კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, კლინიკაში მომუშავე ექიმმა საკუთარი კოლეგა დაჭრა, რომელსაც ახლა სამედიცინო დახმარება უტარდება.
როგორც “კვირასთვის” გახდა ცნობილი, დაჭრილია დაწესებულების ხელმძღვანელი, გენერალური დირექტორი, დერმატო-ვენეროლოგი გიორგი გალდავა.
თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელმა კოლეგას ჭრილობები ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით, ხელისა და მუცლის არეში მიაყენა.
მიმდინარეობს სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები. არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ დამნაშავემ შემთხვევის ადგილი დატოვა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.