ვინ იყო ქართველი ქირურგი, რომელმაც გულში ტყვიით დაჭრილი ადამიანი გადაარჩინა
მსოფლიო კარდიოქირურგიის ერთ–ერთი პიონერი იუსტინე იულიანეს ძე ჯანელიძე დაიბადა 1883 წლის 2 აგვისტოს, სამტრედიაში. 1903 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. 1900 წელს ჩააბარა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, საიდანაც 1905 წელს გარიცხეს რევოლუციურ–სტუდენტურ მოძრაობებში მონაწილეობისათვის. სამედიცინო განათლების მიღება შვეიცარიაში, ჟენევის უნივერსიტეტში დაასრულა და იქვე 1909 წელს ფრანგულ ენაზე დაიცვა დისერტაცია ონკოლოგიაში. 1910 წელს რუსეთში დაბრუნებულს მოსკოვის უნივერსიტეტმა „წარჩინებული მკურნალის“ წოდება მიანიჭა. 1911-1914 წლებში მუშაობდა პეტერბურგის ქალთა სამედიცინო ინსტიტუტში ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრაზე. 1911-1912 წლებში ღია გულზე ჩატარებულ ოპერაციებში ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ქირურგმა იმ დროისთვის წარმატების არნახულად მაღალ მაჩვენებელს – 27 პროცენტს მიაღწია. ეს მაჩვენებელი აბსოლუტურად უნიკალურია იმდროინდელ მსოფლიოში, როცა ღია გულზე ჩატარებული ოპერაციების წარმატების მაჩვენებელი 5%-ს არ აღემატებოდა.
იუსტინე ჯანელიძის, როგორც მუშა გულზე პირველი ოპერაციის ჩამტარებელი ქირურგის სახელი მსოფლიოს ყველა ენციკლოპედიასა და თანამედროვე სახელმძღვანელოშია შეტანილი. მან 1913 წლის 27 ოქტომბერს სანქტ–პეტერბურგში წარმატებით გაკერა აორტის აღმავალი რკალის ჭრილობა (უბრალო ენით რომ ვთქვათ, მან პირველად დედამიწის ზურგზე შეძლო შიგ გულში ტყვიით დაჭრილი და აორტაგაგლეჯილი ადამიანის გადარჩენა).
1914 წელს იუსტინე ჯანელიძე გაიწვიეს არმიაში. მუშაობდა სამხედრო–საველე სანიტარული მატარებლის ჯერ უმცროს, შემდეგ უფროს ექიმად. 1918 წელს დემობილიზაციის შემდეგ იგი დაუბრუნდა კლინიკას, საიდანაც გადავიდა პეტროგრადის სამედიცინო ინსტიტუტში. 1921 წელს დაამტკიცეს პროფესორად და ჩააბარეს საერთო ქირურგიის კათედრა. 1927 წელს კონკურსის წესით აირჩიეს ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის გამგედ. ამ თანამდებობაზე მან 16 წელი იმუშავა.
იუსტინე ჯანელიძემ 100-ზე მეტი სამეცნიერო შრომა გამოაქვეყნა ზოგადი და აღდგენითი ქირურგიის, ტრავმატოლოგიის და გულის ქირურგიის საკითხებში. განსაკუთრებული წვლილი შეიტანა კლინიკური ქირურგიის განვითარებაში. გულის ჭრილობების ქირურგიული მკურნალობის გამოცდილება გადმოსცა მონოგრაფიაში “გულის ჭრილობები და მათი ქირურგიული მკურნალობა” (1927 წ.). დიდ ყურადღებას აქცევდა მუცლის ღრუს ორგანოების ქირურგიულ დაავადებებს, განსაკუთრებით მწვავე აპენდიციტისა და ნაწლავების გაუვალობას. პრაქტიკაში შემოიტანა მსხვილი სისხლძარღვების ანევრიზმის ქირურგიული მკურნალობის მეთოდები, ამპუტაციისას ბარძაყის საყრდენი ტაკვის შექმნის ოპერაცია (ჯანელიძის ამპუტაცია), მხარის ამოვარდნილობის, იდაყვის ძვლის თავის ჩვეული ამოვარდნილობის ჩასწორების ორიგინალური მეთოდი. რიგი მისი შრომებისა ეძღვნება კანის გადანერგვასა და პლასტიკურ ოპერაციებს. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა გულისა და მსხვილი სისხლძარღვების ქირურგიის პრობლემების დამუშავებას, დამწვრობების მკურნალობის საკითხებს. მის პატივსაცემად 50-მდე სამედიცინო მანიპულაციას დღესაც მათი პირველაღმომჩენისა და პრაქტიკაში დამნერგავის სახელი ეწოდება.
