ბრაზილიაში თავის ქალით შერწყმული სიამის ტყუპები წარმატებით დააშორეს
ბრაზილიაში ექიმებმა სიამის ტყუპების დაცალკევება მოახერხეს, რომლებიც ერთმანეთს თავის ქალებით იყვნენ შერწყმულნი (ე.წ. კრანიოპაგები). ოპერაციისთვის მზადება მიმდინარეობდა ვირტუალური რეალობის ფართო გამოყენებით. სამი წლის ბერნარდო და არტურ ლიმები რიო-დე-ჟანეიროში დააცალკევეს.
ექიმებმა ერთი თვე დახარჯეს იმაზე, რომ ყველაზე უსაფრთხო გზა მოეფიქრებინათ მათ დასაშორებლად, ისინი ჰიპოთეზებს ბიჭების ვირტუალური რეალობის მოდელებზე ამოწმებდნენ, რომლებიც კომპიუტერული ტომოგრაფიის და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის საფუძველზე იყო შექმნილი.
ქირურგმა, ნურ ულ ოვასე ჯილანიმ ოპერაციას „კოსმოსური ერის პროდუქტი“ უწოდა. მან თქვა, რომ ქირურგები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებოდნენ, ერთად მუშაობდნენ ერთსა და იმავე „ვირტუალური რეალობის ოთახში“.
ექიმმა ჯილანმა აღნიშნა, რომ ვირტუალურმა რეალობამ ქირურგებს მისცა საშუალება, რამდენჯერმე წინასწარ ჩაეტარებინათ ოპერაცია და ბავშვები საფრთხეში არ ჩაეგდოთ.
თავად ჯილანმა საოპერაციოში 27 საათი გაატარა და მხოლოდ 4-ჯერ შეისვენა 15 წუთით, რათა საჭმელი ეჭამა. დაცალკევების შემდეგ ბერნარდოსა და არტურს უეცრად გაეზარდათ არტერიული წნევა და პულსი. ეს ყველა სიამის ტყუპს ემართება დაცალკევების შემდეგ, მაგრამ ოთხი დღის მერე ისინი კვლავ ერთ პალატაში აღმოჩნდნენ, მათ საშუალება მისცეს ერთმანეთისთვის ხელი ჩაეკიდათ, რის შემდეგაც მათი მონაცემები დასტაბილურდა. ტყუპები კარგად გრძნობენ თავს. სამომავლოდ მათ 6-თვიანი რეაბილიტაციის გავლა მოუწევთ.
ექიმი ჯილანი კლინიკა Gemini Untwined -ის დამაარსებელია, რომელშიც მან უკვე ჩაუტარა ოპერაცია ტყუპებს პაკისტანიდან, სუდანიდან, ისრაელიდან და თურქეთიდან.
ტყუპების მშობლებმა ისინი რიო-დე-ჟანეიროში ორწელიწად-ნახევრის წინ ჩაიყვანეს. ამ დროის განმავლობაში, მათ იქ აკვირდებოდნენ.