-შამილის (ლეკი პარტიზანების საველე მეთაური) წინააღმდეგ მიმართულ გენერალ–ადიუტანტ ალ. ნეიგარდტის ექსპედიციაში.
1844 წელს დავით ჭავჭავაძემ შტაბს-კაპიტნის ჩინი მიიღო და კახეთის ცხენოსანთა მილიციის მეთაურად დაინიშნა; 1847 წელს მას უკვე კაპიტნის წოდება აქვს და კავკასიის ცალკე კორპუსის მეთაურის მ. ს. ვორონცოვის ადიუტანტია; 1851 წელს კაპიტანი ჭავჭავაძე პირად მცველთა ლაიბ-გვარდიის გრენადერთა პოლკში გადაიყვანეს, ხოლო, 1854 წელს კავალერიის ლეიტენანტ-პოლკოვნიკი გახდა.
1854 წელს, ყირიმის ომის (1853-1856) დროს, დავით ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა კახეთის დაცვას შამილის რაზმების თავდასხმებისაგან და თავი გამოიჩინა შილდის დაცვისას (1854 წ., ივლისი), რისთვისაც მიენიჭა პოლკოვნიკ–ადიუტანტის ტიტული. როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, ამავე წელს მან განსაკუთრებული დამსახურებისთვის მეფის ფლიგელ-ადიუტანტობაც მიიღო; სწორედ ყირიმის ომის დროს ჭავჭავაძეების ოჯახს თავს დიდი ტრაგედია დაატყდა. შამილის მარბიელი რაზმები 1854 წლის 4 ივლისს მოულოდნელად დაესხნენ თავს და გადაწვეს დავითის მამული წინანდალში, ხოლო, მისი მეუღლე და შვილები ტყვედ აიყვანეს. მათ, აგრეთვე, დაატყვევეს ელენე ორბელიანი–დავითის ცოლისდა და მისი ვაჟი, რომლებიც იმხანად ჭავჭავაძეებს სტუმრობდნენ; მათ რამდენიმე მსახურიც მიაყოლეს. დარბევის დროს დავით ჭავჭავაძის უმცროსი შვილი, რამდენიმე თვის ლიდია დაიღუპა.
ტყვეების სანაცვლოდ შამილი მოითხოვდა, რომ გაეთავისუფლებინათ მისი უფროსი ვაჟი, ჯამალ ედ–დინი, რომელიც რუსებმა 1839 წელს ექვსი წლის ასაკში მძევლად აიყვანეს. იმ დროისათვის იგი უკვე ოც წელს მიღწეული ახალგაზრდა იყო და რუსეთის არმიაში ლეიტენანტად მსახურობდა. ჯამალ ედ-დინი სანკტ-პეტერბურგში აღიზარდა და მისი ოჯახისა და ისლამის მიმართ საკმაოდ გაუცხოებულად გრძნობდა თავს. შამილმა გათვალა, რომ ტყვეების აყვანის ეს სასოწარკვეთილი აქცია შვილის დაბრუნებაში დაეხმარებოდა, რადგან დავით ჭავჭავაძე რუსეთის არმიის დამსახურებული ოფიცერი იყო და ჭავჭავაძეებს რუსეთის მთავრობასთან შესანიშნავი დამოკიდებულება ჰქონდათ.
ამ ამბავმა მთელი ქვეყანა შეძრა. მოლაპარაკებებმა, ორივე მხარის წარგზავნილებს შორის, თითქმის ცხრა თვეს გასტანა. უნუგეშო დავითი შამილს წერილებით უკავშირდებოდა და ოჯახის განთავისუფლებას ევედრებოდა. იგი პირადად ეახლა რუსეთის ხელმწიფეს და შუამავლობა სთხოვა. საბოლოოდ, ნიკოლოზ I ჯამალ ედ-დინისა და სხვა 16 მთიელი ტყვის განთავისუფლებას დათანხმდა; მან აგრეთვე უზრუნველყო გამოსასყიდი 35.000 ვერცხლისა და 5.000 ოქროს ფულის ოდენობით. ტყვეების გაცვლა 1855 წლის 10 მარტს მდინარე მიჩიკის მიმდებარე მინდორში შედგა.
1856 წელს დავით ჭავჭავაძე ტფილისის ეგერთა პოლკში გადაიყვანეს; 1861 წ. 24 სექტემბრიდან იგი გენერალ-მაიორი გახდა და იმპერატორის ამალაში ჩაირიცხა, თუმცა, ამავე დროს კვლავ განაგრძობდა სამხედრო სამსახურს კავკასიის არმიაში.
ხანგრძლივი სამხედრო კარიერის მანძილზე დავით ჭავჭავაძეს მრავალი ჯილდო ჰქონდა მიღებული. მათ შორის: წმ. ანას III (1849) და მეორე ხარისხის (1854 წ.), წმ. ვლადიმერის მესამე ხარისხის, წმ. სტანისლავის III და პირველი ხარისხის (1866 წ.) ორდენები.
ალექსანდრე ჭავჭავაძის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ წინანდლის მამულის მემკვიდრე დავითი გახდა. მან ოჯახური საქმეების მართვა და საგვარეულო ტრადიციების გაგრძელება გადაწყვიტა, მაგრამ მისი სამეწარმეო საქმიანობა წარუმატებელი აღმოჩნდა. მამამისის, ალექსანდრეს მსგავსად დავითი ბანკებიდან სესხს იღებდა, რათა ოჯახური მეურნეობა დაეფინანსებინა, მაგრამ არ გაუმართლა და ბანკების ვალებში აღმოჩნდა. ამის შედეგი იყო, რომ, საბოლოოდ, დავითის პირადი ქონების მართვაში რუსეთის მონარქია ჩაერია: წინანდლის მამულის ძირითადი ნაწილი რუსეთის მთავრობას გადაეცა, ხოლო ჭავჭავაძეების საგვარეულო მიწები გაიყიდა.
დავით ჭავჭავაძე 1846 წელს დაქორწინდა ერეკლე II-ის შვილიშვილზე, გიორგი XII–ის ვაჟის ილია ბატონიშვილისა და ანასტასია ობოლენსკაიას ასულ ანა გრუზინსკაია– ბაგრატიონზე (1822-1905). ანა რუსეთის სამეფო კარის ფრეილინა, ევროპული განათლების კვალობაზე აღზრდილი ქალი იყო. ჩინებულად იცოდა ფრანგული ენა და კარგად ცეკვავდა. დავითზე გათხოვების შემდეგ იგი განაგებდა ჭავჭავაძეების სალონს, რომელიც ძველებურად რჩებოდა თბილისის არისტოკრატიის თავშეყრის უპირველეს ადგილად.
ანას და დავითს 11 შვილი შესძენიათ – რვა ქალიშვილი: სალომე, მარიამი, თამარი, ელენე, ანასტასია, ნინო (ელისაბედი და ლიდია პატარაობაშივე გარდაიცვალნენ) და სამი ვაჟი (ალექსანდრე, ილია და არჩილი). ანა ერთგული ცოლი და დედა აღმოჩნდა და საქმესაც კარგად უძღვებოდა. ამავე დროს იგი ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას. 1867 წელს მან თელავში პირველი ქალთა სკოლა დააარსა, ხოლო ორ წელიწადში მსგავსი სკოლა წინანდალშიც გახსნა.
დავით ჭავჭავაძე 1884 წლის 15 ნოემბერს თბილისში გარდაიცვალა. იგი კახეთში, შუამთის დედათა მონასტერშია დაკრძალული.