1932 წელს იუსტინე ჯანელიძის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ლენინგრადის სასწრაფო დახმარების ინსტიტუტი, რომელიც 1950 წლიდან მის სახელს ატარებს. ამავე პერიოდში იგი აირჩიეს ქალაქ ლენინგრადის გადაუდებელი ქირურგიის საბჭოს თავმჯდომარედ. 1939 წელს კი დაინიშნა სსრკ სამხედრო საზღვაო ფლოტის მთავარ ქირურგად.
დიდი სამამულო ომის დაწყების პირველივე თვეებიდან იუსტინე ჯანელიძე მთელ ძალასა და ენერგიას ახმარდა დაჭრილებისთვის ქირურგიულ დახმარებას. სამხედრო-საზღვაო ნაწილებში ქმნიდა სამკურნალო–საევაკუაციო უზრუნველყოფის დანაყოფებს. თავისი გამოცდილებით უშუალოდ ეხმარებოდა სხვა ქირურგებსაც გულის, მსხვილი სისხლ–ძარღვების ქირურგიასა და დამწვრობის მკურნალობაში. ეს პერიოდი ყველაზე პროდუქტიული იყო მის მოღვაწეობაში. 1943 წელს სათავეში ჩაუდგა ლენინგრადის სამხედრო–სამედიცინო აკადემიის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრას, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.
1944 წელს იუსტინე ჯანელიძე დაამტკიცეს სსრკ სამედიცინო აკადემიის პირველი შემადგენლობის ნამდვილ წევრად. ერთი წლის შემდეგ მიანიჭეს სოციალისტური შრომის გმირის წოდება. 1946 წელს აირჩიეს ქირურგთა საკავშირო საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარედ და სიცოცხლის ბოლომდე ასრულებდა ამ მოვალეობას. მინიჭებული ჰქონდა პირველი ხარისხის სტალინური პრემია სამეცნიერო შრომისათვის “ნატყვიარი წარმოშობის ბრონქიალური მილები”. დაჯილდოებული იყო ლენინისა და წითელი დროშის ორდენებით, ასევე მედლებით.
მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ქირურგები დღესაც წარმატებით იყენებენ იუსტინე ჯანელიძის მიერ დანერგილ მეთოდებს. სახელოვანი მეცნიერი საუკეთესო პედაგოგიც იყო. კარგად ეხერხებოდა ახალგაზრდა კოლეგებისათვის რთული მეცნიერული ფორმულირების მკაფიოდ ახსნა. სანქტ–პეტერბურგის სამედიცინო ინსტიტუტში დღესაც გაიცემა იუსტინე ჯანელიძის ორი სტიპენდია.
ღვაწლმოსილი ქირურგი 1950 წლის 14 იანვარს ლენინგრადში გარდაიცვალა. მთელი ქალაქი გლოვამ მოიცვა. შვიდ კილომეტრზე გადაჭიმულმა სამგლოვიარო პროცესიამ ლენინგრადის ვოლკოვის მემორიალურ სასაფლაომდე ფეხით მიაცილა და 17 იანვარს მენდელეევისა და პიროგოვის საფლავებს შორის მიაბარა მიწას.